რატომ არ უნდა ვაკრიტიკოთ ივანიშვილი და რა კოზირი აქვთ "ნაციონალებს"?

რატომ არ უნდა ვაკრიტიკოთ ივანიშვილი და რა კოზირი აქვთ "ნაციონალებს"?

ივანიშვილის განცხადებამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, რომ ტარიფები არ განახევრდება, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ტარიფების განახევრება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო და უნდა შესრულდეს!

 

სხვათა შორის, ივანიშვილს თავის სიტყვებსაც ახსენებენ, როცა მან წინასაარჩევნოდ  პირობა დადო, რომ თუ საბიუჯეტო სახსრები საკმარისი არ იქნებოდა მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად, იგი საკუთარ ფინანსურ რესურსებსაც დაახმარებდა. 

 

ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო რიტორიკა იყო, მაგრამ ხალხმა მაინც დაიჯერა. რადგან ეს დაპირება ივანიშვილისგან, სწორუპოვარი ქართველი მეცენატისგან მოდიოდა. 

 

მე არ გამოვრიცხავ, რომ რეალური საჭიროების შემთხვევაში, ივანიშვილმა მართლაც დაახმაროს ქვეყანას საკუთარი ფინანსური რესურსები, მაგრამ, ამ შემთხვევაში იგი, როგორც მთავრობის მეთაური, სწორად იქცევა ამასთან მან სწორი აქცენტი გააკეთა, როცა ტარიფების დაწევასთან (და არა განახევრებასთან) ერთად ხაზი გაუსვა იმას, რომ უმჯობესია ქვეყანაში სოციალური ფონი გაუმჯობესდეს და მოსახლეობას იმის საშუალება მიეცეს, რომ თავისუფლად გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. 

 

ივანიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალებისგან" მიღებული ბიუჯეტი არ იძლევა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების გარანტიას, მაგრამ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. პრემირი მართალია იმაშიც, რომ ჯერ უნდა დადგინდეს ენერგორესურსებზე ფასწარმოქმნის კრიტერიუმები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რამდენი თეთრითაა შესაძლებელი ტარიფების რეგულირება. 

 

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მოქმედი ტარიფები სახელმწიფოსა და უცხოურ კერძო ენერგოკომპანიებს შორის დადებულ ხელშეკრულებებს ეფუძნება და ერთი ხელის მოსმით მათი უგულებელყოფა შეუძლებელია. 

 

თუმცა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ყველა ასეთი ხელშეკრულება გადაიხედება და თუ იქ საქართველოსთვის მიუღებელი პირობებია გათვალისწინებული, აუცილებლად გაუქმდება (ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ "ნაციონალები" საკუთარი ჯიბის გასქელებაზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე ხალხის ბედზე და სახელმწიფო ინტერესებზე).

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილის განცხადებაში ყველაზე მეტად მისი გულწრფელობაა დასაფასებელი_ "ნაციონალებისგან" განსხვავებით, ის არ იტყუება და როგორც პრემიერ-მინისტრი, ფუჭ დაპირებებს არ იძლევა!

 

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით "რძის მდინარეები არ იდინებს-მეთქი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ წლების მანძილზე გაფუჭებული საქმის ერთ თვეში ან, თუნდაც, ერთ წელიწადში გამოსწორება შეუძლებელია. ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ახალი ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნებიც რეალობის შესატყვისი უნდა გახდეს!

 

ახლა ისევ ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას დავუბრუნდები. მან ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. შეიძლება ზოგიერთ მოსაზრებებში არ დაეთანხმო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი საჩოთირო თემებზეც არ გაურბის საუბარს და საზოგადოებას საკუთარ ხედვას ქვეტექსტების გარეშე უზიარებს.  

 

ივანიშვილი, ალბათ, გულწრფელი იყო ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოსვლის პერიპეტიების განხილვასთან დაკავშირებითაც, თუმცა აქ უფრო დამაფიქრებელია მისი "აღსარება", რომ "დრო არ აქვს მიიღოს ინფორმაცია" და, აქედან გამომდინარე, არ იცის, ჰქონდა თუ არა მთავრობის რომელიმე წევრს ირაკლი ოქრუაშვილთან კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის ჩამოსვლა-დაკავება სამართალდამცავების პრეროგატივაა, ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა სახიფათოა პრემიერ-მინისტრისთვის. მით უმეტეს ოქრუაშვილი "ნაციონალების" მიერ დევნილი ჩვეულებრივი ფიგურა არ არის და ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობა ბევრ სარგებელს მოუტანს სამართალდამცავებს კანონიერების აღდგენასა და "ნაციონალების" დამნაშავე მაღალჩინოსანთა გამოვლენაში. ეს საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე გაირკვეს და ფარდა აეხადოს ბურუსით მოცულ ბევრ საიდუმლოს. 

 

განსაკუთრებით მინდა შევჩერდე ერთ დეტალზე ივანიშვილის გამოსვლიდან. მხედველობაში მაქვს პრემიერის მოსაზრება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში. მისი თქმით, "I არხი (ანუ საზოგადოებრივი მაუწყებელი) ჭეშმარიტად საზოგადოებრივი არხი უნდა გახდეს, რაც არ იყო და ის დღესაც ერთი ჯგუფის სამსახურს განმაგრძობს". ცხადია, ამ "ერთ ჯგუფში "ნაციონალური მოძრაობა" იგულისხმება, რაც საფუძველსმოკლებული ნამდვილად არ არის. ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე საზოგადოების სამსახურში არ დგას, საკამათო არ გახლავთ, მაგრამ მუდამ საკამათოა, როგორ უნდა გავხადოთ იგი "ჭეშმარიტად საზოგადოებრივი?!" 

 

ბატონ ბიძინას ამაზე საკუთარი რეცეპტი აქვს და მიაჩნია, რომ ეს ტელეკომპანია "მე-9 არხი"-სა და დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებლის შერწყმა-გაერთიანებითაა შესაძლებელი _ ივანიშვილი მზადაა საზოგადოებრივ მაუწყებელს მთლიანად გადასცეს "მე-9 არხის" ბაზაზე არსებული აპარატურა-დანადგარები თავისი ინტელექტუალური რესურსებით. ხოლო თუ ეს არ მოხერხდა, პირიქით უნდა მოხდეს _ საზოგადოებრივი მაუწყებელი "მე-9 არხის" ბაზაზე უნდა შეიქმნას! 

ვფიქრობ, სიტყვა "ან" ზედმეტია. იდეალური იქნება, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი "მე-9 არხის" ბაზაზე გაძლიერდება. სხვანაირად ის ყოველთვის გახდება არა მარტო "ნაციონალების", არამედ საზოგადოების გარკვეული ნაწილის განქიქების საგანი. საერთოდ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის ფუნქციას სათანადოდ არ ასრულებს, ამ შემთხვევაში მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს და საზოგადოებრივი ინტერესების გამტარებელი "ბორდი", ანუ სამეთვალყურეო საბჭო უნდა აირჩეს. ხოლო, თუ მას თანამედროვე აპარატურით უზრუნველყოფა სჭირდება, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმაოდ დასაფიქრებელია ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჟესტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარი რესურსებით გააძლიეროს. თუმცა, არ მივესალმები "მე-9 არხის" ბაზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორემირებას, რომელიც თუნდაც 20 წლით წინასწარ იყოს დაფინანსებული. ეს უარყოფით კვალს გარკვეული წლების შემდეგ აუცილებლად დატოვებს. 

 

საერთოდ, ფრთხილი მიდგომაა საჭირო მედიასთან ურთიერთობაში, ამიტომაც, ხელისუფლებამ, თუ მას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება სურს, ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი, ობიექტური მედია-საშუალებების ფორმირებას.  სამწუხაროდ, ამის ტენდენცია ჯერჯერობით მაინცდამაინც არ ჩანს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას დასაყრდენი საინფორმაციო საშუალებები სჭირდება, მან აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ მედია განთავისუფლდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მეურვეობისგან (შეგნებულად არ ვამბობ დიქტატისგან), რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოკვეთილი!

 

ზემოთ სამოქალაქო საზოგადოებას შევეხე და აქვე დავამატებ: სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ხელისუფლების კეთილი ნება სჭირდება. თუ ობიეტური ვიქნებით, დღევანდელი არასამთავრობო ორგანიზაციები (ე.წ. ენჯეოები) სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახის ფუნქციასაც ვერ ასრულებენ _ ისინი უფრო იმ საერთაშორისო სტრუქტურების დაკვეთას ასრულებენ, ვისგანაც ნოყიერად ფინანსდებიან. აქედან  გამომდინარე, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ხვალ-ზეგ სამოქალაქო სექტორში გადასვლას აპირებს, აქედანვე უნდა იზრუნოს აღნიშნული სექტორის გაძლიერებაზე. ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება თავის თავში ისეთ საზოგადოებას გულისხმობს, რომელიც საკმაოდ მგრძნობიარეა სამთავრობო პოლიტიკის მიმართ და ქმედით კონტროლს უწევს მის საქმიანობას. ასეთი ტიპის სამოქალაქო საზოგადოება მხოლოდ საკუთარ ნიადაგზე, საკუთარი რესურსით შეიძლება ჩამოყალიბდეს. სწორედ ამაშია ბატონ ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულლი როლი - მან თავისი რესურსების ნაწილი ამ საზოგადოების ფორმირებას უნდა მოახმაროს, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებულ და გაძლიერებულ სექტორში გადაინაცვლოს!

 

მე საკუთარ სტატიებში რამდენჯერმე ვისაუბრე საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც საზოგადოებსი ინტერესების გამომხატველი იქნება და მისი ფორმირება სწორედ საზოგადოების წიაღიდან უნდა მოხდეს. ამჯერად ამ თემაზე მეტს არ შევჩერდები. 

 

ივანიშვილის გაფართოებული პრესკონფერენციიდან კიდევ რამდენიმე დეტალი დამამახსოვრდა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გვამახვილებ მის განცხადებაზე, რომ  "ნაცმოძრაობას" პერსპექტივა არ აქვს, რომ ხალხი წყენას ადვილად არ დაივიწყებს. სავსებით ვეთანხმები ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ხვალაც რომ ჩატარდეს არჩევნები, "ნაცმოძრაობა" ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაგრამ, ეს არ აძლევს ხელისუფლებას თვითდამშვიდების უფლებას_მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ბოლომდე გააშიშვლონ "ნაციონალური" ხელისუფლება და ხალხს მათი ნამდვილი სახე დაანახონ. 

 

თუმცა, ეს არ იქნება საკმარისი, რომ ხალხის ნდობა ბოლომდე მოიპოვონ - ახალმა უმრავლესობამ საზოგადოებას თამაშის ახალი წესები უნდა შესთავაზოს, სადაც უსაფრთხოების გარანტიასთან ერთად საზოგადოების ქმედითუნარიან ნაწილს თავისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსების რეალიზაციის მაქსიმალური საშუალება ექნება.

 

საყურადღებოა პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის თაობაზეც, რომ ის ხელისუფლებიდან იმ შემთხვევაში წავა, თუ ეფექტურ ხელისუფლებას დატოვებს. 

ვფიქრობ, აქამდე ძალიან შორია ბატონო ბიძინა! ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან ერთად მაქსიმალურად მოქნილი საკადრო პოლიტიკაც უნდა გატარდეს, ხოლო ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილის ნარჩენებისგან, რომელიც ღმერთმა იცის,სგარკვეული საბოტაჟის გამოვლინებასთან ერთად კიდევ რა უბედურებას დაგვატეხს თავს.

 

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღევანდელი გადასახედიდან იგი "აქილევსის ქუსლია" ახალი უმრავლესობისთვისაც, თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ კოალიციის ლიდერი უფრო მეტად მოიცლის ამ საქმისთვის და საკვანძო თანამდებობებს პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები დაიკავებენ. მე ნამდვილად მომწონს ბატონ ბიძინას პოზიცია, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სამსახურიდან არ უნდა ვერეკებოდეთ, როგორც ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა.

ერთი სიტყვით, ახალი ხელისუფლება ჯერ არ უნდა ვაკრიტიკოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს "ნაციონალების" წისქვილზე დაასხამს წყალს_ისინი ჩასაფრებულის პოზიციაში არიან და ყველა კრიტიკას თუ ახალი ხელისუფლების წარუმატებლობას სათავისოდ გამოიყენებენ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, შეცდომებზე დროულად არ მივუთითოთ და გამოსწორების გზებიც არ დავანახოთ, რომ მერე ნიშნისმოგებით არ გვითხრან: "სად ვიყავით, სად იყავით, მაშინ?" და მართალიც იქნებიან!

 

ზაურ ნაჭყებია

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: