ზაურ ნაჭყებია: ვინც ცეცხლს ეთამაშება, ცეცხლშივე შთაინთქმება!
ღია წერილი ზუგდიდელ ინტელიგენციას
ბატონებო და ქალბატონებო:
ამ რამდენიმე დღის წინ „ივერიონის“ ვებ-გვერდზე ღია წერილით მივმართე ზუგდიდელ ამომრჩევლებს („ზაურ ნაჭყებია: ზუგდიდელებო, ჩასაფრებულ პროვოკატორებს ნუ ათქმევინებთ, რომ „მეგრელები ყველაფერზე მოაწერენ ხელს!“ http://iverioni.com.ge/16239-zaur-natcyebia-zugdidelebo-chasafrebul-provokatorebs-nu-vathqmevinebth-rom-megrelebi-yvelafers-ikadreben.html). საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სტატია სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა და იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე წარმომედგინა. სამწუხაროდ, კომენტარებში ზუგდიდელი „ნაღები“ ინტელიგენციის წარმომადგენლები ვერ ვიხილე, რამაც ძალიან ამაფორიაქა და დამაეჭვა.
მათ, ვისაც ზემოთ ხსენებული სტატია არ წაუკითხავს, შევახსენებ, რომ საქმე ეხება ექს-პირველ ლედის სანდრა რულოვსის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას ზუგდიდის რაიონში ყველა მისთვის მოსალოდნელი შედეგებით...
სტატიაში ზუგდიდელი ამომრჩევლის ყურადღებას ვამახვილებდი იმ საშიშროებაზე, რაც რეალურად შეიძლება მოჰყვეს ადგილობრივი მოსახლეობის „აცუნდრუკებას“ (ჯიბრზე წასვლას) და გამოუსწორებელ შეცდომად იქცეს!
ნიშანდობლივია, რომ კომენტარებში არამეგრელი წარმოშობის ადამიანები უფრო აქტიურობდნენ - ისინი ღიად მიანიშნებენ, რომ ზუგდიდელების მხრიდან სანდრა რულოვსის გადეპუტატება არა მარტო სამეგრელოს სირცხვილი იქნება, არამედ, ცენტრსა და რეგიონს შორის დაპირისპირების რეალური საფუძველი შეიძლება გახდეს!!!
ასე მაგალითად, ქალბატონი მზეო ჯანელიძე ძალიან შორს მიდის და ღიად აფიქსირებს, რომ თუ სამეგრელომ არ გააცნობიერა, „საქართველო უომრად არ დათმობს სამეგრელოს“. სხვათაშორის, ამ კერძო შემთხვევას მკითხველის სამსჯავროზე არც გამოვიტანდი, ქალბატონ მზეოს თანამოაზრეები რომ არ ჰყავდეს.
„რულოვსის ზუგდიდიდან გადეპუტატება ვერაგული ჩანაფიქრია სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს დასაპირისპირებლად. ეს ემსახურება კიდევ უფრო შორეულ მიზანს - სამეგრელოს მოწყვეტას საქართველოსგან.
ოქტომბრის არჩევნების მთავარი საკითხია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს საქართველოში, არამედ, ის, თუ ვინ მოიგებს, კერძოდ, სამეგრელოს - წერს ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ბატონი ზურაბ ხასაია.
ცნობილი ფინანსისტი, ექს ფინანსთა მინისტრი, ბატონი დავით იაკობიძე კი სვამს რიტორიკულ კითხვას: რა ჰიპოსტოსით გვევლინება ქ-ნი სანდრა ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებში?“
სხვათაშორის, ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს. სამწუხაროა, რომ ზუგდიდელთა გარკვეული ნაწილი თავიანთ კომენტარებში სანდრას ზუგდიდიდან შესაძლო გადეპუტატებას დემოკრატიული პროცესების ანარეკლად მიიჩნევენ და აქეთ გვამუნათებენ: რატომ ვახდენთ ზეწოლას ამომრჩეველზე და რატომ არა აქვს ექს-პირველ ლედის უფლება კენჭი იყაროს ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში?
აი, რას წერს ბატონი ფრიდონ აბაკელია: „მე მგონი ბატონი ზაური დემოკრატიული არჩევნების და საერთოდ, დემოკრატიული საზოგადოების არსში ვერ ჩაწვდა... მას მეგრელი ხალხი წინასწარ დამნაშავეებად გამოჰყავს მათი პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების გამო“.
ჩემთვის გაურკვეველია, ვის აზრს გამოხატავს ბატონი ფრიდონი - ჩვეულებრივი ზუგდიდელი ამომრჩევლის თუ ზუგდიდის ინტელიგენციის, რადგან, ხელწერაზე ეტყობა, რომ წერა-კითხვასთან მთლად მწყრალად არ უნდა იყოს, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ იყენებს იგი საკუთარ ინტელექტუალურ რესურსებს და რამდენად თავსებადია მისთვის ყბადაღებული დემოკრატია ეროვნულ ინტერესებთან.
ამასაც მაგალითად არ მოვიყვანდი, თანამოაზრეები რომ არ ჰყავდეს!
სამეგრელოს მკვიდრი ნოდარ ცანავა კი მიიჩნევს, რომ აქ „დაფარულ გარემოებასთან“ გვაქვს საქმე: „აქ რაღაც სხვა, დაფარულ გარემოებებთან გვაქვს საქმე, თორემ ზუგდიდელებში ერთი ღირსეული ქართველი ადამიანი როგორ არ გამოინახა?!“
ეს კითხვა, სხვათაშორის, მეც მაწუხებს. ზუგდიდს ყოველთვის ჰყავდა და დღესაც ჰყავს ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელთაც საზოგადოების უპირობო მხარდაჭერა გააჩნიათ. მაგრამ, რატომღაც განზე დგანან - ხელისუფლებას „ნაღები“ ზუგდიდელების კანდიდატურა რომ წამოეყენებინა, ამდენი ფორიაქი არ დაგვჭირდებოდა - ალბათ, არც სანდრა ისურვებდა იქ თავის შერცხვენას... თუმცა, ამაზე არც ხელისუფლებამ იზრუნა და არც „ნაღებმა“ ზუგდიდელებმა შეიწუხეს თავი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით ხომ მიდის!!!
ახლა კი ასეულობით კომენტარიდან (როგორც ვთქვი, სტატია სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა) სიცხადისთვის რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან:
„არსებობს საშიშროება, რომ დანარჩენი საქართველოს სიძულვილი დაიმსახურონ ზუგდიდელებმა, თუ ეს წაკლა გავა“;
„სამეგრელომ ღირსებას არ უნდა უღალატოს“;
„სანდრას თქვენი ბედი არ ანაღვლებს - ვერაგული გეგმის შესასრულებლად მოდის!“
„ზუგდიდს ნაღდი ლიდერი არ ჰყავს, პატრიოტიზმში ჩამკვდარია....“
ძალიან ბევრია ცინიზმითა და შეურაცხყოფით გაჟღენთილი კომენტარებიც, მაგრამ აქ მათი ხელახლა საჯაროდ დემონსტრირებისგან თავს შევიკავებ.
ბატონებო და ქალბატონებო,
სანდრა რომ პოტენციური „პარლამენტარია“ ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ მან ეს „ჯილდო“ ზუგდიდიდან არ უნდა მიიღოს!
ჩემთვის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გამაღიზიანებელია ამ ბოლო დღეებში ზუგდიდიდან მიღებული ინფორმაცია, რომ „სანდრამ შეიძლება ზუგდიდში გაიმარჯვოს“. ეს არ უნდა დავუშვათ, თუმცა, ამაზე უფრო მეტად შემზარა ვინმე ედემ იზორიას ფეისბუქსტატუსმა, რომელიც სოციალურ ქსელში მან მეგრულ ენაზე გამოაქვეყნა და „მეგრელ სეპარატისტებს“ მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ საპროტესტო აქციაში, რომელიც ზვიად გამსახურდიას ძეგლთან უკვე მეოთხე დღეა იმართება.
არ ვიცი, რამდენი ადამიანი აღმოჩნდა ტვინნაღრძობი და რამდენი შეიკრიბა ზუგდიდში გამსახურდიას ძეგლთან ახლოს, მაგრამ, დავიშოკე, როცა შევიტყვე, რომ პროტესტის მიზეზი მეგრული ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭება ყოფილა თურმე!
გესმით, ხალხო _ მეგრული ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსი...
იქნებ, თქვენ მაინც ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს და საით მიაქანებს ასეთი ავანტიურიზმი სამეგრელოს?!
გასაგებია, რომ ამ მართლაცდა სეპარატიზმის მიღმა უცხოური სპეცსამსახურების კვალი იკვეთება, მაგრამ რა შეღავათია ეს დანარჩენი საქართველოსთვის?!
გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ: დღესაც ვინ გვიშლის ვისაუბროთ მეგრულ ენაზე, ვწეროთ ლექსები მეგრულად, შევქმნათ უნიკალური მეგრული მელოდიები, გამოვცეთ თუნდაც „მეგრული პოეზიის ანთოლოგია“, მაგრამ რომელი სულწაწყმედილის ტვინში მწიფდება აზრი, რომ ყოველივე ამას რეგიონალური ენის სტატუსი სჭირდება? იქნებ სკოლებშიც მეგრულ ენაზე დავიწყოთ სწავლება და ქართული ენა ფაკულტატიური სტატუსით დავტოვოთ?!
ინტელიგენცია იმიტომაც არის ინტელიგენცია, რომ იგი ჩვეულებრივი მასისგან განსხვავდება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ერის, სამშობლოს და მისი მომავლის წინაშე!
როგორც ჩანს, ადგილობრივი ინტელიგენცია „არ ვიცი, არ დამინახავს“ პოზიციაშია, ან ამ ყველაფერს „გაგებით“ ეკიდება (რაც, ფაქტიურად, თანამოაზრეობას ნიშნავს და იგივე დანაშაულია), მაგრამ, ხომ არსებობს ზუგდიდს გარეთ ზუგდიდელი ინტელიგენცია, რომელმაც სათანადოდ უნდა გაიაზროს კარს მომდგარი საშიშროება და ტვინნაღრძობ თანამოქალაქეებს საშუალება არ მისცეს ბრმად აიყოლიონ გაუთვითცნობიერებელი მასა!
ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო: მართალია, ჯერ მეგრული ენის რეგიონალურ სტატუსს ითხოვენ, მაგრამ, შემდეგ ალბათ, სამეგრელოს დამოუკიდებლობაც ხომ არ მოუნდებათ 30 ვერცხლად გაყიდულ პროვოკატორებს?!
ბატონებო და ქალბატონებო,
წინა წერილში ვწერდი და ახლაც ვიმეორებ: ზუგდიდს თქვენი სახით ბევრი ღირსეული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ჰყავს, მაგრამ ყველაფერი ხუხულასავით დაინგრევა და ღირსებასაც ბზარი გაუჩნდება, თუ საყვირი დროზე არ დააგუგუნეთ და ისტროიული კოლხეთი სამარცხვინო ინიციატივებისგან არ დაიცავით!
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ლეგენდარული ცოტნეს შთამომავლები ვართ, იმ ცოტნესი, რომელმაც მტერი გააოცა, თავისი სისხლი და ხორცი კი უბედურებისგან იხსნა.
მტკიცება არ უნდა, რომ ვიღაც ძალიან დაინტერესებულია სამეგრელოში სიტუაციის არევით და ისედაც დასუსტებული საქართველოს კიდევ უფრო დასუსტებით!!!
არ ვიცი, რამდენად ახლოსაა რეალობასთან, მაგრამ, ერთმა, წარმოშობით ზუგდიდელმა ინტელიგენტმა ქალბატონმა გამაფრთხილა: შენს პრეტენზიებს ზუგდიდი არ მიიღებს, რადგან ზუგდიდელი არ ხარ, მითუმეტეს, რუსთაველის პროსპექტზე დაბადებულიო.
გამეცინა - მე არც გუბერნატორობას ვაპირებ და არც დეპუტატობაში ვეცილები ვინმეს, უბრალოდ, გული მტკივა, რომ ზუგდიდელების ნაცვლად მე მიხდება ზარის დარისხება და იმის შეხსენება, რომ ძალით არ უნდა გავგიჟდეთ! არადა, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშია, ხოლო ვინც ცეცხლს ეთამაშება, ცეცხლშივე შთაინთქმება!
P.S.არ ვიცი, როგორ გამომეპარა, მაგრამ, რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ წელს ზაფხულში, ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ანუ იგივე „კაზანტიპი“ ჩატარებულა. ამბობენ, აღვირახსნილობა წელს უნდა გენახათო. იმასაც ამბობენ, რომ ე.წ. მუსიკალური ფესტივალის რამდენიმე მონაწილე წამალში გაიპარა, თურმე. მართალია, ეს სათანადოდ არ გაპიარებულა, მაგრამ შუბი ხალთაში ხომ არ იმალება?!
რა ხდება ჩვენს თავს მეგრელებო?