"ბორჯღალოსნები" ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ფიჯის გუნდს დაუპირისპირდება. ნოემბერის ტესტების ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება .
როგორც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი აცხადებს, მათ შეუძლიათ ფიჯი სტატიკურ მდგომარეობაში თამაშის დროს დაჯაბნონ.
"იაპონიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მზადებისთვის ბევრად მეტი დრო გვქონდა. ვეცდებით ამჯერად უფრო ორგანიზებულად ვითამაშოთ. გვინდა უკანა ხაზიც ისეთივე აქტიური გახდეს, როგორც შერკინება. ერთი სიტყვით, სათამაშო ბალანსი უნდა აღვადგინოთ. ვიცით, რომ შეგვიძლია ფიჯი სტატიკურ მდგომარეობაში თამაშისას დავჯაბნოთ. თუმცა აუცილებელია დაცვა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, რადგან მათ შეუძლიათ ყველა მიმართულებით შეგვიქმნან საფრთხე", - აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში იაპონიის ნაკრებს უმასპინძლეს და 22:25 დამარცხდნენ.
საქართველოსა და ფიჯის მორაგბეთა ნაკრებები მატჩს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას უძღვნიან. ეს კამპანია "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ არის ინიცირებული.