ზაურ ნაჭყებია: ზუგდიდელებო, ჩასაფრებულ პროვოკატორებს ნუ ვათქმევინებთ, რომ „მეგრელები ყველაფერს იკადრებენ“!
ღია ბარათი ზუგდიდელ ამომრჩევლებს
მოგესალმებით იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში ზუგდიდზე „გამოსათხოვარი ნეკროლოგის“ დაწერა არ დამჭირდება. არადა, როგორც ამბობენ, ამის რეალური საშიშროება არსებობს. ღმერთმა ნუ ქნას, მავანთა ავანტიურისტული ჩანაფიქრი აღსრულდეს, თორემ, სამეგრელო სამარცხვინო იარლიყს ვერ გადაურჩება!
ღირსიც ვიქნებით!
თბილისში უკვე „სისინებენ“, რომ „მეგრელები ყველაფერს იკადრებენ“. ეს სიტყვები არა მარტო პირად საუბრებში ისმის, არამედ, საჯარო სივრცეშიც გამოკრთა და სამწუხაროდ, პასუხი არავის გაუცია.
ვერც მე გავბედე პასუხის გაცემა, რადგან, დანამდვილებით არ ვიცი, ისეთი რა უბედურება სჭირს ჩემს კუთხეს და მართლა აიღებენ თუ არა ხელს ნამუსზე ვიღაცის და რაღაცის ჯინაზე!
საარჩევნო ფინიშს რაც მეტად ვუახლოვდებით, მით უფრო მიძლიერდება ეჭვი, რომ ზუგდიდში სანდრა რულოვსმა შეიძლება გაიმარჯვოს. იმასაც ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად დაუყენა საპირწონედ მას სუსტი კანდიდატი!..
ბატონ ედიშერ თოლორაიას არაფერს ვერჩი, ზუგდიდელებზე მეტად არც მისი სუსტი და ძლიერი მხარეები ვიცი, მაგრამ, რადგან სანდრა რულოვსის გამარჯვების უტყუარ მიზეზად მის კანდიდატურას ასახელებენ, შემიძლია ვივარაუდო, რომ შორსგამიზნულ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე!
ვისი მხრიდან, ამის დაკონკრეტება, ალბათ, საჭირო არ არის.
გვინდა, არ გვინდა, სანდრა რულოვსი მაინც შედის პარლამენტში, როგორც „ნაცმოძრაობის“ რიგით მეორე ნომერი და ეს ჩემთვის ტრაგედია არ არის, მაგრამ, ტრაგედია გახდება მაშინ, თუ ამას ზუგდიდელები გააკეთებენ და ექს-პირველი ლედი, რომელზეც საზოგადოების მხრიდან სერიოზული ბრალდებები ისმის, სამეგრელოს ცენტრის - ზუგდიდის „სახე“ გახდება.
ნუთუ არ გიფიქრიათ, რატომ მაინც და მაინც სამეგრელო აირჩია საჯილდაოდ ქალბატონმა სანდრამ?!
იმიტომ ხომ არა, რომ მეგრული ღომი და ელარჯი ძალიან უყვარს და მეგრულ მელოდიასაც „გაუსინჯა“ გემო, თუ იმიტომ, რომ სამეგრელო ყველაზე „ტოლერანტული“ აღმოჩნდა იმ დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ, რომლის სათავეშიც სანდრას ქმრად წოდებული მიხეილ სააკაშვილი იდგა და თვით ექს-პირველი ლედის როლი დღემდე შეფასებულიც არ არის?!
თუ მისი მხრიდან კუთხის სიყვარულზე მიდგება საქმე, წესით და კანონით, საასპარეზოდ იმერეთი უნდა აერჩია, რადგან მისი ყმაწვილქალობა სწორედ იმერეთს უკავშირდება, მაგრამ ქუთაისს და ქუთათურებს ეს ვერ გაუბედა. ჩვენ კი „დაბალ ღობედ“ დაგვიგულა და ახლა იმაზე მარჩიელობაში უნდა დაგვაწყდეს ნერვები, შავად ხომ არ გაგვითენდება 9 ოქტომბერი და გაგიჟდება თუ არა საბოლოოდ ჩემი სამეგრელო!!!
მე პირადად სანდრა რულოვსის დანაშაულებრივ წარსულზე ვერაფერს ვიტყვი, ამის დამტკიცება სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივაა, მაგრამ დანაშაულებრივი რეჟიმის ექს-პირველი ლედობაც საკმარისია იმისთვის, რომ სამეგრელოში მისი მხარდაჭერა კუთხის ისტორიული ღირსების შელახვად შევაფასო.
მე არ ვყოფ ქვეყანას ჩემიანებად და სხვისიანებად, არც ჩემი კუთხის განსაკუთრებულობას ვიჩემებ, მაგრამ მეამაყება, რომ იმ კუთხის შვილი ვარ, რომლის ფუნდამენტზეცაა დაშენებული დანარჩენი საქართველო!
ხმას არ ამოვიღებდი, საქმე მარტო სანდრა რულოვსის არჩევა-არარჩევას რომ ეხებოდეს (როგორც ვთქვი, მას ისედაც გარანტირებული აქვს დეპუტატობა), აქ უფრო ღრმა ინტრიგაა ჩადებული, რასაც არ, ან ვერ ვაცნობიერებთ - ვიღაც ძალიან დაინტერესებულია სამეგრელოს (ზუგდიდი მთლიან სამეგრელოსთან ასოცირდება) მოსახლეობას ნახირის, ხოლო კუთხეს მოღალატის იარლიყი მიაკეროს!
ნუ დამიწყებთ ახლა კოჰაბიტაციით თუ დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობის შეხსენებით მანიპულირებას, - ეს ზოგადი პრობლემაა და ამაზე საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა იფიქროს!
ნუთუ არაფერს გეუბნებათ არჩევნების წინ გოგა ხანდრავას მრავალსერიანი ფილმის „heroკრატიას“ საჯარო ჩვენებაც? თუ ფილმის შემკვეთ-ორგანიზატორების კომენტარებს ვერწმუნებით, ამით მათ საზოგადოებას შეახსენეს 9-წლიანი „ნაციონალური“ რეჟიმის სისასტიკე და ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქრეს, თუ რა ჯოჯოხეთი ელოდებათ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში! (ფილმი რად გინდათ, სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი უკიდურესი სისასტიკის ამსახველი ფირები უკვე დაგავიწყდათ?!)
„heroკრატია“-ზე საკუთარი ნეგატიური პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თქვენი განწყობის გამამართლებელ არგუმენტად არ გამოდგება - პირიქით, თქვენს წინააღმდეგ მუშაობს...
ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. მე არ დავმალავ, რომ სამეგრელოს და მეგრელებისადმი ცინიკური განწყობა სანდრა რულოვსისადმი ზუგდიდელების დამოკიდებულების გამო აქა-იქ უკვე იგრძნობა!
ეს განწყობა ჯერ კიდევ „ლაითია“, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ზუგდიდი შეცდეს, ცინიზმი აშკარა შეურაცხყოფაში გადაიზრდება და არ გამოვრიცხავ, სერიოზული დაპირისპირების საფუძველიც გახდეს!
ძვირფასო ზუგდიდელებო, მოგიწოდებთ, სერიოზულად დაფიქრდით და ჩასაფრებულ მავანთ ნუ ვათქმევინებთ, რომ „მეგრელები ყველაფერს იკადრებენ“!
P.S. ზუგდიდს ძალიან ბევრი გამორჩეული (სახელმწიფოებრივი რანგის) ადამიანი გაუზრდია. მადლობა ღმერთს, დღესაც არ აკლია ავტორიტეტები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ხმა ჯერჯერობით არ ისმის.
რატომ?
P.S.P.S დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი ხელდასხმით ფრიად საინტერესო წიგნი გამოვიდა: „ზუგდიდი - ისტორია და თანამედროვეობა“. წიგნი ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ღრმა პროფესიონალიზმით და რუდუნებითაა დაწერილი. ჩემდა საბედნიეროდ, იქ არ შემხვედრია ცოტნეს წინაპრებისა თუ მისი შთამომავლების დაცემის ისტორია. პირიქით, მოზომილად და ობიექტურადაა ასახული დიდი კოლხეთის (რომლის ცენტრადაც დღეს ზუგდიდი ითვლება) ღვაწლი საქართველოს მრავალტანჯული ისტორიის ფუნდამენტის შექმნასა და მის გაძლიერებაში.
უმორჩილესად გთხოვთ, სულს ნუ წაიწყმიდავთ!!!