რა ემუქრება „რუსთავი-2"-ს, ანუ, ამის პატრონმა რა ქნას?!
„სამართალმა პური ჭამა", „სამართალმა იზეიმა"- ასე გამოეხმაურა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი-2"- საკუთრებაში დაუბრუნდა.
კატეგორიულად არ ვეთანხმები საზოგადოების ეგზალტირებული ჯგუფის ემოციურ აღტკინებას, რადგან, უსამართლო ქვეყანაში სამართლიან გადაწყვეტილებას არ იღებენ!
„რუსთავი-2"არ არის ჩვეულებრივი ბიზნეს-სტრუქტურა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ წართმეული ქონების კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებად ჩავთვალოთ. რაც არ უნდა „ხბოს აღტაცებით" ვიყოთ გაბრუებულნი, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ვითომ სამართლებრივ საბურველში შეფუთა.
აბა გავიხსენოთ, რამდენი უკიდურესად არაადამიანურად წართმეული ქონება არ დაბრუნებია მის კანონიერ მფლობელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რამდენი დღესაც ამაოდ ელოდება, რომ „სამართალმა პური ჭამოს" და მის ოჯახშიც „სამართლიანობამ იზეიმოს"!
„რუსთავი-2"-ის მესაკუთრეთა ბურუსით მოცული ისტორია გვაფიქრებინებს, რომ, ქიბარ ხალვაში მაშინაც (როცა მას ეს ტელეკომპანია ძალით აყიდინეს) და დღესაც (როცა მის „დაბრუნებაში" ეხმარებიან) გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური მიზნების სისრულეში მოსაყვანად - დიახ, მას არც მაშინ და არც დღეს არაფერში სჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი „რუსთავი-2"-ის სახით და ამას არც თვითონ მალავს, მაგრამ, ეს სჭირდება იმ ძალას, რომელსაც ეს ტელეკომპანია ყელში აქვს გაჩხერილი!
რამდენიმე წელია თითქმის არც ერთ ტელევიზიას არ ვუყურებ, მაგრამ, „ჭურში" ნამდვილად არ ვზივარ - თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა შენთვის სასურველი ინფორმაცია სხვა წყაროებითაც მიიღო. აქედან გამომდინარე, მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ვიშვიშებს, რომ „რუსთავი -2"ის მესაკუთრის (თუმცა, აქ სიტყვა „მესაკუთრე" პირობითია) და შესაბამისად, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში თავისუფალ მედიას საქართველოში საფრთხე შეექმნება!
ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: „რუსთავი-2" არ არის ქართული თავისუფალი მედიის ნიმუში-პირიქით, იგი იმ პოლიტიკური დაჯგუფების რუპორია, რომელმაც ცხრაწლიანი ჯოჯოხეთი არგუნა საკუთარ ხალხს, ეს ის მედიასაშუალებაა, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოყვანაში („გამარჯვებული ხალხის ტელევიზია"), მისი უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების „გაპრავებაში" და ხალხის ბოლომდე ზომბირებაში!
ამდენად, „რუსთავი-2" არ შეიძლება იყოს თავისუფალი მედია საშუალება, რადგან, ნებისმიერი მედია იმ კერძო პირის თუ დაჯგუფების ინტერესებს ემსახურება, რომელიც მას აფინანსებს.რაც შეეხება მის ოპოზიციურ მუხტს, ამ შემთხვევაშიც იგი „მფარველის" ინტერესებსაა ამოფარებული და სარედაქციო პოლიტიკას ყოველთვის ტენდენციურობის ბეჭედი აზის!
„რუსთავი-2" არც ქიბარ ხალვაშის პატრონაჟის ქვეშ იქნება თავისუფალი სიტყვის გარანტი და საზოგადოების ინტერესების გამომხატველი - ამას ვერც დაავალდებულებ!
ერთადერთი ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებაზე შეიძლება გვქონდეს პრეტენზია, ეს საზმაუა (საზოგადოებრივი მაუწყებელი), რომელიც ხალხის ჯიბიდან ფინანსდება და რომლის მომავალიც სამწუხაროდ „რეფორმების" ბურუსშია გახვეული!!!
შეიძლება თამამად ითქვას, რომ: „რუსთავი-2"-ის მესაკუთრის შეცვლით ქვეყანაში არც სამართლიანობა აღდგენილა და არც ხალხის სასიკეთოდ შეიცვლება რამე-იგი ვერ გახდება საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელეკომპანია, რადგან, „ნაციონალებს" უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკური ძალები ჩაანაცვლებენ... არც ის არის გამორიცხული, ხალვაშმა „თავი" არ აიტკიოს(ეს სქემა შეიძლება უკვე დამუშავებულიც იყოს) და ტელეკომპანია გაყიდოს კიდეც.მყიდველი აუცილებლად სავარაუდოდ უკვე საკმაოდ გამსხვილებული ტელეკომპანია იქნება!
რადგან სიტყვა გაყიდვაზე ჩამოვარდა, საკმაოდ არაადეკვატურად მეჩვენა ნიკა გვარამიას მიმართვა ქიბარ ხალვაშისადმი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის კოლექტივს შეასყიდოს, ანუ, შეასყიდოს იმას(დავარქვათ პირდაპირ სახელი-„ნაციონალურ მოძრაობას"), ვისგანაც, როგორც ხშირად აპელირებენ, უკანონოდ წართმეული დაიბრუნა!
უნებლიეთ მებადება კითხვა: თუ „რუსთავი-2"-ის კოლექტივს(თავმჯდომარის სახელს არ დავასახელებ, რადგან, ყველამ იცის!)ტელეკომპანიის შესყიდვის ფინანსური რესურსები გააჩნია, ადგეს და გააკეთოს „ახალი რუსთავი-2" - ე.წ. პროფესიონალი „სტაფი" არა ჰყავს თუ რა?!
არა, მას მაინცდამაინც თავის დროზე მუქთად ნაშოვნი, ინტრიგებში გამობრძმედილი „რუსთავი-2" უნდა და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული.ეჭვი არ მეპარება, ეს ყველაფერი შეგნებულად (გეგმაზომიერად) კეთდება და „რუსთავი_2" კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი აღტკინებისა და ურთიერთდაპირისპირების სამსალა!
P.S.ეს ანალიზი მხოლოდ ჩემეულ ხედვას და ინტუიტიურ ვარაუდს ეყრდნობა.დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
ზაურ ნაჭყებია