ჩოხოსანთა დასი იზრდება!
5 ნოემბერს, სრულიად საქართველოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის საპატიო წევრის -- იზა ვეფხვაძის ინიციატივით, ლიტერატურული თეატრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ხარაგაულს აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატის, პროფესორი გოგი დოლიძის ხელმძღვანელობით ჩოხოსან რაინდთა დასის წევრები ეწვივნენ, კერძოდ: კოტე მიქაძე - კომპოზიტორი, დავით თევზაძე - ფილოსოფიის დოქტორი, გენერალ-ლეიტენანტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს კარატეს ფედერაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, ვაჟა მანჯგალაძე - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, გენერალი, რეზო ბუბუტეიშვილი - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი, ზაალ სიხარულიძე - ვეტერანი, ომის, შეიარაღებული ძალებისა და კონფლიქტების ვეტერანთა კავშირის - "ვეტერანები მშვიდობისთვის" წევრი და ამიერკავკასიის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ივანე ჯაფარიძე - 1 რადიოს დიქტორი, გადაცემა "ჩვენი საგანძურის" ავტორი და წამყვანი, ფრიდონ მაღრაძე - მწერალი, გამომცემელი, მეცენატი, ილო პატაშური - მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დავით ჭელიძე - მწერალი, სპორტული ჟურნალისტი.
შეხვედრა სოფელ ბორითიდან დაიწყო, სადაც მასპინძლებმა და სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას, შემდეგ უბისის მონასტერი მოილოცეს, გზად, ხარაგაულის შესასვლეში - დევებთან, ერთი წლის ჩოხოსანი - ლილე ფცქიალაძე და ნაბდოსანი ცხენოსნები ეროვნული დროშებით და ქართული ზედაშით სავსე დოქ-ფიალებით ელოდათ...
ოფიციალური შეხვედრა ხარაგაულის კინო-თეატრში შედგა, სადაც ბატონმა გოგი დოლიძემ და სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს. ასევე საზოგადოებას მიესალმნენ ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე და მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი მერი გიორგიძე. ხარაგაულის 40 მოსწავლე ჩოხოსან რაინდთა დასის წევრი გახდა.
გოგი დოლიძემ მოსწავლეებს ჩოხოსან რაინდთა დასის ჟურნალი „რაინდი“ გადასცა.
მომავალი წლის 4 ივლისს დასში გაწევრიანებული მოსწავლეები ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავზე, მთაწმინდაზე საზეიმო ფიცს დადებენ.
იზა ვეფხვაძის წარდგინებით ჩოხოსან რაინდთა დასის ხარაგაულის ფილიალის ხელმძღვანელად ხარაგაულელი ჩოხოსანი ბესიკ სახვაძე აირჩიეს. როგორც იზა ვეფხვაძემ აღნიშნა, ყოველწლიურად დასში ახალი წევრების მიღება მოხდება.