შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში ქართული მხარეც მონაწილეობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ქალაქ სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით, გაიმართა მინისტერიალი.
საქართველოდან აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს რეგიონალური თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლევან ჩიკვაიძე.
ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის, საბერძნეთის რესპუბლიკის, სერბეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ასევე რუმინეთის, სომხეთისა და მოლდოვის რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა. სხდომას დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო ხორვატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი.
ქართულმა დელეგაციამ ისაუბრა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მიზნების, ღირებულებებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე აისახა. ასევე აღინიშნა რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ჩამოყალიბების დიდი მნიშვნელობა გრძელი და მოკლევადიანი სტრატეგიების გასავითარებლად და ხაზი გაესვა პოლიციის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე მისი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, პოლიციელებში განათლების დონის ამაღლებასა და მათ მუშაობაში ახალი ფილოსოფიური ხედვის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს პოლიციის ისეთ სამართალდამცავ ორგანოდ ჩამოყალიბებას, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უსაფრთხოების სერვისს სთავაზობს. მინისტერიალზე ბატონმა იზორიამ განსაკუთრებით აღნიშნა შსს-ს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი - საპოლიციო სისტემის სრული დეპოლიტიზება.
დაბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო, განსაკუთრებით კი რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მათ შორის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფორმატში და მიესალმა ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის.
ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე მოლდოვის, სომხეთისა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან.