მიხეილ ჯიბუტი: საყდრისი ან მონანიებას, ან სასჯელს ითხოვს!

მიხეილ ჯიბუტი: საყდრისი ან მონანიებას, ან სასჯელს ითხოვს!

 

 

დღეს, საყდრისის - მსოფლიო ცივილიზაციის შექმნაში ქართველთა უდიდესი წვლილის დამადასტურებელი მატერიალური ძეგლის აფეთქებიდან, ოთხი წელი შესრულდა!

 

რა აჩვენა ამ ოთხმა წელმა?

 

 

საყდრისის აფეთქებაზე, როგორც ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართულ აქტზე, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის აზრი ჩამოყალიბებულია. 

 

ამ აზრის ტირაჟირებას ისინიც კი ახდენენ, ვინც საყდრისის დანგრევის საფრთხისა და შემდეგ ნგრევის პერიოდში გულგრილები იყვნენ ან საერთოდ ხელსაც კი უწყობდნენ ამ პროცესს. 

 

დღეს კარგ ტონად იქცა საყდრისის დამცველად თავის წარმოჩენა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც  არ იციან სად არის საყდრისი...

 

ეს ცალკე თემაა, თუმცა ასეთი შემთხვევებიც კი პოზიტიურ როლს ასრულებენ - აძლიერებენ საყდრისის ტრაგედიის ხსოვნას!

 

საყდრისი შეეწირა იმ ადამიანთა სიხარბეს, მომხვეჭელობას, რომელთათვისაც ქართველი ერის ხანგძლივი და სამომავლო ინტერესების ფასი საკუთარი ქისის  33 ვერცხლით  შევსებაზე  ნაკლებია!

 

ტრაგედია ისაა, რომ ეს ადამიანები ქართველები არიან!!!

 

მათ ეს იმიტომ შეძლეს, რომ ქართველებმა მათ ხელისუფლება ჩააბარეს.

ამ ადამიანებმა კი ხელისუფლება ქართველი ერის ინტერესების დასაცავად კი არა, არამედ მის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს.

 

დიახ, ჩაბარებულ ცხვარს, მწყემსის ნაცვლად მგლებად ექცნენ!!!

 

სამწუხაროდ, ეს ხალხი დღესაც საქართველოს ხელისუფლებაშია.

 

ბუნებრივია თუ ერთხელ ასეთი რამ ქნეს, სხვა შემთხვევაშიც ხელს არაფერი არ უშლით.

 

უბრალოდ, საყდრისის ტრაგედია იმდენად დიდია მისი დამანგრეველი შედეგები, რომ  22-ე, 23-ე და 54-ე საუკუნიდანაც გამოჩნდება.

 

მართალია, ხელისუფლებიდან საყდრისის მკვლელი ბერბიჭაშვილები ნელ-ნელა მიდიან, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს ქართველი ერის ცხოვრებას.

 

უდაოა, რომ საყდრისის „მკვლელობას“ უნდა მიეცეს ყველანაირი შეფასება.

 

მომავალი უნდა გაიწმინდოს ამ ცოდვისგან, როგორც უშუალოდ ჩამდენთა და მათი ოჯახების, ისე ქართველი ერის სახით.

 

ამისთვის გამოსავალი მოცემულია - ესაა სინანული.

 

სინანული ისეთი, რომელსაც დაინახავს მსოფლიო და იგრძნობს საყდრისის სულიც.

 

გამოსასყიდად კი უნდა აღდგეს საყდრისის ბორცვი და იქ მოეწყოს მუზეუმი, როგორც საყდრისისთვის შესაწირავი, სადაც იატაკი უნდა მოიკირწყლოს იმდენი ოქროთი, რამდენიც ამ ბორცვიდან იქნა „გამოწელილი“, მტკიცებად იმისა, რომ ქართველები სულიერად მატერიალურზე მაღლა ვდგავართ!

 

P.S. ტექნოლოგია იძლევა საშუალებას და თან ვურთავ წლების მანძილზე ამ საკითხთან დაკავშირებულ ავტორისეულ პუბლიკაციებს.

 

 

5. 2017 წელი, 13 დეკემბერი

                                    მიხეილ ჯიბუტი: 13 დეკემბერი-საყდრისის ტრაგედია!

http://iverioni.com.ge/16438-mikheil-jibuti-13-dekemberi-saydrisis-tragedia.html

 

 

2014 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობითა და თანხმობით, ნეოკოლონიალური მეთოდებით მოღვაწე ბიზნესმა ააფეთქა მსოფლიოში მეტალურგიის ყველაზე ძველი თუ არა, ერთ-ერთი უძველესი უნიკალური ძეგლი - საყდრის-ყაჩაღიანის ისტორიული მაღარ!

 

მოიშალა უნიკალური შესაძლებლობა, რომ კაცობრიობის გამოგონებათა ისტორიის, ცივილიზაციის მატერიალური კულტურის ისტორიის დასაწყისში ჩაწერილიყო: ქართველები (ხეთები და ხალიბები) არა მარტო ფოლადის წარმოების სათავეებთან იდგნენ (რასაც სჭირდება მრავალი დასაბუთება), არამედ, ისინი იყვნენ ფერადი მეტალურგიის დამწყებნი და ამის დასადასტურებლად მიეთითებოდა შემონახული საყდრისის საბადო!

 

საყდრისის დანაშაულის ჩადენაში იმდენი ინსტიტუტი და ადამიანია გარეული, რომ მას მასობრივი სიგიჟის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს: დიახ, ეს პროცესი ჰგავდა გერმანიაში ფაშისტების მიერ მასობრივი ჟლეტის ინდუსტრიის პროცესს. საყდრისის სიკვდილში საქართველოს მოსახლეობა, ისევე როგორც გერმანიის მოსახლეობა საკონცენტრაციო ბანაკებში მასობრივი მკვლელობისას, უშუალოდ ან ირიბად (თავისი გულგრილობით, თუ უხმო), თუნდაც გულისტკივილიანი მაყურებლობით მონაწილეობდა. 

 

რა თქმა უნდა, ცნობილია ქართველი „ფიურერების“ სახელი და გვარები და მათ აუცილებლად მოუწევთ ამ დანაშაულისთვის პასუხის გაცემა: ან აქ, ან იქ - დარწმუნებული ვარ, ვერავინ გაექცევა საყდრისის „მკვლელობით“ გამოწვეულ სასჯელს!

 

მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს საყდრისის დაცვისთვის ბრძოლა. თუმცა, მათი თავდადება იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ერთი წლით გაუხანგძლივეს საყდრისს სიცოცხლე. ეს ისტორიაც არ მიეცემა დავიწყებას.

 

მთავარი დასჯა - წახალისება კი არა, არამედ, სამომავლოდ მომხდარის გაკვეთილიდან დასკვნის გამოტანაა.

 

უკანა რიცხვით, ანუ მომხდარი ფაქტის შემდეგ მოვლენებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ცხოვრება განწირულია განვითარებაში ჩამორჩენისთვის. აუცილებელია მოვლენების შესწავლა, პროცესების განვითარების ვექტორების განსაზღვრა და შესაბამისად მოქმედება - რაღაცის პრევენცია, რაღაცისათვის ხელის შეწყობა.

 

დღეს რა ნეგატიურ დამოკიდებულებასაც გამოხატავს საზოგადოება საყდრისის აფეთქების გამო, იმის 5-10% საკმარისი იქნებოდა ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად!

 

ამ შემთხვევაში შექმნილ მდგომარეობას კი არ ამართლებს ქართული ანდაზა- „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება“, არამედ, პირიქით!

 

ცდა არ უნდა მიაკლდეს იმას, რომ ურემი არ გადაბრუნდეს და თუ მაინც გადაბრუნდა, გზა უნდა შეისწავლო, რომ სხვა ურმისთვის უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი!

 

სამწუხაროდ, ლაწალუწი გააქვს „ურმებს“ და ქვეყნის სწორ გზაზე გასვლის პერსპექტივა კი კვლავ ბუნდოვანია.

 

მოსაკრებია ეროვნული ენერგია კატასტროფების თავიდან ასაცილებლად.

 

ამისთვის უნდა ვამხილოთ „ხანძარზე“ ხელის გამთბობი ხალხი და აღმოვფხრათ ხანძრის გაჩენის მიზეზები.

 

ორივე მიმართულებით უამრავი მაგალითის მოტანა შეიძლება.

 

2013-2014 წლის ე.წ. თვითმმართველობის რეფორმის კრიტიკას უამრავი დრო და ენერგია შევწირეთ. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აღნიშნული „რეფორმის მამები“ მონაწილეობდნენ მათ მიერ შექმნილი თვითმმართველობის სისტემის კრიტიკით!

 

„სითი პარკის“ მავნებლურ საქმიანობაზე ხელისუფლების ცვლას არ უმოქმედია. უკვე გავიდა მათი საქმიანობიდან 10 წელი! სასამართლო პროცესებზე „სითი პარკის“ მხარეს იდგა თბილისის მერია, ხოლო მის წინააღმდეგ, მოპაექრების მხარეს კი - 2- 3 კაცი - 600 000 მძღოლიდან!

 

აწ გარდაცვლილ თემურ ჭელიძესთან ერთად 20 წელზე მეტია ადამიანთა ერთი ჯგუფი ვიბრძვით უხარისხო პურისგან მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ უშედეგოდ! ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას „აჭმევენ“ უხარისხო პურს და ისიც „ჭამს“. ხელისუფლება არ ჩქარობს „პურის რეგლამენტის“ მიღებას. გულგრილობის ამ მასშტაბის შემდეგ ძალიან ძნელია რაიმეს დამატება. საქართველოს მოსახლეობის რაციონში პური და პურპროდუქტები 70 %-მდეა! ყოველდღიურად ხალხი ჭამს პურს იმისთვის, რომ ჯამრთელობა შეინარჩუნოს, სინამდვილეში ჭამს პურს, რომელიც აავადებს!

 

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ცივილურ სამყაროში რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული მიწის სამართალი და რომელიც მიწას ყიდის ღია ბაზარზე, ყოველგვარი დათქმების გარეშე. 25 წელიწადია ვერ იქნა მიღებული „მიწის კოდექსი“

 

უწესრიგობის, მმართველობის გაუგონარი სოლოკრატიული სისტემის შედეგად თბილისი შევიდა ღრმა ურბანულ კრიზისში. ამ დროს მას არ გააჩნია ქალაქთმშენებლობის სრულყოფილი გეგმა. „გენგეგმასთან“ დაკავშირებული პროცესები რთულად მიმდინარეობს. ქვეყანას არ გააჩნია კომპლექსური კანონი ტერიტორიულ-სივრცობრივი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის შესახებ.

 

ერთი სიტყვით, მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ ვინ რას ამბობს, არამედ როდის ამბობს.

 

აქ სადღეისო სათქმელი დამთავრდა.

 

თუმცა, ვისაც აინტერესებს, რადგანაც ტექნოლოგია იძლევა საშუალებას, ქვევით თავმოყრილად წარმოვადგენ საყდრისთან დაკავშირებულ ავტორისეულ პუბლიკაციებს. 

 

ტექსტი მოტანილია უცვლელად. ბევრი მოქმედი პირი აწმყო დროშია წარმოდგენილი, თუმცა, ბევრ მათგანს შეასრულებინეს რა „შავი“ სამუშაო, მოიშორეს ხელისუფლებიდან და ჩაანაცვლეს „უმწიკვლო“ წარსულის ახალგაზრდებით, რომლებიც შერჩეულები არიან არა კარგი მომავლისთვის, არამედ, (სამწუხაროდ) სისტემის იმავე საქმეების გამგრძელებლად.

 

 

 

 

 

 

4. 2016 წელი, 13 დეკემბერი

მიხეილ ჯიბუტი: „გავერთიანდეთ საყდრისის ხსოვნაში“

 

http://iverioni.com.ge/16290-mikheil-jibuti-gaverthiandeth-saydrisis-khsovnashi.html?fb_comment_id=840575626045126_840882686014420#f139df170d9071

 

 

13 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესაღნიშნავს.

 

ვულოცავ სრულიად საქართველოს!

 

როგორი ადამიანური იყო ამ დღის სიხარულიც და დარდიც საქართველოში 2014 წლის 13 დეკემბრამდე!

 

დიახ, 2014 წლის 13 დეკემბერამდე, ვიდრე ვანდალურად არ ააფეთქეს საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო!!!

 


 

გასული ორი წლის მანძილზე ყველაფერი გამჟღავნდა, კერძოდ:

 

- კულტურულ-ისტორიული ბორცვის მოშლის შემდეგ, სამთო-მოპოვებითი სამუშაოები სხვა უბნებზე გაგრძელდა, ანუ ოფიციოზის არგუმენტი - ამ ბორცვის გარდა სამუშაო არ არისო - ტყუილი აღმოჩნდა;

 

- ოფიციოზის მტკიცება, რომ 3000 კაცი იყო დასაქმებული - ესეც ტყუილი აღმოჩნდა. მთლიანად, სამთო-მოპოვებაზე მადნეულში დასაქმებულთა რაოდენობა 600 კაცზე ოდნავ მეტია;

 

- შეგვპირდნენ, საყდრისის მუზეუმი აშენდებაო - ესეც ოფიციოზის დღემდე არ შესრულებული დაპირებაა!

 

ფაქტი ერთია: დრომ არ გაანელა საყდრისის ტრაგედიის სიმძაფრე. მსოფლიო კულტურული საზოგადოება დღემდე გაოცებულია, თუ როგორ დაუშვა ქართველმა ერმა მსგავსი ვანდალიზმი. ერის ყელში გაჩხერილი ბოღმის ზრდა ჯერ არ დასრულებულა!..

 

საყდრისის მკვლელი (არ ვერიდები ამ სიტყვას) კოჰაბიტები კი დღეს ისევე ამაყობენ ჩადენილით, როგორც ილიას მკვლელები პირველ წლებში ამაყობდნენ თურმე.

 

დასკვნა მარტივია: მათ ხელში საქართველოს კულტურული ძეგლები საფრთხეშია! 

საყდრისი, თამარ მეფის ფრესკა...

 

 

 

ძნელი წარმოსადგენი არაა თუ რას და ვის გაუძლეს ამ ძეგლებმა საუკუნეების მანძილზე.

 

წარმოუდგენელი კი ისაა, რომ ისინი დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოში იღუპებიან.

 

ერისთვის საკუთარი იდენტობის ასეთი საყრდენების გამოცლა კი ძალიან საშიშია.

  

აუცილებელია სიყვარულში გაერთიანება.

 

უპირველესად უნდა გავერთიანდეთ „საყდრისის ხსოვნაში“.

 

დიახ, 13 დეკემბერი - „საყდრისის ხსოვნის“ დღეა.

 

 

 

3. 2015 წელი, 13 დეკემბერი

მიხეილ ჯიბუტი: „საყდრისის აფეთქების წლისთავი: ხელისუფლებას ჭერის ახდა აქვს“

http://iverioni.com.ge/15229-13-dekemberi-2015-saydrisis-afethqebis-tslisthavi-khelisuflebas-tceris-akhda-aqvs.html

 

 

13 დეკემბერი ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსათვის.

 

13 დეკემბერი ეკლესიურად ეს არის ხსენების დღე წმინდისა და ყოვლადქებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველ მქადაგებლისა ანდრია პირველწოდებულისა (62წ.); წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა (502 წ.); წმინდისა კათალიკოსისა პეტრე I-სა (Vს.); წმინდისა კათალიკოსისა სამუელ I-სა(V-VI სს.); წმინდისა ფრუმენტი ინდოელ (ეთიოპიელ) მთავარეპისკოპოსისა (დაახლოებით 380).

 

13 დეკემბერი 2014 წლიდან არის საყდრისის - ყაჩაღიანის ისტორიული ძეგლის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აფეთქების გზით განადგურების დღე.

 

(მოვლენის გასახსენებლად საკმარისია იხილოთ ნინო მიქიაშვილის მომზადებული მასალა, რომელიც გავიდა ნინო ზაუტაშვილის გადაცემაში „რეალურ სივრცეში“-http://goodnews.on.ge/news/842-nino-zautashvili-saqdrisze-mizgvnili-gadacemistvis-joshua-pridmanis-da-gipa-s-prizit).

 

13 დეკემბერს საქართველოს ისტორიას მოუშალეს უძველესი მატერიალური „საყდრისი კედელი“.

 

13 დეკემბერს ჰყავს მისი ბერბიჭაშვილები, რომლებიც ფიზიკურად აუცილებლად წარსდგებიან ქართველი ხალხის სამჯავროს წინაშე - ეს იქნება ათი, თუ ოცდაათი წლის შემდეგ (როგორც ბერბიჭაშვილის შემთხვევაში) - ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ ისინი13 დეკემბრიდანვე დგანან იმ სახელების სამსჯავროს წინაშე, რომელთა სახელების ხსენების დღე წაბილწეს თავიანთი ქმედებით და რომელთა წინაშე შეარცხვინეს ამ სოფლის მკვიდრი და ამ ამბის მომსწრე ყველა ქართველი.

 

13 დეკემბრის ვანდალიზმის უშუალო შემსრულებლები ვერ ფარავენ მათ უკან გადაწყვეტილების მიმღებთა გადამწყეტ როლს ამ საქმეში. საყდრისს სიკვდილი 2013 წელს მიუსაჯა „ქართული ოცნების“ კოალიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა კოჰაბიტაციამ , რომელთაც იმ დროს ხელმძღვანელობდნენ პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

 

(იხ. მიხეილ ჯიბუტი. კოჰაბიტების მიერ სიკვდილმისჯილი საყდრისი შველას ითხოვს!

http://reportiori.ge/?menuid=48&id=11479&lang=1)

 

13 დეკემბერს საყდრისის სიკვდილით დასჯა სისრულეში მოიყვანა „ქართული ოცნების“კოალიციის ხელისუფლებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ (დღესაც ხელმძღვანელობენ) პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 

მარგველაშვილ -ღარიბაშვილის „დაპირისპირება“ საყდრისთან მიმართებაში ფიქცია აღმოჩნდა. მარგველაშვლს შეეძლო ერთპიროვნულად გადაერჩინა საყდრისი. მის მიერ საყდრისის შეწყალება გასაჩივრებას არ ექვემდარებოდა. ამ პროცესისათვის ხელის შეშლა არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- მეორე საპარლამენტო პარტიას საქრთველოში - უცდია. მივაქცევ ყურადღებას, რომ მათი ყველა აქტივობა ამ საკითხთან დაკავშირებით 13 დეკემბრის, ანუ საყდრისის განადგურების შემდგომი პერიოდით თარიღდება. თუმცა ამ აქტივობის მიზნების მიუხედავად, მან შეასრულა დიდი როლი საყდრისის განადგურების კატასტროფისა და გამოუსწორებლობის მაშტაბების დასანახად.

 

რა ხდება ერთი წლის თავზე?

 

რას ვიზამდით ილია რომ მოეკლათ 13 დეკემბერს - ეს უკვე ცნობილია (მიხეილ ჯიბუტი:-"რას ვიზამდით ილია ჭავჭავაძე რომ მოეკლათ დღეს დილით?-აი ასე დგას საკითხი". 13.12.2014.

 

http://iverioni.com.ge/10095-mikheil-jibuti-ras-vizamdith-ilia-tcavtcavadze-rom-moeklath-dghes-dilith-ai-ase-dgas-sakithkhi.html)

 

რას ვიზამდით ილიას სიკვდილის წლისთავი რომ იყოს დღეს?

 

ერთეულები გააგრძელებდნენ ბრძოლას, ისევე როგორც დღეს ერთეულები აგრძელებენ ბრძოლას საყდრისისათვის - მადლობა და გამარჯვება მათ.

 

სხვამ, რადგანაც ძალა არ შეგვწევს 500 ფრონტზე ერთდროულად ბრძოლისა, შევინახოთ ხსოვნა ამ საზარელი ფაქტისა და დავუტოვოთ ანდერძად შვილებს და შვილიშვილებს სამართლის აღსრულება. ვინც უკეთესს მოიგონებს - იმას გაუმარჯოს.

 

მთავარია, არავინ იყოს გულგრილი- არ გავივიწყოთ საყდრისი.

 

ეს რომ მნიშნელოვანია ამისათვის მივადევნოთ თვალი ხელისუფლების ქცევას.

 

ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საყდრისის ხსოვნას პატივს სცემს და შეიქმნება საყდრისის მუზეუმი. ერთი წლის თავზე მსგავსი რამ არ არსებობს. უძრავი ძეგლის მოსპობის გვერდით ეხლა ნადგურდება ის ისტორიული მასალა, რაც საყდრისში იქნა მოპოვებული.

 

ხელისუფლება სინანულის ნაცვლად ცდილობს მეხსიერებიდან ამოშალოს საყდრისი. ამიტომ რამოდენიმე დღის წინ საუბარი დაიწყო ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე, სადაც საყდრისი არც კი ხსენებულა.

 

ხელისუფლება ცდილობს საყდრისის სიკვდილიდან წლისთავზე ჭერის ახდას, თუმცა მას საყდრისის გამო არც არასოდეს უგლოვია და არ შეუზღუდავს თავისთვის ლხინი: ანაზღაურებად - დიმპიტაური და დანამატად - დამპიტაური.

 

 

 

 2. 2014 წელი, 13 დეკემბერი

 

მიხეილ ჯიბუტი: "რას ვიზამდით ილია ჭავჭავაძე რომ მოეკლათ დღეს დილით? - აი ასე დგას საკითხი"

 

http://iverioni.com.ge/10095-mikheil-jibuti-ras-vizamdith-ilia-tcavtcavadze-rom-moeklath-dghes-dilith-ai-ase-dgas-sakithkhi.html

 

მეცნიერი მიხეილ ჯიბუტი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ "ივერიონის პრესკლუბში" საყდრისის თემასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა, დღეს საყდრისში განვითარებულ მოვლენებს ჩვეთან სატელეფონო საუბარში ეხმიანება და ამბობს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები იგივეა, რომ თანამედროვეობაში ილია ჭავჭავაძე მოგვეკლა.

 

 -"საყდრისის მცველების ინფორმაციით, რომლებიც იქ არიან 14 აპრილის შემდეგ, დღეს 9 საათზე იყო აფეთქებები და ახლა მიმდინარეობს ბულდოზერებით იმ ადგილის მოსწორება. ეს არის ილია ჭავჭავაძის კიდევ ერთი მკვლელობა, ახლა მთელმა საქართველომ უნდა გააკეთოს დასკვნა ამის შესახებ. რას ვიზამდით ილია ჭავჭავაძე რომ მოეკლათ დღეს დილით?-აი ასე დგას საკითხი. 

 

 -თქვენ აპირებთ ადგილზე ჩასვლას?

 

 -კი, აუცილებლად ჩავალ. 

 

 

 

 

1. 2013 წელი, 24 დეკემბერი

მიხეილ ჯიბუტი: „კოჰაბიტების მიერ სიკვდილმისჯილი საყდრისი შველას ითხოვს!“

http://reportiori.ge/old/?menuid=48&id=11479

 

„ნაციონალური მოძრაობის" გაგანია ზეობის დროს „კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე „საყდრისი" შემდეგი ჩანაწერით: „საყდრისი. უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი; ძვ.წ.აღ. 3018-2929 წწ.; დაბა კაზრეთიდან 3,5 კმ.". 

 

„ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" კოალიციის კოჰაბიტობის გაგანია უზნეობის დროს კი - „კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის №665 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის 10 ივლისის №563 ბრძანებულებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ნუსხიდან ამოღებულ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე „საყდრისი". ამრიგად, საყდრისის ოქროს მოპოვების უძველეს საბადოს მოეხსნა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და მიესაჯა სიკვდილი.

 

განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია საყდრის - ყაჩაღიანს, რომელიც მდებარეობს თბილისი - ბოლნისი - დმანისის გზაზე და წარმოადგენს საყდრისის ერთ პატარა მონაკვეთს მცირე ბორცვის სახით. აქ აღმოჩენილ იქნა 1987 წელს (მუჯირის მიერ) ოქროს მოპოვების უძველესი კერა. 2004 წლიდან ქართულ-გერმანული არქეოლოგიური სამუშაოები წარმოებს სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების ხელშეწყობით. უპირველეს ყოვლისა გერმანული ფოლკსვაგენის ფონდის დაფინანსებით. არქეოლოგების აღმოჩენებით დასტურდება, რომ აქ არის ოქროს სამთო წესით მოპოვების მსოფლიო მნისვნელობის უძველესი კერა. მისი დათარიღება ერთი ვერსიით ხდება ადრებრინჯაოს ხანით, დაახლოებით ძვ.წელთაღრიცხვის III ათასწლეულის დასაწყისით.

 

როგორ მივიდა სასიკვდილო განაჩენის მიღებამდე კოჰაბიტური ხელისუფლება? ეს ის პერიოდია როდესაც სააკაშვილი ივანიშვილის მხარის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ბოიკოტს უცხადებს: არ ნიშნავს ელჩებს, არ აწერს ხელს კანონებს.... ერთი სიტყვით და „ქართული ოცნების" ლიდერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში შეუძლებელი იყო რაიმე პოზიტიურის გაკეთება სააკაშვილის დესტრუქციულობის გამო.

 

სააკაშვილი იქნებ არ ეთანხმებოდა პოზიტიურს, მაგრამ შეიძლება ეთანხმებოდა ნეგატიურს, უარყოფითი შედეგების მომტან გადაწყვეტილებას ახალი ხელისუფლებისათვის, თუნდაც ეს დამანგრეველი ყოფილიყო საქართველოსათვის?

 

საყდრის - ყაჩაღიანის ისტორია შეიძლება ამ გაგებით იყოს სამომავლოდ კოდი კოჰაბიტების დროს სააკაშვილის თანხმობით მიღებული გადაწყვეტილებების მავნებლობაზე შესამოწმებლად.

 

არის კიდევ ერთი ვარიანტი მომხდარის ასახსნელად. ან სააკაშვილსა და ივანიშვილს ჰქონდათ საერთო ინტერესი „მოეკლათ" საყდრისი, ან ვიღაცას ისეთს ჰქონდა ეს ინტერესი, რომლის დაკმაყოფილება სააკაშვილისა და ივანიშვილისათვის ერთნაირად სასურველი, ან სავალდებულო იყო.

 

და მაინც, როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, რატომ არ აღმოჩნდა ძეგლთა დაცვის არცერთი ოფიციალური ინსტიტუტი მზად არ დაეშვათ მომხდარი და წინ აღდგომოდნენ თუნდაც „სააკაშვილ-ივანიშვილის გაერთიანებულ ინტერესებს ძეგლის წინააღმდეგ"?

 

ძეგლის „სიკვდილის" პროცესის წამომწყებ და დაინტერესებული მხარედ ჩანს ჯგუფი RMG(RICH METALS GROUP). „RMG Group" სააქციო საზოგადოება „მადნეულისა" და შპს „კვარციტის" შეცვლილი სახელია. რუსულმა Capital Group-მა 2012 წლის 14 ივნისს შპს „კვარციტი" და სს „მადნეული" 120 მილიონ დოლარად შეიძინა GeoProMining-სგან.(http://liberali.ge/ge/liberali/news/114428/)და დღეს იწოდებიან შესაბამისად: შპს „RMG GOLD" და სს „RMG COPPER" (http://www.richmetalsgroup.com/gold/index_geo.html; http://www.richmetalsgroup.com/).

 

2013 წლის 26 აპრილს შპს „RMG GOLD"-მა მიმართა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს საყდრისისათვის ძეგლის სტატუსის შეცვლით, კომპანიისათვის წიაღით სარგებლობის პრობლემების მოგვარების თხოვნით.

 

სამწუხაროდ, ამ თხოვნასთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი დასკვნაც: „RMG Copper-სა და RMG Gold-ის შეუფერხებელი მუშაობისათვის ბარიერების მოხსნის საკითხის მოგვარებით, თავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაკავდა და პრობლემაც განსაკუთრებული გართულებების გარეშე მოაგვარა. პრომლემა ამ შემთხვევაში RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზე, საყდრისი-ყაჩარიანის უძველესი ოქროს მაღაროს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის არსებობა იყო. პრობლემა მარტივად გადაწყდა - ძეგლს ჯერ უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, შემდეგ ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი, ხოლო საბოლოოდ, გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონა და RMG-ისათვის ძეგლის დაცვის ზონაში წიაღით სარგებლობის შეზღუდვის პრობლემაც მოიხსნა. (http://www.osgf.ge/files/2013/2013/Madneuli_kanonze_magla.pdf, გვ.20).

 

თუმცა მივყვეთ მოვლენებს. როდესაც კომპანიამ მიმართა მთავრობას, მისი ლიცენზიის /ნომერი1000874 ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალების და ბარიტის მოპოვების შესახებ/ 20-წლიანი ვადის გასვლამდე (2014 წლის 14 აპრილამდე) დარჩენილი იყო ერთი წელი და ამ დროისათვის უკვე ცნობილი იყო მადნეულის მოპოვების ახალი ლიცენზიანტი. 2012 წლის 29 თებერვალს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუქციონზე 2014 ლის 15 აპრილიდან 27 წლის ვადით წიაღით სარგებლობის უფლება შპს „მაინინგ ინვესთმენთსმა" მოიპოვა.

 

ამასთან ამ ახალ ლიცენზიაში არ შედის საყდრის-ყაჩაღიანის მონაკვეთი. (აქ უკვე ჩაირთო დრო, თუ რამდენ ხანს უდა გაძლოს ძეგლმა, რომ სიკვდილს გადაურჩეს).

 

1 მაისს ბიძინა ივანიშვილმა საკითხი უწყებრივად დაავალა კულტურის სამინისტროს.

კულტურის მინისტრი აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც პროცესის განვითარებას ძეგლის გადარჩენისაკენ კი არა, არამედ მისი მოკვლისაკენ შეუწყო ხელი.

 

მირიანე ოდიშარიამ 2013 წლის 28 მაისს გამოსცა ბრძანება №03/82 „ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ" რომელსაც დაავალა არა იმის გარკვევა თუ რამდენად შეესაბამება ძეგლი სტატუსს, არამედ (1)"ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის „შესწავლა და (2) „მისი გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების" შემუშავება. (ლიცენზიის ვადის გასვლამდე რჩება 10 თვე).

 

დავალება ითხოვდა სამართლის სპეციალისტებს და სიკვდილის შემდეგ ძეგლის ნარჩენების „გადასაფლავების" პროფესიონალებს.

 

2013 წლის 5 ივლისს მირიანე ოდიშარიამ გამოსცა ბრძანება № 03/108 „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე".

 

კომისია შედგა დარგის პროფესიონალებისაგან. ამ უკანასკნელებს სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ პროფესიულად, რომელსაც მათგან არავინ არ ითხოვდა. მათ არაპროფესიულ დასკვნას, რომ ძეგლს არასწორად მიენიჭა სტატუსი სამართლებრინად მოჰყვა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება ძეგლის მოკვლის შესახებ.

 

კულტურის მინისტრმა მიიღო სასიკვდილო განაჩენი კულტურის ძეგლზე ლიცენზიის ვადის გასვლამდე 9 თვით ადრე.

 

2013 წლის 5 ივლისს მირიანე ოდიშარიამ გამოსცა ბრძანება №03/108 „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანების ნაწილის ბათილად ცნობის თაობაზე".

 

ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ კოჰაბიტები როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის მხარეს და 2013 წლის 10 ივლისს სააკაშვილმა ხელი მოაწერა ძეგლის მოკვლის განაჩენს.

 

გასაოცარია ოპერატიულობა და ბიუროკრატიული მანქანის სისწრაფე. კულტურის მინისტრის ბძანებასა და პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემებს შორის 5 დღეა შუალედი, აქედან ორი დღე - 6 და 7 ივლისი - უქმე დღეები იყო. ეს მაშინ როდესაც ამ ძეგლისათვის სტატუსის მინიჭების დროს მინისტრ გოკა გაბაშვილის ბრძანებასა და მისი თანაპარტიელი პრეზიდეტის ბრძანებულებას შორის 7 თვეზე მეტია. ეს ძალიან თვალში საცემი მაგალითია კოჰაბიტანტური „რთული" ურთიერთობის წარმოსადგენად.

 

კულტურის სამინისტროს 5 ივლისის ბრძანებაში არქეოლოგიური შეწავლისათვის მოცემული იყო ვადა 2013 წლის 15 სექტემბრამდე. შემდეგ ეს ვადა გადაიწია 1 ოქტომბრამდე - ეჭვი არავის არ შეჰპარვია, რომ ეს იყო ხარკი საპრეზიდენტო არჩევნების გარემოსათვის და არა ზრუნვა ძეგლზე. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ამ დროისათვის რჩებოდა 6 თვე.

 

სამინისტროს კომისიის წევრებს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა: ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს არ იყო ოქროს საბადოს მოპოვების ძეგლი, თუმცა წინააღმდეგი იყო მისი სიკვდილის, მეორენი თვლიდნენ რომ ეს იყო სპილენძის საბადო და ასეთი სხვაგანაც ბევრია საქართველოში და სხვა. კულტურის სამინისტროს შიგნითაც იყო სხვა აზრი. კოჰაბიტური პოზიცია დაეფუძნა იმას, რომ ეს არა არის მნიშვნელოვანი ძეგლი, რომ იქ არ არის ოქრო (თუ ოქრო იქ არ ყოფილა არასდროს რატომ მიიჩქარიან ოქროს ციებ-ცხელებით ბულდოზერებითა და დინამიტებით ამ ტერიტორიის მოსაშთობად?). ამასთან ამტკიცებდნენ, რომ თუ ეს ადგილი არ მოექცევა სამრეწველო წარმოებაში, მაშინ იქნება ფინანსური დანაკარგები. თუმცა ფინანსური გაანგარიშებები იყო არა 6 თვეზე, არამედ ხანგძლივ პერიოდზე, როდესაც ამ კომპანიას იქ არ ექნება ლიცენზია.

 

ვინ როგორ რა თქვა სახელმწიფო კომისიიდან და რატომ თქვა ამას კიდევ მრავალგზის დაუბრუნდება ქართული საზოგადოება.

 

ფაქტი ერთია, მთავარი მიზანი ძეგლის მოსპობა იკვეთება.

 

კულტურის სამინისტროს სასიკვდილო განაჩენი არ უნდა გამოეტანა თუნდაც ერთი საწინააღმდეგო აზრის არსებობის პირობებში.

 

კომისიის დასკვნაში შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი, გარდა ძეგლის სიკვდილზე თანხმობისა.

 

თავის დროზე საქართველოში ადამიანების სიკვდილით დასჯის გაუქმების ადრეული დებატები მძიმედ მიმდინარეობდა. ქვეყანასი იმდენი უბედურება, ღალატი იყო, რომ ყველაზე ჰუმანურ ადამიანებსაც უჭირდათ ამ პოზიციაზე გადასვლა. უმთავრესი გადამწყვეტი არგუმენტი სიკვდილით დასჯის გასაუქმებლად გახდა ის, რომ უმჯობესია სიკვდილით არ დასაჯო თუნდაც ის, ვინც ამას იმსახურებს, რათა თავიდან აიშორო გამოუსწორებელი შეცდომა - თუნდაც ერთი უდანაშაულო პირის სიკვდილით დასჯა.

 

რატომ არ ამუშავდა სახელისუფლებო წრეებში მსგავსი „გამოუსწორებელი შეცდომის თავიდან აშორების" მექანიზმი?

 

ან იქნებ მართლაც რაღაც „დანაშაულისათვის" უნდა მოკვდეს საყდრისი?

 

ამ გაუგებრობას დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა და გამოყენებულ იქნა კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა. გამოქვეყნდა ანალიტიკური მასალები, ჟურნალისტური გამოძიებების შედეგები და სხვ. /იხ. მაგალითად, მადნეული კანონზე მაღლა" http://www.osgf.ge/files/2013/2013/Madneuli_kanonze_magla.pdf/.

 

პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს 2013 წლის 13 სექტემბერს წერილით მიმართა ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურმა მდივანმა ვილჰელმ კრულმა. „..მე გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, - წერს იგი, - რომ საყდრისის ოქროს მაღარო.... არის დიდ საფრთხეში და განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება". იგი თხოვს ქართველ პრემიერს ქართველების ეჭვების მოსახსნელად შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი კომისია და თავაზობს ამისათვის ყველანაირ დახმარებას „სიამოვნებით". „საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომა საყდრისის დაზიანებით" - აღნიშნავს ბატონი კრული. მიაქციეთ ყურადღება - ხაზგასმულია გამოუსწორებელი შეცდომის არ დაშვებისათვის ზრუნვა. პასუხი ჩვენთვის უცნობია. თუმცა 26 ოქტომბერს ივანიშვილი შეხვდა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას და სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია. მეცნიერებათა აკადემიის დასკვნა იყო ეტყობა „ძლიერ აკადემიური", რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და საბოლოოდ მეცნიერებათა აკადემიის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა საყდრისის სასარგებლოთ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე 2013 წლის 9 დეკემბერს. /http://www.epn.ge/?p=176850/ (ლიცენზიის ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე). ხომ არ იქნება ეს უკან მიდევნებული ლამპარი? / იხ. ნინო მიქიაშვილის სტატია  http://www.argumenti.ge/?p=5688/

 

მე არ ვიცი მეცნიერულ კამათში ვინ იქნება სწორი, მაგრამ სანამ ყველაფერი დამტკიცდება მანამ არ მინდა მოკვდეს საყდრისი და ბედნიერი ვიქნები თუ მართალი აღმოჩნდება ის მხარე ვინც ამტკიცებს, რომ საყდრისი უნიკალურია, ის ადასტურებს ქართველების მიერ ორგანიზებულ საზოგადოებასა და მათ მიერ ოქროს სამთო წესით მოპოვებას პერიოდისათვის, რომელიც თითქმის 500 წლით უსწრებს წინ ეგვიპტის აღმოსავლეთ უდაბნოში აღმოჩენილ ცნობილ მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროებს.

 

დარჩენილია 100 დღე ვიდრე ლიცენზია გაუქმდება საყდრის-ყაჩაღიანის მონაკვეთზე სამთო სამუშაოების წარმოებისათვის.

 

ყველა უნდა დავდგეთ საყდრისის საშველად!

 

უნდა გავაერთიანოთ:

 

ის, რომ მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ პოზიცია საყდრისის სიცოცხლის სასარგებლოდ შეცვალა (თუნდაც საჯარო განცხადებით);

 

ის, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა და ევროპული ღირებულებებიდან გამომდინარე არ დაუშვებს „გამოუსწორებელ შეცდომას" ძეგლის განადგურების გადაწყვეტილების განხორციელებით;

 

ის, რომ კოჰაბიტაცია დამთავრებულად ოფიციალურად გამოცხადდა 1 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით და კოჰაბიტაციური გადაწყვეტილებებით ცხოვრება რეალურად ამ პოლიტიკის გაგრძელება და ორმაგი სტანდარტის გამოხატულება იქნება;

 

ის, რომ გერმანიაში საყდრისს უამრავი მეგობარი ჰყავს და ვერ წარმოუდგენიათ მათ თანამედროვე მსოფლიოში როგორ ვერ უნდა გადაარჩინონ ასეთი ძეგლი;

 

ის, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საყდრისთან დაკავშირებით საერთაშორისო კომისიის შექმნის მიზნით დაუზუსტებელი ინფორმაციით ჩატარდა სპეციალური შეხვედრა, სადაც მიწვეული იყოსაქართველოს შესაბამისი უწყებებიდან მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია;

 

ის, რომ ამ საკითხში ერთად დგას ერი და ბერი

 

და არ დავუშვათ საყდრისის სიკვდილი!

 

კოჰაბიტობიდან გამოსვლის კარგი ნიშანი იქნება თუ ხელისუფლება აღუდგენს საყდრისს სტატუსს.

 

სხვა შემთხვევაში არ მივცეთ საშუალება დასაჯონ სიკვდილით საყდრისი მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის შეუდავებელი მაგალითი ქართველების ინტელექტუალური პიონერობისა მსოფლიოში.

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: