სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს ამერიკაში წასვლას არ ურჩევს
,,არჩევნების შემდეგ საერთოდ არავინ ჩადის ამერიკაში, ყველა ელოდება კლინტონის შეცვლას, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტშიც ყველა მაღალჩინოსანი შეიცვლება. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა, ამიტომ პრემიერ ივანიშვილის იქ ჩასვლა ჯერჯერობით ნაადრევად მეჩვენება".
ამის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ,,ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ამერიკაში ვიზიტი სერიოზული საქმეა და ამისთვის პრემიერი სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. მას შეხვედრები მოუწევს როგორც ხელისუფლებასთან, ისე კონგრესთან, ეკონომიკური წრეებთან, დიასპორასთა და ა. შ. ამიტომაც, ამ საქმეში აჩქარება ივანიშვილს კარგს არაფერს მოუტანს.
,,პრემიერის ეს განცხადება, ალბათ, არასწორი რჩევის შედეგი იყო, ან კიდევ ამ ვიზიტით იმის დამტკიცება უნდათ, რომ საქართველო დასავლეთის მიმართ პოლიტიკურ ორიენტაციას არ იცვლის. მაგრამ ორიენტაციის შეცვლა ნატო-სა და ამერიკაში ჩასვლით კი არ მტკიცდება, არამედ ქმედებებით", - აღნიშნავს ექსმინისტრი.