თეიმურაზ შაშიაშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი ბიძინა ივანიშვილზე!
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარ რედაქტორს, ბ-ნ სპარტაკ ქობულიას
ბატონო სპარტაკ,
თქვენი გაზეთის 25 ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის სტატია სათაურით „პარტიებისგან გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდებული ხალხი, თვითკმაყოფილი „ქართული ოცნება“ და გაბოროტებული „ნაცმოძრაობა“ საკუთარი დანაყოფებით“ http://www.tetrebi.org/?p=22629, რომელსაც ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენდა გასაოცრად რედაქციამ საკუთარი მინაწერი გაუკეთა!
„საქართველოს რესპუბლიკა“ კატეგორიულად არ ეთანხმება ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ ჩვენში „ოცნების“ მიერ დამკვიდრებული სიტყვის თავისუფლების უზენაესი უფლებით უცვლელად ბეჭდავს მას!“
ვიდრე თქვენს მიერ დაწუნებულ „ზოგიერთ მოსაზრებაზე“ გავამახვილებდე ყურადღებას, კოლეგიალურად და ღრმა პატივისცემით შეგახსენებთ, რომ სტატია დაიბეჭდა პრეზიდენტის კანდიდატის მხარდაჭერის ფონდის დაფინანსებით, ანუ ეს იყო სარეკლამო სტატია, ამდენად, რედაქციას არც უფლება ჰქონდა, მითუმეტეს, არც ვალდებულება თავისი სიმპათია-ანტიპათია დაეფიქსირებინა ავტორის პოზიციის მიმართ!
უფრო მეტიც, გამაკვირვა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული „სიტყვის თავისუფლების უზენაესობის პირობებში“ რედაქციის მხრიდან თავდაცვის ინსტინქტის ამოქმედებამ - ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოთ, რომ თქვენც თეიმურაზ შაშიაშვილივით არ ფიქრობთ, რომ მან პოლიტიკური კარიერა უკვე დაასრულა და ახლა იმაზე უნდა იფიქროს, უმტკივნეულოდ როგორ გავიდეს ქართული პოლიტიკური სივრციდან. არადა, კარგად მახსოვს, სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც, როცა თავისუფალი სიტყვა არტახებში იყო მოქცეული და ქართულ მასმედიას რისკის ფასად უხდებოდა განსხვავებული აზრების ტირაჟირება, თქვენი გაზეთის ფურცლებზე, იგივე თეიმურაზ შაშიაშვილის მწვავე მიმართვის პუბლიკაციები ყოველგვარი მინაწერების გარეშე იბეჭდებოდა.
მე ახლა ზემოხსენებული სტატიის შინაარსს არ მოვყვები (მკითხველს თავად შეუძლია გაეცნოს გაზეთის ფურცლებზე, ან მის ვებ-გვერდზე), თუმცა, იმ აქცენტებზე გავამახვილებ ყურადღებას. რამაც გაიძულათ მინაწერი გაგეკეთებინათ დაფინანსებული სარეკლამო სტატიისთვის.
იმის გამო, რომ ბ-ნი თეიმურაზი, როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მაქსიმალურად შეზღუდულია სატელევიზიო ეთერით და არც ე.წ. კვალიფიციურ სუბიექტებთან დებატებში შეხვლის უფლებას (საშუალებას) არ აძლევენ, სტატიაში მწვავედ საუბრობს არაჯანსაღ საარჩევნო გარემოზე და იმ მახინჯ სისტემაზე, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს პრეზიდენტობის კანდიდატებს. ბუნებრივია, ამ კონტექსტში კრიტიკის მახვილი ივანიშვილსაც გადაწვდა.
ეტყობა, განსაკუთრებით თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბ-ნ თეიმურაზის სიტყვები, რომ „ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი დასრულებულია!“, რომ „ქვეყანაში ფულის ძალაუფლება მკვიდრდება!“ რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ქვეყნის მთავარი დაბრკოლებაა, ბიზნესში - ჰაერივით საჭირო.“
არ მესმის, რა არის ამ სიტყვებში არასწორი? არასწორიც რომ იყოს, ეს თეიმურაზ შაშიაშვილის, როგორც პრეზიდენტობის კაცდიდატის აზრია და თვითონვე აგოს პასუხი საკუთარ პოზიციაზე - რა შუაშია აქ რედაქცია, ან რატომ არ უტოვებთ მკითხველს უფლებას, თვითონვე განსაჯოს, რამდენად გულწრფელია და ობიექტური სტატიის ავტორი. მითუმეტეს, პრეზიდენტობის კანდიდატი?!
ჩვენ არა მარტო კოლეგიალობა, არამედ მეგობრობაც გვაკავშირებს. პირად საუბრებში მითქვამს კიდეც - მიუხედავად იმისა, რომ არათუ პრეზიდენტობის კანდიდატის, არამედ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და მხარდამჭერი არ ვყოფილვარ, თეიმურაზ შაშიაშვილის ცხოვრებისეული პრინციპების, სამშობლოსადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და თავგანწირვის მოჭარბებული უნარის (მრავალგზის დაუმტკიცებია) და იმ მოცემულობის გამო, რა მოცემულობაც საპრეზიდენტო არჩევნების მაგალითზე შეიქმნა საქართველოში, აქტიურად ვუჭერ მხარს.
ახლაც ვადასტურებ: თეიმურაზ შაშიაშვილი მოცემულ რეალობაში უალტერნატივო კანდიდატია!
ასევე ვადასტურებ რა თქვენდამი ღრმა პატივისცემას, გთხოვთ, როგორც აუცილებელი განმარტება, ჩემი გამოხმაურება ოპერატიულად დაბეჭდოთ გაზეთის მომავალ ნომერში.
P.S. გაზეთის რედაქციამ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, გარკვეული მოსაზრებით თავი შეიკავა წინამდებარე განმარტების დაბეჭდვაზე, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი პრესის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, საჭიროდ ჩავთვალეთ საჯარო სივრცეში მისი გამოქვეყნება.
პატივისცემით, ზაურ ნაჭყებია,
პუბლიცისტი, თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი