ზაურ ნაჭყებია: რა მაინტერესებს და რა არ მაინტერესებს?!
არ მაინტერესებს
ვინ მივა და ვინ არ მივა ხვალ არჩევნებზე და ვინ ვის შემოხაზავს!
არ მაინტერესებს
ვინ მოვა და ვინ დარჩება ხელისუფლებაში, რადგან, ვიცი, რომ ყველა ერთი „თიხისგანაა" მოზელილი და ყველას ერთი საერთო პატრონი ჰყავს უცხოური ბნელი ძალების სახით - პარტიების სახელწოდებებს და მათ „განსხვავებულ "იდეოლოგიებს მხოლოდ თვალის ახვევის ფუნქცია გააჩნიათ და ჩვენც გულუბრყვილოდ ვიჯერებთ, რომ ისინი სხვადასხვა დაინტერესებული ქვეყნებისა თუ ჯგუფების დასაყრდენს წარმოადგენენ საქართველოში!
მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ „ქვეყანა ვიღაცამ ხომ უნდა მართოს!"
არა, ბატონებო და ქალბატონებო!
ქვეყანა, ანუ, სახელმწიფო, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, შინაგანად გაწონასწორებულმა, საკუთარი ქვენა გრძნობებისგან თავისუფალმა ადამიანებმა უნდა მართონ და არა კომფორტს დახარბებულმა, ეროვნული მუხტისგან დაცლილმა ფარისევლებმა, რომლებიც, არა ხალხის დაკვეთას, არამედ, საკუთარი „პატრონების"ინსტრუქციებს ზედმიწევნით ასრულებენ!
იქნებ დამისახელოთ, მაჟორიტარებად და პარტიული სიებით წარმოდგენილი კანდიდატებიდან თუნდაც ერთი ადამიანი, საკანონმდებლო ორგანოში რეალურად სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად მიძვრებოდეს (ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ, ასეა). რომც დამისახელოთ, მაინც არ დაგიჯერებთ, რადგან, განსაკუთრებით ბოლო მოწვევების პარლამენტების ისტორიამ საპირისპირო რეალობა დაადასტურა!
ყურადღებით გავეცანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიებს და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამდენი საეჭვო რეპუტაციისა და უსაფუძვლო ამბიციებით გატენილი „ვირთხები" იმ ავადსახსენებელ „მხედრიონის" ზეობის პერიოდშიც არ ყოფილა!
დასკვნა მარტივია: ან იმდენად დაგვაზომბირეს, რომ თეთრსა და შავს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევთ, ან, საერთოდ არავინ არაფერს არ გვეკითხება და როგორც სურთ ისე ჭრიან და კერავენ - ჩვენ მხოლოდ უხეირო ნოტარიუსის ფუნქციას ვასრულებთ და საკუთარ უსუსურობასა თუ უილაჯობას საკუთარი ხელითვე ვადასტურებთ. მერე კი გვიკვირს, რატომ ვართ ასეთ გაუსაძლის დღეში და რატომ არ გვისრულებენ ჩვენი „რჩეულები" იმ ლამაზ-ლამაზ დაპირებებს, რომელიც ამ ბოლო ხანებში ქართულ ოცნებად მოინათლა!
იოცნებეთო გვითხრეს და ნაცვლად იმისა, გვეყვირა, ჩვენ ოცნება კი არა, რეალური საქმეების გაკეთება გვინდაო, სიხარულით დავთანხმდით!
ვიცი, დაუსრულებლად გაგრძელდება ჩვენი ოცნება, გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ არ დაგვამხობენ თავზე ქვეყანას და სანამ ასევე საბოლოოდ არ გვათქმევინებენ (უკვე იძულებით) უარს საკუთარ თვითმყოფადობაზე!!!
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ, თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, ნამდვილად ასე იქნება!
ასე, რომ, მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც ფიქრობენ და ჩვენც გვარწმუნებენ, რომ 9 ოქტომბრიდან ახალი ერა დაიწყება საქართველოს ისტორიაში და ამას ბატონ ბიძინა ივანიშვილის ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, „ნაციონალების"შესაძლო მიჯირყვნას და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას უკავშირებენ!
მე კიდევ პირიქით მგონია-საკონსტიტუციო უმრავლესობა მაცდური რამეა არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ეროვნული მუხტისგან დაცლილი ადამიანების ხელში!
მე მითქვამს და კარგად დაიმახსოვრეთ!!!
რა მაინტერესებს?
როგორ მოხდა, რომ შურით, ბოღმით, ერთმანეთის გაუტანლობით, საკუთარი ქვეყნისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებით იმ ავადსახსენებელ ათეისტურ ეპოქასაც კი გავუსწარით, მაშინ, როცა დღითიდღე შენდება და რესტავრირდება ქართული ეკლესია-მონასტრები და მრევლმა ასეულ ათასებსაც კი გადააჭარბა?!
იქნებ, სწორედ ამ ზერელობაში და ფორმალურობაში გვეძებნა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის უკიდურესად დასუსტების მიზეზი?!
აბა, თუ ამდენი მორწმუნე და ღვთისმოსავი ადამიანია საქართველოში, რატომ ვართ ასე ცუდად და რატომ გვეუფლება ხშირად უსუსურობისა და ხვალინდელი დღის უიმედობის განცდა?!
მამაკაცებზე რომ არაფერი ვთქვათ, რატომ ბილწსიტყვაობენ ოდესღაც კდემამოსილი ქართველი ქალები უკანასკნელი ლექსიკით და რატომ ითვლება ეს თანამედროვე ეპოქის, ანუ „დემოკრატიული ღირებულებების" ბუნებრივ გამოვლინებად?!
რატომ მიეცა ფართო გასაქანი აბსოლუტურ ზერელობას მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში და რატომ ვუწყობთ ხელს ქვეყანაში ფსევდო-მეცნიერების, ფსევდო-ლიტერატურის, ფსევდო ხელოვნების დამკვიდრებას?!
რატომ იქცა ცინიზმი და ერთმანეთის შეურაცხყოფა მოწინააღმდეგის მოგერიების და მისი დათრგუნვის საიმედო იარაღად?!
რატომ ჩაანაცვლა ასე ელვისებურად თვითგადარჩენის ინსტიქტმა ოდესღაც საამაყო ტრადიციული ღირებულებები?!
რატომ ვიტყუებთ ხშირად თავს ბრტყელ-ბრტყელი დაპირებებით („ხვალ ყველაფერი კარგად იქნება!) და რატომ ვერ ვარჩევთ ფარისევლობას ჭეშმარიტებისგან და ფარისევლებს უანგარო და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისგან?!
რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ჯანსაღად მოაზროვნე, თავდადებული ადამიანების თუნდაც მცირე ჯგუფად გაერთიანება და თვისობრივად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება?!
თუ ამ კითხვებს ყურადღებით წავიკითხავთ და სათანადო დასკვნებსაც გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ 9 ოქტომბერს საქართველოში ახალი ერა არ დაიწყება.
პირიქით, სწორედ 9 ოქტომბრიდან ახალი პოლიტიკური მოძრაობა უნდა დავიწყოთ!..