მიხეილ ჯიბუტი: საქართველოში მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ხოლო, ღარიბები ღარიბებად დარჩნენ!
24 სექტემბერს „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა შეხვედრა სახელწოდებით „ეკონომიკური განვითარება: მიღწევები და პერსპექტივები“.
ის არ იყო რიგით მე-7 ფორუმი (http://iverioni.com.ge/16250-mikheil-jibuti-24-seqtembris-me-7-ekonomikuri-forumi-ver-iqneba.html)
წინამორბედებისგან განსხვავებული იყო ორგანიზატორი/ები და სახელწოდება.
მისი ორგანიზატორი გახლდათ მხოლოდ საზოგადოება „მოქალაქე“ და აღარ იყო საზოგადოება „2030“ (ხშირად წერდნენ „20/30“ სახით. შემდეგ ვიღაცამ ეტყობა 20 გაჰყო 30-ზე და მიიღო 0,666 და არ მოეწონა!).
ამ ცვლილების გამო ეტყობა შეხვედრის ახალმა ორგანიზატორებმა ფორუმის სათაური „განაახლეს“ და სახელწოდებიდან ამოიღეს „საქართველო“ და
მიიღეს უაზრობა:
კონკრეტული ეკონომიკის მითითების გარეშე საუბარი
„ეკონომიკური განვითარების მიღწევებზე“,
ან
„ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე“
უაზრობა და აბსურდია.
(ისევე, როგორც მაგალითად, კონკრეტული პიროვნების მითითების გარეშე „უნარის განვითარების მიღწევებსა და პერსპექტივებზე“ ლაპარაკი)
საჯარო სივრცეში სრულად მარტო ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა მოხვდა, ამიტომ მთლიანად შეხვედრაზე ყოფნის გარეშე, მასზე მსჯელობა შეუძლებელია.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან ჩემი ძირითადი ყურადღება იმან კი არ მიიპყრო, როდესაც ის თხოვდა ბიზნესმენებს წარმოედგინათ „სად იქნებოდით თითოეული თქვენგანი“-ო და თხოვა აზრი გამოეთქვათ დამყარებულ უკეთესობაზე და თუ როგორი სახეები ჰქონდათ ამ დროს ბიზნესმენებს, არამედ, ბ. ივანიშვილის მიერ 4 წლის განმავლობაში სიკეთეების გადანაწილების შეფასებამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესმენთა მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო რიგითი მოქალაქეების მდგომარეობა არ შეცვლილა ( ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ გამოუქვეყნებია - ალბათ მისთვის ცნობილია).
ანუ,მდიდრებიკიდევ უფროგამდიდრდნენ და ღარიბები ღარიბებად დარჩნენ (თუმცა, ლარის 30%-ანი გაუფასურების ფონზე ეს თეზისი საეჭვოა და არგუმენტირებას მოითხოვს. სინამდვილეში ზოგადი ტენდენციაა: თუ მდიდრები მდიდრდებიან - ღარიბები ღარიბდებიან).
როგორც არ უნდა იყოს, ნათქვამიდან გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის დროს მიღებული „საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ძირითადი პრინციპი - ინკლუზიური განვითარების შესახებ 4 წლის განმავლობაში არ შესრულებულა!
და
ბიზნესმა კი უნდა იცოდეს, რომ თუ მდიდრდება-ხელისუფლებას მისგან „ერგება“: თუ ფულს არ ართმევენ და „ჯიბეში არ უძვრებიან“, მაშინ სიტყვით, ხელისუფლებაზე კარგის ლაპარაკით, მისდამი ლოიალობით, ხალხში გასვლითა და უკეთესობის პროპაგანდით,მაინც უნდა გადაიხადოს!
P.S. აღნიშნული სიტუაციის შესაცვლელად „მოთმენა“ არაა საკმარისი. ამისთვის წამალია ხელისუფლება, რომელიც არაა მარტო ბიზნესის ხელისუფლება, ხოლო, ბიზნესი არაა მარტო მმართველი პარტიის მხარდამჭერი და დამფინანსებელი. ბიზნესი დაცულია იქ, სადაც არსებობს კონკურენტული გარემო პოლიტიკაში და არსებობენ ძლიერი პარტიები - არა მარტო მმართველი, არამედ ოპოზიციურიც!