საიამ საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა

საიამ საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან დაკავშირებით "ქორთიარდ მერიოტში" საიამ XIX ყრილობა გამართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში ისინი 100 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარნენ.

 

"თბილისის ცენტრალურ და 7 რეგიონულ ოფისში, უწყვეტ რეჯიმში მიმდინარეობდა მოქალაქეთათვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. წლის განმავლობაში უფასო კონსულტაცია გავუწიეთ 110 418 პირს. შევადგინეთ 12 266 სამართლებრივი დოკუმენტი. უფასო საადვოკატო მომსახურეობა გავუწიეთ 433 მოქალაქეს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, უფასო იურიდიული დახმარება გაეწია 4 102 მსჯავრდებულს. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად ხდებოდა მსჯავრდებულთა შეწყალება და სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. საიას - თავმჯომარის განმარტებით, საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია, რომელზეც ორგანიზაციას მუშაობა მოუწია. 

 

"ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვსწავლობდით საკუთრების სახემწიფოსთვის ჩუქების ფაქტებს. გამოვლინდა ათეულობით შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები მასობრივად და ორგანიზებულად ტოვებდნენ საკუთრებას ან ჩუქნიდნენ სახელმწიფოს. მაშინ ისინი არ ამბობდნენ, რომ ამას მუქარის გამო აკეთებდნენ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისედაც ცხადია, რაშიც იყო საქმე", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

მისივე თქმით, საია-მ მოიგო ორი საქმე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დამცველ ევროპულ სასამართლოში.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ორგანიზაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საარჩევნო პროცესშიც - არჩევნების დღეს მისი 350 თანამშრომელი 35 საარჩევნო ოლქში იმყოფებოდა დამკვირვებლის სტატუსით. 

 

ჩუგოშვილის თქმით, ორგანიზაციის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდაში მონაწილეობის მიღება. 

"მე განსაკუთრებით ამაყი ვარ ამ ნაწილში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად მოვამზადეთ სასამართლოს ინსტიტუციური პრობლემის ანალიზი და ჩვენ მიერ გაწეულმა შრომამ ახალი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რეფორმის კურსის განსაზღვრაზე", - განაცხადა მან.

 

"ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციით და ჩვენი შეფასებებით ინტერესდებოდა არა მხოლოდ ადგილობრივი მედია, არამედ საერთაშორისო მეტად პატივსაცემი მედიასაშუალებები. ჩვენს განცხადებასა და ანგარიშებს ეყრდნობოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორებიცაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებების თაობაზე, Human Rights Watch – სა და Amnesty  International-ის მიერ მომზადებული სხვადასხვა განცხადებები და ანგარიშები, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განცხადებები", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: