თემურ მიქაუტიძე: ჩვენ ვიწყებთ, ვინ გამოგვყვებით

თემურ მიქაუტიძე: ჩვენ ვიწყებთ, ვინ გამოგვყვებით

თემურ მიქაუტიძე: ჩვენ ვიწყებთ, ვინ გამოგვყვებით

წერილი მეხუთე

გავიხსენოთ წინა წერილების შინაარსი, სადაც შევთანხმდით რომ:


- სახელმწიფო წარმოადგენს პროგრესირებად სისტემას და ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ ის მართვის მისთვის შესაბამის ფორმას ეყრდნობა.

- ჩვენი საზოგადოების საშუალო სტატისტიკურ წარმომადგენელი მონარქიული მმართვლობის ფორმის ფსიქოტიპია.

- არისტოკრატია, რომელიც არა გვყავს, ამოსაწევია მრავალსაფეხურიანი, არაპირდაპირი არჩევნების გზით;

- საზოგადოების ამგვარად არჩეული საუკეთესო წარმომადგენლები განსათავსებლები არიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის ზედა პალატაში;

- ქვედა პალატის არჩევნები უნდა დარჩეს პროპორციული სახით და ჩატარდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის.

- სახელმწიფოს ამგვარი მმართველობის ფორმის დამკვიდრებას დასჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები და გაბედული საკანონმდებლო ინიციატივა;

- დღეს ხელისუფლებაში მყოფი არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და პიროვნებისგან არ უნდა ველოდოთ ჩვენი იდეის მხარდაჭერას.

- ნაკლებად სავარაუდოა, რომ სარეფერენდუმო ხელმოწერების შეგროვებამ, მიტინგებმა და ხალხის დიდი მასების ჩართვამ გამოიღოს დადებითი შედეგი (არ იგულისხმება მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა). 


მაშ რა გზას უნდა დავადგეთ?

ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2016 წლის არჩევნების დროს დავუკავშირდი მასში მონაწილე თითქმის ყველა წამყვანი პარტიის წარმომადგენლებს და პარტიის სიით წარდგენილ რამდენიმე მაჟორიტარს.  ყველასთან  ურთიერთობის ერთნაირი ფორმა და მექანიზმი მქონდა:

- თქვენი წინასაარჩევნო დაპირებებიდან არაფერს გთხოვთ: არ გვინდა არც სახლის გადახურვა, არც სკვერის გაშენება, არც სწრაფი ეკონომიკური აღმავლობა, არც მაღალი პენსია, არც სამუშაო ადგილები, არც ღირსეული მომავალი და არც დაფასებული წარსული. მე ვითხოვ მხოლოდ ერთი დავალების შესდრულებას, როდესაც მოხვდებით პარლამენტში, რომელიმე უახლოეს სხდომაზე გააჟღღეროთ - არსებობს ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელიც ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას - ჩვენ გვინდა ორპალატიანი პარლამენტი, რომლის ზედა, წარმომადგენლობითი (მაჟორიტარების) პალატაც აირჩევა არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი არჩევნების გზით.

სანაცვლოდ ყველა მათგანს ვპირდებოდით ხმებსა და მხარდაჭერას. თუმცა, თუ დასაწყისში (სანამ ჩვენს მოთხოვნას გაეცნობოდნენ) ყველა მოდიოდა კონტაქტზე, გაცნობის შემდეგ ასევე ყველა ერთნაირი „წარმატებით“ იკარგებოდა თვალსაწიერიდან!

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. მოტყუებითაც კი ვერავინ გაგვიბედა დაპირების მოცემა. ისინი ჩვენს მოთხოვნაში ხედავდნენ თავისუფალი ადამიანების მოთხოვნას, რომელთაც კონკრეტულად იცოდნენ რა უნდოდათ და გრძნობდნენ, რომ მოტყუების შემთხვევაში პასუხს მოსთხოვდნენ. მათ კი არც ასეთი ადამიანები სჭირდებოდათ და არც ასეთი ადამიანების პარლამენტარობა შეეძლოთ.

ჩვენ დღესაც არა გვაქვს დაკარგული იმედი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია სრულად გაერკვევა ვითარებაში, გაიაზრებს ჩვენს მოთხოვნებს, დაინახავას სიკეთეს და დაგვიჭერს მხარს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვრჩებით მათ იმედზე და გვაქვს მოქმედების ჩვენეული გეგმა!

2016 წლის ივნისის დასაწყისში სასტუმრო „ანტიკში“ (აღმაშენებელზე) შევიკრიბეთ რამდენიმე დაინტერესებული ადამიანი და მივიღეთ გადაწყვეტილება ჩამოგვეყალიბებინა „თანამოზიარეთა“ გაერთიანება. ორგანიზაცია, რომელიც გააერთიანებდა ამომრჩევლებს, რომელთაც კონკრეტულად ერთი სურვილი ექნებოდა, რომ ჩვენი ქვეყანა იმართებოდეს ორპალატიანი პარლამენტით, რომლის ზედა, წარმომადგენლობითი პალატაც აირჩევა არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი არჩევნების გზით. 
 
ანუ, ჩვენ დავიწყეთ არა პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებით, არამედ ამომრჩეველთა გაერთიანების ფორმირებით.

დღეს შეუძლებელია შეკრიბოთ წესიერი ადამიანები, ჩამოაყალიბოთ მათგან პოლიტიკური ორგანიზაცია, მიიღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში დღეს მოქმედი საარჩევნო მოდელის მიხედვით და მოიგოთ არჩევნები. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

1. წესიერი ადამიანები არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მონად ქცეული ამომრჩევლის წინაშე. ისინი წააგებენ ყველა არჩევნებს იმიტომ, რომ მოგებისთვის საჭიროა სიცრუე. ამომრჩეველი ძირითადად მოდის მხოლოდ სიცრუეზე და მხოლოდ სიცრუეზე იძლევა ხმას. პატიოსანი ხალხი კი საკუთარ თავს ვერ აკადრებს იცრუოს. არადა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია აპრიორულად ტყუის. ისინი არჩევნებში მოდიან დაპირებებით და არა არგუმენტებით გამყარებული კონცეფციებით. ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუძლია დაგპირდეთ, რომ გაზრდის ხელფასებს, მაგრამ არავინ ასაბუთებს - როგორ და რის ხარჯზე; დაიბრუნებს ტერიტორიებს, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორ და რის ხარჯზე; დაგიბრუნებთ ასი წლის წინათ დაკარგულ ანაბრებს, მაგრამ ვერ გიჩვენებთ როგორ და რის ხარჯზე.
  
2. არც არავინ იწუხებს თავს ამის დასაბუთებით, არც არავინ ითხოვს დასაბუთებას. მთავარი დაპირებაა. ტყუილს შეეჩვია ყველა - ამომრჩეველიც და ამოსარჩევიც. ასეთ ტყუილს პატიოსანი ადამიანი საკუთარ თავს ვერ აკადრებს.

3. დავუშვათ მაინც შეიკრიბნენ წესიერი ადამიანები და მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, ისინი წააგებენ არჩევნებს იმიტომ, რომ ისინი სერიოზულად იჭედებიან ფინანსებში. არჩევნების მოსაგებად კი საჭიროა სერიოზული თანხები. 

აღმოვჩნდით დილემის წინაშე:

მივიღოთ მონაწილეობა მიმდინარე „თამაშში“ მათ მიერ შემოთავაზებულ „მოედანზე“ და მათ მიერ შემოთავაზებული „ტაქტიკით“? - თამაშს ვაგებთ.

არ მივიღოთ მონაწილეობა და თამაში ისედაც წაგებულია!

ფეხებზე დაიკიდებდი ამ თამაშსაც და მის მოთამაშეებსაც ის, რომ არ ეხებოდეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს, არ გედარდებოდეს შენი სამშობლო და მისი ხვალინდელი დღე.

შეიძლება ეს ყველაფერიც დაგეკიდა ფეხებზე და გეშველა საკუთარი ოჯახისთვის, გაცლოდი ამ მოჯადოებულ წრეს და წასულიყავი სხვა ქვეყანაში. ერთი თაობის ნოსტალგია იქნებოდა შთამომავლობის გადარჩენის საზღაური და ამით დამთავრდებოდა, მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, თუნდაც ცხოველისთვის დამახასიათებელი კოლექტიური თვითგადარჩენის ინსტიქტი. ჩვენ უნდა გადავრჩეთ. მეტიც: განვითარების გზას უნდა დავადგეთ!

ეს შესაძლებელია! თუ ეს შეძლეს სხვებმა, შევძლებთ ჩვენც! 
 
თუ ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ, მაშინ შემოთავაზება უნდა მივიღოთ და თამაშში მოსაგებად უნდა შევიდეთ:

როგორ შეიძლება თამაშის მოგება?

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ იდეა, რომელიც სულ რამდენიმე „თანამოზიარეს“ ეკუთნის. იდეა განვითარების პროცესშია. დღითი დღე, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც იცნობს ამ იდეას და სრულად აქვს გააზრებული, როგორც მასთან დაკავშირებული სიკეთე, ასევე საკუთარი როლი იდეის რეალიზაციის საკითხში.

ჩვენი სტრატეგიული მონახაზი ასეთია:

პირველი ეტაპი: 2017 -  2019 წწ.

მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იდეის გავრცელებას საქართველოში და დავეხმაროთ ადამიანებს განსაზღვრონ თავიანთი პოზიცია „თანამოზიარეთა“ გაერთიანების მიმართ შემდეგი სახით: ა) შევდივარ „თანამოზიარეთა გაერთიანებაში“ და ვარ აქტიური მონაწილე, ბ) მხარს ვუჭერ, გ) არ ვუჭერ მხარს.

2019 წლისთვის იდეის გაცნობა საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის და თვითონ „თანამოზიარეთა გაერთიანების“, როგორც ამომრჩეველთა ორგანიზაციის საბოლოო ფორმირება დამთავრებული უნდა იყოს.

მეორე ეტაპი: 2019 -2020 წწ.

ეტაპის დასაწყისში ვაყალიბებთ პოლიტიკურ ორგანიზაციას (ან საარჩევნო ბლოკს). ორგანიზაციას აქვს ერთადერთპუნქტიანი საარჩევნო პროგრამა: საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, ხმათა საკანონმდებლო უმრავლესობით გამარჯვებული საარჩევნო ბლოკი „თანამოზიარე“ შეიტანს ამომრჩევლის მიერ გაცნობიერებულად მოთხოვნილ ცვლილებებს კონსტიტუციაში და კანონებში. იღებს ახალ კანონს პარლამენტის შესახებ, ახალ კანონს არჩევნების შესახებ, უახლოეს ვადაში ნიშნავს ახალ არჩევნებს ახალი კანონით ორპალატიან პარლამენტში რომლის ზედა, წარმომადგენლობითი პალატაც, როგორც უკვე ვთქვი, აირჩევა არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი არჩევნების გზით.

2020 წლის არჩევნების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ჩვენ მიერ ჩამოყალიბებულ „თანამოზიარეთა გაერთიანების“ საარჩევნო ბლოკს უკვე მოგებული ექნება არჩევნები. პარლამენტში შესვლისთანავე პირველივე სხდომაზე პარლამენტი დღის წესრიგში დააყენებს ყველა ამ პუნქტს:

1. საკანონმდებლო ცვლილება კონსტიტუციაში,
2. ახალი კანონი პარლამენტის შესახებ,
3. ახალი კანონი არჩევნების შესახებ,
4. ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა;

და ახალი კანონით არჩევნების ჩატარებისთანავე იხსნის უფლებამოსილებას. დაე, ახალმა პარლამენტმა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საზოგადოების მართლაც ნაღები ხალხით, ღირსების მქონე ადამიანებით, მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, მმართველობის როგორი ფორმა უნდა ხალხს: კონსტიტუციური მონარქია თუ საპარლამენტო რესპუბლიკა, ტირანია თუ რელიგიური მმართველობა, ახალმა პარლამენტმა განიხილოს და დაამტკიცოს ქვედა პალატის მიერ შემუშავებული ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების კონცეფციები, განათლებისა თუ ჯანდაცვის პროგრამები.

ახალ პარლამენტს ექნება სუფთა, გაკრიალებული არხები რიგითი მოქალაქეებიდან უმაღლეს მმართველ ორგანოებამდე ინფორმაცის მიმოქცევისთვის. ყველა რაციონალური სიახლის განხილვა და დანერგვა გახდება შეუდარებლად ადვილი. საქართელო გადაიქცევა ცოცხალ, ერთიან ორგანიზმად და დაიწყებს შეუქცევად განვითარებას! 
     
მე ვიცი, რომ ეს ასე მოხდება 2020 წლის არჩევნებში.

ვიცი იმიტომ, რომ ეს წერილი აი, აქ იბეჭდება და თქვენ კითხულობთ.

ვიცი იმიტომ, რომ „თანამოზიარეთა გაერთიანება“ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, იზრდება და ჩვენი იდეა ყოველ ჯერზე ხდება სულ უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი, ვიცი იმიტომ, რომ ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საქართველოს ბუნებრივი განვითარების შეწყვეტილი ეტაპის ბუნებრივი განვითარება, ხოლო ის ეტაპი იქ იმიტომ შეწყდა და იმიტომ მოხდა ტემპისცვალება, რომ მაშინ საჭირო იყო ფიზიკური გადარჩენა და ეს საჭიროება შესანიშნავად (თვით სამეფოებად და საერისთაოებად დაშლილი საქართველოს გამთლიანებით, ყველაფერთან ერთად) შესრულდა.

ოღონდ, ერთ რამ არის გასათვალისწინებელი დასაწყისშივე.

მე თვითონ ვარ ის კაცი, რომელიც საქართველოს გაბრწყინების საკითხს სკეპტიკურად კი არა, ირონიულად უყურებდა, მაგრამ ახლა მწამს, რომ ეს ასე იქნება და ეს მოხდება უახლოეს მომავალში - შესაძლოა ჯერ კიდევ ჩვენს თაობაში. 
 
ამასთან, მინდა ჩემი ძვირფასი მკითხველი გავაფრთხილო. თუ მასაც სწამს, რომ საქართველო გაბრწყინდება, მაგრამ მასში თავის როლსა და ადგილს ვერ ხედავს, მაშინ მას ტყუილად სწამს. მის გარეშე არაფერი მოხდება. მისთვის მისი ქვეყანა სიბნელისა და ბოროტების  ისეთივე უფსკრულად დარჩება, როგორსაც ახლა ხედავს.
 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: