ეკონომიკურ გარდაქმნებში ათქვეფილი ზნეობრიობა!
წერილი მეექვსე
ვაგრძელებთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ჭითანავას სტატიების ციკლის _ „ეკონომიკური ზიგზაგები და პასუხგაუცემელი კითხვები“ _ გამოქვეყნებას.
ამჯერად გთავაზობთ მეექვსე წერილს _ „ეკონომიკურ გარდაქმნებში ათქვეფილი ზნეობრიობა!“
როგორც წინა წერილებში აღინიშნა, საქართველოში გარდამავალ პერიოდში გარდაქმნების ამოცანა პოლიტიზებული იყო. განისაზღვრა _ ძველი (იგულისხმება სოციალისტურად წოდებული ეკონომიკა, კულტურა, მორალი) საძირკველშივე უნდა მოისპოს, საბჭოთა პერიოდში ცხოვრება ჩაითვალოს მოქალაქეობრივ ნაკლად, ხოლო იმ დროს აქტიური მოღვაწეობა, ერის საწინააღმდეგო ქმედებად. ასეთი რევანშისტული სულისკვეთება თან ახლდა ძველის მყისიერად ნგრევისა და ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ ლოგიკით, თითქოს, ახალი ცხოვრების დაწყებას. ამ უკანასკნელის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა არა მხოლოდ „საცდელ-პოლიგონ-ქვეყანას“, არამედ მსოფლიო თანამეგობრობის სახელით მოქმედ სტრუქტურებსაც (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.), რომელთა „რეცეპტებით“ („შოკური თერაპია“) საქართველოში უნდა შექმნილიყო ახალი ტიპის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, მორალი და სხვა ბევრი რამ ახალი, მაგრამ ისე, რომ შემოთავაზებული ახლის ბუნება, თუნდაც მისი კონტურები არა მხოლოდ მაშინ, დღესაც გაცნობიერებული არ არის.
ქვეყანა ფუჭ ილუზიებში მოექცა, ახლაც იმის მოლოდინშია, რომ ვიღაც მოწყალების თვალით გადმოხედავს, უანგაროდ დაეხმარება, ყოველმხრივ შეეცდება დაქუცმაცებული, დროსა და სივრცეში გაფანტული მისი ინტელექტუალური პოტენციალი აღადგინოს და ქვეყანა შეძლებს თავისი ისტორიული როლის მომავალშიც შესრულებას. ასეთ ეიფორიაში ყოფნამ საზოგადოებაში დაამკვიდრა სხვის ხარჯზე ცხოვრების სტილი.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კრიმინალურ აზროვნებას იძულებით ეზიარა და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე უნდობლად ეკიდება. გარდაქმნების დასაწყისში ეროვნული სიმდიდრის საყოველთაო ძარცვის გარემოს შექმნით, შემდგომ კი მისი გავლენით ჩამოყალიბდა ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც დღესაც ასტიმულირებს გულგრილობის განუკურნებელ სენს, რომელიც ტრადიციულად, ყველა დროს ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას.
ყოველივე ამას ხელი მნიშვნელოვანწილად შეუწყო „ძველის“ და „ახლის“ დაპირისპირებამ, რაც პოლიტიკური კატაკლიზმების გაღრმავების გარე და შიდა ინიციატორების წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ ოსტატურად გამოიყენეს ბასრი იარაღი _ „კლასობრივი ბრძოლის“ ფილოსოფიით ნასაზრდოები, „შადიმანიზმზე“, როგორც მსოფლმხედველობაზე მორგებული დაბეზღების, ცილისწამების, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მოთხოვნებით „ანგარიშსწორება განსხვავებული აზრისთვის“.
ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ხელისუფლებაში ახალგაზრდა თაობა მოვიდა, ისე, რომ მინიმალურადაც ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენაც ვერ მოასწრო. ცნობილია, რომ ყველა ეპოქაში სამი თაობა ცხოვრობს _ უფროსი (ცხოვრებით დაბრძენებული), საშუალო (მოცემულ დროსთან მიმართებაში უფრო განათლებული, მობილური, ალტერნატიული ორიენტირების არჩევის უნარით აღჭურვილი) და უმცროსი (ქვეყნის სოციალური ენერგიის განახლების წყარო). საქართველოში ქვეყნის ორიენტაციის განსაზღვრის გადამწყვეტ ეტაპზე, დრომ, უმცროს თაობას თავს მოახვია არაბუნებრივი ამოცანა _ ეკისრა ექსტრემალურ პირობებში ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ლიდერის ფუნქცია. ქვეყნის განვითარების ახალ ტრაექტორიაზე გადასასვლელი „ხიდი“ მხოლოდ ცენტრალური საყრდენის ამარად დარჩა (საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქვეყნის უმცროსი თაობის ფოკუსირებით) და ბუნებრივია, საზოგადოების განვითარების ბურუსით მოცულ გარემოში დაიწყო გარდაქმნების პროცესების ერთი „ნაპირიდან“ _ მეორეზე გადასვლა „აიწონა-დაიწონას“ პრინციპით. შედეგები სახეზეა. ქვეყანამ განვითარებაში დიდი პაუზა დაუშვა.
სამწუხაროდ, ისევ გრძელდება საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირება. ძველი თაობა, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის აღმშენებლობაში, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების განვითარებაში, მოქალაქეობრივი მრწამსით, ერთგულებით ქვეყნისადმი, კეთილსინდისიერი შრომით გამორჩეული, იგნორირებული აღმოჩნდა და არარაობის გამოგონილ პერსონაჟებად და საზოგადოების კორუმპირებულ ფენებად ჩაითვალა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ე.წ. თავისუფლების ქარტია, რომელიც ხელოვნურად შეთითხნილ პრეტენზიებს ეყრდნობა, ბრმად ასრულებს „დამოკლეს მახვილის“ როლს და ქვეყნის გამთლიანების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ამ ქარტიით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ იგი სამართლიანობის პრინციპებს უგულებელყოფს, ქვეყნის განვითარებას ხელოვნურად შექმნილი ბარიერებით აფერხებს, საზოგადოებაში უნდობლობას ნერგავს. ასეთი მოქმედება არა მხოლოდ უზნეობაა, არამედ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ აგრესიული დამოკიდებულებაც.
როგორც ბუნებაში, ასევე საზოგადოებაში უნივერსალური კანონი მოქმედებს: ცოცხალი არსება იბადება, იზრდება, კვდება. მოდის ახალი, ისიც თავის დროზე იმავე გზას გაივლის, მაგრამ განსხვავებულ გარემოში, მხოლოდ დროა სხვადასხვა. ეს ყველა თაობამ უნდა იცოდეს!
სამწუხაროდ, ქართველებმა ერთმანეთზე „საბოლოო გამარჯვებას“ დიდი ენერგია, ნიჭი და გულმოდგინება შევალიეთ და სწორედ ეს უაზრო ბრძოლა სხვადასხვა ფორმით დღესაც გრძელდება. ეს ადასტურებს, რომ ეგოიზმი, დოყლაპიობა, ამბიციურობა (რომელიც პიროვნულ განდიდებას ეყრდნობა), სიზარმაცე (შრომის გარეშე კარგი ცხოვრებისკენ ლტოლვა), ცბიერება (როცა ეროვნულის „დაცვის“ ნიღბით ანგარების ჩადენას არ თაკილობს), თათქარიძიზმი და სხვა უარყოფითი თვისებები, რაზედაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე მიანიშნებდა, კონცენტრირებულად ერთ სიბრტყეზე აღმოჩნდა, მასშტაბური ხდება და ქვეყნისთვის საშიშ მუქარად უნდა აღვიქვათ.
ასეთმა სიტუაციამ (ახლო წარსული არ უნდა დავივიწყოთ) ხელი შეუწყო გარდაქმნების ავანტიურისტული პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებას. დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რამდენად ზნეობრივი ყოფილან ისინი, ვინც უცოდინრობით (უპასუხისმგებლობით), გარედან თავს მოხვეული დოქტრინებით ბრმად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ქვეყნის მოსახლეობას თავს ახვევდნენ განვითარების არასწორ გზას (რასაც მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება მოჰყვა).
როცა ხელისუფლება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების ნაცვლად, თუნდაც თავისი პასიურობით (წაყრუებით), ითმენს სახელმწიფო და პიროვნების ქონების ძარცვას, მატერიალური და სულიერი დოვლათის ძალის მეშვეობით გადანაწილებას, როცა პატიოსანი კაცი ყოველმხრივ შევიწროვებულია, ადამიანი (მისი სიცოცხლეც და საკუთრებაც დაცული არ არის, როცა დაკისრებული (მიტაცებული) მოვალეობების შესრულების უნარი არა აქვს და მაინც ებღაუჭება შემთხვევით მიღებულ მდგომარეობას, რათა პიროვნული სიამოვნების ჭია გაახაროს, შეიძლება ზნეობრივ პრინციპებზე იდგეს?!
როცა ქართველი კაცი მოძალებული ანგარებითი ინსტიქტების გამო ქვეყნის ქონებას (ასევე მოქალაქისას) იპარავს და იგი თანაც გარეთ გააქვს (თურქეთი ან სხვაგან) და სპეკულაციის გზით ნაშოვნ კაპიტალს ისევ საკუთარი ქვეყნის გაძარცვისთვის აბანდებს, როცა იგი ხიდებს, საწარმოებს, სკოლებს და სხვა საზოგადოებრივ ობიექტებს აფეთქებს, ანგრევს, სოფლებსაც გადაწვავს და ამით ეროვნულ ეკონომიკას, საერთოდ საქვეყნო საქმეს, დიდ ზარალს აყენებს, არც ერთ ენაზე ამას არ შეიძლება ზნეობრივი ეწოდოს!
როცა ხელისუფლებაში ან სხვა სტრუქტურებში მყოფი კორუფციაში (მისი სხვადასხვა ფორმით, უშუალო თუ შენიღბულით, ელიტურის სახითაც) მყარად იჯდა (ზის), სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ქრთამებს იღებდა (იღებს) და ამით საშიშ მაგალითს ქმნის კეთილსინდისიერი შრომისა და წარმატებული სწავლისთვის მორალური საფუძვლების გამოსაცლელად, ყველაფერს ფულით ზომავს, პატიოსნებას ფულით თრგუნავს, და ამით აბეჩავებს თანამოქალაქეს, აიძულებს მას ეზიაროს კრიმინალურ ცნობიერებას, ფსიქოლოგიურად პიროვნებაში ცდილობს გაორებული კაცუნის აღზრდას „შადიმანიზმის“ ბაცილებით დაავადებული დოგმებითა და ხერხებით, ასეთი მოქმედება შეიძლება კეთილსინდისიერ მოქმედებად ჩაითვალოს?
როცა სოციალურ-ეკონომიკური გარემო, ძალის, თანაც სახელმწიფოს სახელით (რომელიც „დემოკრატიული გზით“ არის ფორმირებული) უხეშად გამოყენების უსაზღვრო შესაძლებლობანი, თავისუფლებამოპოვებული ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლებას შრომაში, სწავლასა და შესაბამისად მოხმარებაშიც არ აზიარებს, გარდაქმნების დემოკრატიულობის მიმართ ეჭვი იქმნება. მაშასადამე, მის მიმართ ნდობის საკითხი დგება. ნდობის გარეშე კი რწმენა არ არის. რწმენის გარეშე ხომ ადამიანი არ შეიძლება სრულყოფილი იყოს!
როცა პოლიტიკოსი (რამდენადაც თავს უწოდებს) საზოგადოების წინაშე კოხტაპრუწობით თავს იწონებს და პოპულიზმზე, საზოგადოების მოტყუებაზე აგებს თავის „სტრატეგიას“, მოუწოდებს (მოუწოდებდა) ადამიანებს, კოლექტივებს გაფიცვების, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობის განმსაზღვრელი ობიექტების პარალიზებისკენ, ხელს უშლის (უშლიდა) შრომისა და სწავლის პროცესს, ზოგჯერ გახუნებულ პოლიტიკურ ლოზუნგს ამოფარებულის ყოველი აზრი, რაც ცხოვრებასთან პირველივე შეხებისას იმსხვრევა, არარეალურია, როცა მოსახლეობას უბიძგებს, რომ ყველაფერი, რაც კი ეროვნული სიმდიდრეა მოიცავს, მხოლოდ მისია და შინ წაიღეთო და ამას რეალურად საზოგადოებრივი ქონების დატაცების შეუქცევადი პროცესი მოჰყვა, ზნეობრიობის მაგალითად არ გამოდგება.
ამიერიდან მაინც გავაცნობიეროთ, რომ საზოგადოებაში განსხვავებული ინტერესების (შესაბამისად პოზიციების) არა დაპირისპირება, როგორც დღემდე გვაქვს, არამედ ინტერესების ერთმანეთის „შეუბღალავად და დაუმონებლად ბედნიერი მორიგებაა“ სისტემური კრიზისიდან გამოსვლის პოლიტიკურ-ზნეობრივი პრინციპი.
საქართველოში გარდაქმნების პროცესში დაფიქსირდა ინტერნაციონალური ბუნების ნიუანსი, რომელიც ფაქტობრივად შენიღბული დარჩა. საბჭოთა სისტემის წნეხქვეშმყოფმა კრიმინალიზმმა, როგორც განსაკუთრებულ შეხედულებათა და ქცევის სისტემამ, საზოგადოებრივი განვითარების რეგულირების ფუნქცია იკისრა საბჭოთა სისტემის შეცვლისთანავე (რომელშიც ექსკლუზიური როლიც შესრულა) და ასპარეზზე გამოვიდა დემოკრატიისა და ეროვნული ლოზუნგებით.
მოხდა ის, რაც ასეთ სიტუაციაშია მოსალოდნელი: კრიმინალური და სახელისუფლებო სტრუქტურების ინტეგრირება. ეს ორივესგან, ერთდროულად და იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. მოცემულ სიტუაციაში ორივეს ერთმანეთი სჭირდებოდათ, თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს დროებითი შეთანხმება იყო მხოლოდ. ქვეყანაში კრიმინალური აზროვნება არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების, არამედ ადამიანების ქცევის მოტივაციის ხელშემწყობ ფაქტორად ჩამოყალიბდა. ქართულმა საზოგადოებამ მისი გავლენა, ბუნებრივია, უშუალოდ განიცადა (ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობები, შეიარაღებულ ბანდებში მცირეწლოვანთა, ასევე ქალების მონაწილეობა და სხვა შემთხვევითი მოვლენები არ იყო).
ახალი ტიპის კრიმინალიზმი, რომელიც ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში „დემოკრატიული გზით“ არჩეულ ხელისუფლებას შეერწყა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „დამფუძნებელია“ უდიდესი პოტენციალის მქონე მონსტრისა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში თანამედროვე „საერთაშორისო ტერორიზმად“ მოიხსენიება. იგი ინტერნაციონალიზაციის არნახულ მასშტაბებს იძენს და ფაქტობრივად ცდილობს საკუთარი „მსოფლმხედველობა“ თავს მოახვიოს დანარჩენ მსოფლიოს. ნაცვლად დაპირისპირებისა „აღმოსავლეთ-დასავლეთი“ ფაქტობრივად შეიქმნა დაპირისპირების ახალი მოდელი „დემოკრატია“ თუ „ტერორიზმი“. ყალბად გაგებულმა დემოკრატიამ, კრიმინალიზმი, როგორც ასეთი, მიზანმიმართულად მიიყვანა სახელმწიფო მართვის სტრუქტურებში, რომელსაც ჰიბრიდული წარმონაქმნის _ ახალი ტიპის ოლიგარქიის ფორმირება მოჰყვა. დღეს კი ტერორიზმი ინტერნაციონალურ პრონციპებზე დამყარებულ საშიშ ძალად ჩამოყალიბდა და სამართლიანობისა და ჰუმანიზმის საფუძვლებზე კაცობრიობის განვითარებას აფერხებს (ბოლო წლებში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და ევროპისთვის ტერორისტული საფრთხის გადასვლა მუდმივი მუქარების კატეგორიაში, ამას ადასტურებს).
ყოველივე ეს და სხვა მრავალი მაგალითი ადასტურებს იმას, რომ ეკონომიკის გარდაქმნების რთული პროცესი ზნეობრივი თვალსაზრისითაც, არასწორად წარიმართა. ამიტომ, საერთოდ გარდაქმნების მიმართ საზოგადოება სკეპტიკურადაა განწყობილი. მას კარგად ახსოვს, რომ ეკონომიკური რეფორმები, თითქმის ყოველთვის, მარცხით მთავრდებოდა. საინტერესოა, რომ ადრე და ახლაც მიმდინარე გარდაქმნების წარუმატებლობის მიზეზები თითქმის იდენტურია. მაგალითად, რეფორმები ყოველთვის დაგვიანებით იწყებოდა, არასწორად განისაზღვრებოდა მიზანი და მისი მიღწევის საშუალებები, როგორც წესი, არასწორად განისაზღვრებოდა, პროგრამებს მეცნიერული დასაბუთება აკლდა. რეფორმების წამომწყებნი (უფრო მიტმასნილნი) ღარიბი ინტელექტუალური დონის გამო თავად ვერ აცნობიერებდნენ გარდაქმნების მიზანს, უფრო მეტად "რეფორმატორის" სტატუსის მოპოვებისთვის სჭირდებოდათ საკუთარი „ინიციატივები“.
მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიურ განწყობას ქვეყნის გარდაქმნების ისტორიულ ეტაპებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, აქვს და ექნება!
უცოდინრობა თუ უპასუხისმგებლობა?
(ეკონომიკის გარდაქმნებში დაშვებული შეცდომების მიზეზები)
საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში (იგი ამჟამადაც მიმდინარეობს) თეორიულ-ეკონომიკური ხასიათის შეცდომა იყო ის, რომ სწორად (ობიექტურად) ვერ განისაზღვრა ქვეყნის ეკონომიკის ახალ თვისებრიობაში გადასვლის სასტარტო გარემო და არსებული პოტენციალი. ყურადღება არ მიექცა განვითარების უნიკალურ ხასიათს, რომ ტრანსფორმაცია იწყებოდა თვისებრივად სხვა სასტარტო პირობებიდან, ვიდრე ეს განხორციელდა თავად კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში.
გეგმიანი ეკონომიკა იყო გარდაქმნების სასტარტო ბაზა. მას გააჩნდა საწარმოო ძალების განვითარების არცთუ დაბალი დონე (პრიორიტეტიც: კოსმოსის ათვისება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი), საკუთარი საწარმოო-სამეცნიერო, სოციალური, საკადრო პოტენციალი, მენეჯმენტის სათანადო ფორმები, ინტეგრაციული პროცესების მართვის გამოცდილება. ამ, ისტორიულ მემკვიდრეობას ანგარიში არ გაეწია და დაიწყო გადასვლა „კლასიკურ კაპიტალიზმზე“ (ფაქტობრივად „ველურ კაპიტალიზმზე), ეს მაშინ, როცა სოციალისტური ეკონომიკა უფრო ახლოს იდგა თანამედროვე ეკონომიკურ სისტემასთან, ვიდრე XIX საუკუნის „ველური კაპიტალიზმის“ მოდელთან. აწმყოს (განსაკუთრებით მომავლის) წარსულში გადაყვანის უბადრუკი ცდა კრახით დამთავრდა _ ეს მოვლენა ძირითადად ქართული ხელწერისაა.
თეორიული და პოლიტიკური ხასიათის შეცდომა ის იყო, რომ იდეოლოგიზებული დოქტრინა _ „შოკური თერაპია“ საქართველომ ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის მთავარ სტრატეგიად აღიარა. უფრო სწორად, მას თავს მოახვიეს აღნიშნული თეორია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ გარემოში, როგორც მოსალოდნელი იყო, არაადეკვატური აღმოჩნდა. მან გააღრმავა ქაოსი, ხელი შეუწყო ეროვნული ქონების საყოველთაო ძარცვის წინაპირობების მომზადებას.
თეორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი ხასიათის შეცდომა იყო არსებული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის სტიქიურად, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გარეშე დაშლა, გარდაქმნების რთული პროცესის სახელმწიფოებრივ რეგულირებაზე უარის თქმა (იმის იმედით, რომ ფორმირებადი საბაზრო მექანიზმები თავად უზრუნველყოფდნენ თვითგანვითარების რეჟიმში გადასვლას). სახელმწიფოს „ნიშა“ აითვისა კრიმინალური ცნობიერების საფუძველზე სპონტანურად აღმოცენებულმა სტრუქტურებმა (ჯგუფებმა), რომლებიც ოლიგარქიის ტრადიციული პრინციპებით შეერწყა სახელისუფლებო ინსტიტუტს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი გარდაქმნების „ლიდერად“. ეკონომიკური ცხოვრება აღმოჩნდა ბაზრის კრიმინალურ მაფიოზური რეგულირების სტადიაში, რამაც ეროვნული სიმდიდრის დატაცების ხელსაყრელი გარემოს შექმნა დააჩქარა. სასაქონლო-ფულადი მიმოქცევის კონტროლის ფუნქცია ახალი ტიპის ფორმირებადმა ოლიგარქიამ მიითვისა. სახელისუფლებო სტრუქტურებში „ახალი აზროვნებით“ მოსულთა უმრავლესობამ „ისტორიული“ ამოცანა შეასრულა და სოციალისტურად მიჩნეული ეროვნული ეკონომიკა პირწმინდად დაანგრია. დროებით ასპარეზიდან გავიდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ეკონომიკის დაუძლურებული ორგანიზმის გადარჩენილი ნაწილით იკვებება (მიტაცებული ქონებიდან დარიცხული დივიდენდების სახით), თანაც მამულიშვილობის ამბიციებით ყოველმხრივ ცდილობს კონკრეტულ სიტუაციაში შემოთავაზებული „თამაშის წესები“ დაიცვას და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილად წარმოდგეს. ეს იმიტომ, რომ ეროვნული სიმდიდრის მძარცველთა ქმედება საზოგადოებას არ დაუგმია. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. სახელმწიფო იმდენად სუსტი იყო, რომ სწორად ვერ განსაზღვრა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავალი, საბედისწერო როლი შეასრულა სახელმწიფოს მართვაში პირდაპირ ქუჩიდან მოსულთა არაკომპეტენტურობამ. სამწუხაროდ, ეს პროცესი არ დამთავრებულა. ასეთ პირობებში სახელმწიფოს პოლიტიკას აღმშენებლობისთვის საჭირო სოციალური ენერგია, საზოგადოების მხარდაჭერა და მართვის ბერკეტებიც არ აღმოაჩნდა.
ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების განხორციელებისას დაშვებულ იქნა სტრატეგიული ხასიათის მეთოდოლოგიური შეცდომებიც.
კერძოდ, „რეფორმები“ ეკონომიკის დარგების მიხედვით ერთმანეთისგან იზოლირებულად წარიმართა. მას კომპლექსური, თანმიმდევრული ხასიათი, ერთიანი მეთოდოლოგია არ ჰქონია (ახლაც არა აქვს). როგორც აღინიშნა, საბედისწერო როლი „შოკურმა თერაპიამ შეასრულა. სახელმწიფო ფაქტობრივად ტრანსფორმაციის რთულ პროცესს ჩამოცილდა და ეს გაამართლა იმით, რომ იგი აქტიურად ამ პროცესებში არ უნდა ჩართულიყო. ლიბერალიზაცია, როგორც ეკონომიკური პროცესების რეგულირების ფორმა (მექანიზმი), არასრულფასოვნად იქნა გამოყენებული, ფაქტობრივად, იგი გახდა ეკონომიკური რეფორმების სტიქიური განვითარების სინონიმი. დადასტურდა, რომ როდესაც ეკონომიკის განვითარებაში ლიბერალიზმი ძირითად ფუნქციას დაკარგავს (პირველ რიგში თვითგანვითარების ხელშეწყობა და ამით „მთვლემარე“ ძალების პროგრესულ პროცესებში ჩართვა, რათა განვითარება ბუნებრივი კალაპოტით წარიმართოს), სტიქიურ ძალად გადაიქცევა და ეკონომიკურ გარდაქმნებს შეაფერხებს.
ლიბერალიზმი (მეთოდი, მექანიზმი) აუცილებელია, იგი განვითარების მუდმივად თანმდევი პროცეს-ნაკადია, მაგრამ არ შეიძლებოდა, რომ მას ექსტრემალურ პირობებში საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორის როლი დაკისრებოდა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ლიბერალიზაცია, როგორც ასეთი, ექსტრემალურ პირობებში ვერ უზრუნველყოფს გაფართოებული კვლავწარმოების „მზიდი კონსტრუქციის“ როლის შესრულებას. რეგულირების სხვა მექანიზმებიც არის საჭირო, რაც გამოიხატება ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების აუცილებლობაში. ამას, თუმცა დიდი დაგვიანებით, პოლიტიკოსები და მეცნიერებიც აღიარებენ, მათ შორის, ზ. ბზეჟინსკი, ჯ. სტიგლიცი, ჯ. სოროსი და სხვებიც.
სახელმწიფოს გარდამავალ ეტაპზე უნდა შეესრულებინა სისტემაშემქმნელი სუბიექტის როლი. ეს გამომდინარეობდა თავად სოციალისტური სისტემის ბუნებიდან. საზოგადოებრივი (სახელმწიფო) საკუთრების დომინირებადი როლი და მისი გარდაქმნა კერძო საკუთრებად (პრივატიზაცია), ცენტრალიზებული დაგეგმვის პრინციპების შეცვლა (საბაზრო სუბიექტების ჩამოყალიბება), არჩევანის და მოტივაციის თავისუფლება, საბაზრო ფასებისა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება მოითხოვდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, საერთოდ ინსტიტუციურ გარდაქმნებს. სამწუხაროდ, ეს ფუნქციები გადაეცა ე.წ. უხილავ ხელს (ლიბერალიზაციას) იმ იმედით, რომ ყოვლის შემძლე ბაზარი ყველაფერს თითონ მოაგვარებდა.
ამრიგად, გარდაქმნების პერიოდში დაშვებული შეცდომებიდან უმთავრესი (განმსაზღვრელი) იყო ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების, როგორც ფაქტორის როლის უგულებელყოფა.
ამან გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა განვითარების სხვადასხვა ეტაპზეც ერთი და იგივე ხელწერით _ სპონტანურად ჩამოყალიბებული სიტუაციების უშუალო გავლენით ყალიბდებოდა. ამიტომ იგი სტაბილური არ იყო, დროის ცვალებადობას ვერ უძლებდა, ამასთან, მწირი ცოდნისა და ღარიბი მსოფლმხედველობითი პოზიციების მქონე შემთხვევითი ადამიანების გატაცებათა და ილუზიების რეალიზაციის ასპარეზიც გახდა. პოლიტიკამ მთავარი ნიშანი _ სერიოზულობა, კომპეტენტურობა, შესაბამისად, მანევრირების ადეკვატური უნარი დაკარგა. ამიტომ, ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესმა, როგორც ბუნებრივად ობიექტურმა მოვლენამ მთლიანობითი სისტემის ფორმა და შინაარსი დაკარგა და ახალ თვისებრიობაში გადასვლის ობიექტური პროცესი დამანგრეველი ფაქტორი გახდა. სახელმწიფო საზოგადოებრივი პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად ჩამოყალიბდა.
ამრიგად, „საბჭოთა ხელწერამ“ მაღალეფექტიანი ეკონომიკა ვერ შექმნა, „ეროვნულმა, დემოკრატიულმა ხელწერამ“ ეკონომიკა სისტემური კრიზისის ქრონიკულ ფაზაში შეიყვანა, ამიტომ კითხვაზე: რამ განაპირობა წარუმატებლობა _ უცოდინარობამ თუ უპასუხისმგებლობამ? _ პასუხი შეიძლება იყოს ერთადერთი: ორივემ ერთად! ეს ძვირად დაუჯდა საქართველოს. დღეს მაინც არავისი დარწმუნება არ დაგვჭირდება იმაში, რომ ძლიერი ეკონომიკის გარეშე პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია ფიქციაა. ეფექტიანი ეკონომიკაა სახელმწიფოს სიმტკიცის საფუძველი, ეფექტიანობა კი ვერ მიიღწევა ძლიერი სახელმწიფოს გარეშე. მათი ურთიერთგანპირობებულობის მაღალი ხარისხი მუდამ უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ორიენტირი.
ნოდარ ჭითანავა,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი