ზაურ ნაჭყებია: სისხლიანი 8 აგვისტო, ანუ ავადმყოფური აკვიატება ანტირუსული კაკაფონიის თანხლებით!

ზაურ ნაჭყებია: სისხლიანი 8 აგვისტო, ანუ ავადმყოფური აკვიატება ანტირუსული კაკაფონიის თანხლებით!

უკვე ათი წელია ვერ ავცდით ავადმყოფურ აკვიატებებს - დღემდე ვერ გავაცნობიერეთ, რომ საკრალური კითხვა: „ვინ დაიწყო ომი?!“ არა მარტო უსუსური არგუმენტია სიტუაციის გასაანალიზებლად, არამედ, ყოვლად მიუღებელი იმ ავადსახსენებელი 2008 წლის აგვისტოს შესაფასებლად.

 

ვერც იმაზე შევთანხმდით, რომ ეს არ იყო ომი კლასიკური გაგებით - ეს იყო სახელმწიფო ავანტიურა დაგეგმილი იმდროინდელი ხელისუფლების მიერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ომს თავისი კანონები და პრინციპები გააჩნია - როგორც წესი,  ომში ერთი მარცხდება, მეორე იმარჯვებს და საბოლოოდ დამარცხებული ქვეყნის კაპიტულაციით მთავრდება.

 

ალბათ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ორდღიანი საომარი ეპოპეა, რომელიც ასე სამარცხვინოდ დამთავრებულიყო, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა - ქართულმა სამხედრო დანაყოფებმა არათუ ერთი დღე მაინც შეინარჩუნეს საბრძოლო პოზიციები, თავქუდმოგლეჯით გამოიქცნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად აქციეს! ჯალათი უნდა იყო, საკუთარი ხალხი ალმოდებულ სოფლებში დატოვო და მტერს ყოველგვარი საშუალება მისცე როგორც უნდა ისე მოეპყრას. ეს მაშინ, როცა, ცხინვალიდან  რამდენიმე დღით ადრე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია...

 

სხვათაშორის, იგივე შეიძლება ითქვას იმ ჯარისკაცებზეც, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში ჯარისკაცის მოვალეობის შესრულება ვერ შეძლეს - ბევრი კი მსხვერპლადაც შეეწირა!.. (დიდება მათ სახელს).

 

იმის შიშით, რომ საკუთარი ქვეყნის „აგრესორის“ იარლიყი არ მივიკეროთ (არადა, ამ ფუნქციის შესრულება ნამდვილად არ შეუძლია ისევ და ისევ რუსეთის ფაქტორის გამო), იმის უთქმელობა არ შეიძლება, რომ ეს ავანტურა წლების მანძილზე მზადდებოდა და მოსალოდნელი შედეგებიც წინასწარ გათვლილ-გააზრებული იყო. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ჩვენი ორმეტრიანი მთავარსარდლის მიერ პომპეზურად  წამოსროლილი უხამსი სიტყვა - „ლილიპუტინი“ და სააკაშვილის ერთ-ერთი თავდაცვის მინისტრის „თავდაჯერებული“ მუქარა - „ახალ წელს ცხინვალში შევხდებით“-ო და კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი „რუსები ფეკალიასაც დალევენ“-ო.

 

სამწუხაროდ, მაშინ ხალხი იმდენად დააზომბირეს, რომ დააჯერეს: ამერიკელების მიერ გაწრთვნილ ქართულ არმიას ადვილად შეეძლო „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება ცხინვალის რეგიონში, ანუ ისტორიული სამაჩაბლოს საქართველოს იურისდიქციაში მოქცევა!

 

ალბათ, ჩვენი მოკლე მეხსიერების ბრალია, რომ ეს დავიჯერეთ, რადგან, არავის დაუსვამს კითხვა: ქართველები თავისი ისტორიული მიწა-წყლიდან აფხაზებს და ოსებს არ გამოუძევებიათ, მათ უკან ხომ პირსისხლიანი რუსეთი იდგა და ახლა როგორ ვაპირებდით ამ ვეშაპთან შერკინებას?!

 

შეიძლება ბევრს არც სჯეროდა, მაგრამ, ხელი არავის შეუშლია, რომ სააკავილის რეჟიმს ეს ავანტიურა გადაეფიქრებინა.

 

აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაისროლა პირველმა - მთავარია, ავანტურაზე შეგნებულად წამოვეგეთ და სავალალო შედეგიც მივიღეთ!

 

რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთი რომ პირსისხლიანი აგრესორია, ამას ჩემი დასტური არ სჭირდება, მაგრამ, ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უნდა იცავდეს, ხომ უნდა ეყოს ჭკუა პროვოკაციაზე არ წამოეგოს და აგრესორ მეზობელთან გართულებული ურთიერთობა კიდევ უფრო არ გაართულოს?!

 

ნათქვამია, ომით წართმეულს მხოლოდ ომით დაიბრუნებო, ეტყობა, მაშინდელი მთავარსარდლის ტვინში ამ საყოველთაოდ აღიარებულმა ფორმულამ გაიღვიძა, მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, თავს ელემენტარული ჭკუა მაინც ხომ უნდა დაატანო, ვის ეომები და რა შედეგს მიიღებ?!

 

დასკვნა მარტივია: ან შეურაცხად მთავარსარდალთან გვქონდა საქმე, ან ყველაფერი წინასწარ დადგმული სცენარით განვითარდა და შედეგად საქართველო შაგრენის ტყავივით კიდევ უფრო დაპატარავდა.

 

მიაქციეთ ყურადღება: 2008 წლის აგვისტოს მთავარი „მონაპოვარი“ სწორედ ის ტერიტორიები აღმოჩნდა, სადაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ახალი პარალელური ადმინისტრაციები შექმნა და უბრძოლველად დაუთმო კიდეც - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ახალგორში და „ზემო აფხაზეთი“, სწორედ ამ ავანტიურის წინაპირობა იყო! ამით იმის თქმა მინდა, რომ 2008 წლის აგვისტო დიდი ხნით ადრე მზადდებოდა და კულმინაციას მხოლოდ იმ დღეებში მიაღწია!

 

რაც არ უნდა მძიმედ მოსასმენი იყოს, დღევანდელი გადასახედიდან ეროვნული ხელისუფლების მიერ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმება შეცდომა იყო. ეროვნული მუხტით გაბრუებულებმა საკუთარი თავი დავარწმუნეთ, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციით მართლაც დამოუკიდებლები გავხდით - სამწუხაროდ, ვერ გავაცნობიერეთ იმ „ნაღმის“ აფეთქების საშიშროება, რომელიც ადრე იყო ჩადებული ავტონომიების სახით და რასაც რუსეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მოჰყვებოდა. დაახლოებით იგივე განმეორდა აფხაზეთშიც - რკინიგზაზე „წესრიგის დამყარების“ მცდელობას ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მოჰყვა, რომლის უკან ისევ პირსისხლიანი რუსეთი იდგა!

 

რუსეთი რომ კეთილი მეზობელი და პარტნიორი არ არის, გასაგებია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ჩვენს ხელისუფლებებს თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია ამ ვეშაპ-სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად - თუ აფხაზეთის დაკარგვის პროვოცირება ფაქტიურად დსთ-ში (ე.წ. სნგ) შესვლაზე უარის თქმას ბრალდება, სეპარატისტული ცხინვალის აღმოცენება მეტ-ნაკლებად ავტონომიის გაუქმების დაჩქარებას უკავშირდება, ანუ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის უკან რუსეთი დგას და ისიც ვიცით, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების გასაღები რუსეთში, ე.წ. კრემლში იმალება, მაგრამ, არაფერს ვაკეთებთ, რომ მასთან პირდაპირ დიალოგზე გავიდეთ და შედარებით ნაკლების დათმობის სანაცვლოდ უფრო დიდი დავიბრუნოთ!

 

ვიცი, ახლა გამოხტებიან ანტირუსული ისტერიით შეპყრობილები და იმის მტკიცებას შეეცდებიან, რომ რუსეთს ჩვენთან დიალოგი არ უნდა, მაგრამ, იქნებ იმაზეც მიპასუხონ: ვცადეთ კი ჩვენ ასეთი დიალოგი, თუ მხოლოდ საერთაშორისო სტრუქტურების და ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორების“ აღშფოთება-შეშფოთების იმედზე ვართ?!

 

სიტყვამ მოიტანა და ანტირუსული კაკაფონია დღესაც „შხამიანი ისრის“ ფუნქციას ასრულებს საქართველოსთვის და კიდევ უფრო ართულებს ისედაც დაძაბულ ვითარებას.

 

რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აღშფოთება-შეშფოთებას, მას დღემდე არანარი სარგებლობა მოუტანია საქართველოსთვის და ვფიქრობ, არც მომავალში მოიტანს. აქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვთავისუფლდეთ იმ ილუზიისგან, რომ თბილისამდე ლამის მოსული რუსული ტანკები მათ შეაჩერეს - უბრალოდ, რუსეთის გეგმაში არ შედიოდა, რადგან მან ამ პროვოკაციისგან მიიღო ის, რაც წინასწარ იყო შეთანხმებული.

 

აქვე იბადება ლოგიკური კითხვა: რით შეიძლება აიხსნას სისხლიანი აგვისტოს მერე სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გადაცემა? მითუმეტეს, აქ საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ ბიზნესთან, არამედ, პოლიტიკასთან, რომლის უკან სააკაშვილის მაშინდელი რეჟიმი იდგა.

 

ასე რომ, „ვინ დაიწყო ომი“ და არის თუ არა რუსეთი „ოკუპანტი“ ეს კითხვები უადგილოც არის და სასაცილოც - ჯერ ერთი, ეს არ იყო ომი, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის უკანაც მაშინდელი რეჟიმი იდგა, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის ღალატი, რადგან, მაშინდელმა რეჟიმმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ვერც „კონსტიტუციურ წესრიგს“ დაამყარებდა რეგიონში და ვერც რუსეთს მოაკვაკვინებდა თითს!

 

თუმცა, ამაში მარტო სააკაშვილის რეჟიმი არ არის დამნაშავე, დამნაშავე ვართ ჩვენც - საზოგადოებაც, რომლებიც ვგრძნობდით, თუ საით მიჰყავდა „მთავარსარდალს“ ყველაფერი და ხელი არ შევუშალეთ ამ ავანტურისტულ განზრახვის სისრულეში მოყვანაში.

 

და ბოლოს: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი აგრესორია, მაგრამ მუშტებით ვერ მოვერევით. სხვა პოლიტიკაა საჭირო, რომელსაც „სხვა“ პოლიტიკოსები სჭირდება!

 

P.S. აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი მოუშუშებელი ტკივილია. ღრმად მწამს, რომ ადრე თუ გვიან, ეს ძირძველი ქართული მიწა-წყალი საქართველოს დაუბრუნდება, მაგრამ, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ყველა შეცდომას თუ დანაშაულს გავიაზრებთ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ!

 

კმარა ცარიელი მუშტების ქნევა და მოჩვენებითი პატრიოტიზმი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: