ზაურ ნაჭყებია: თაკო, „კანონი“ და „სამართალი“!
როგორც იქნა, ახალი ძალაც გამოჩნდა. თუმცა, არა მარტო გამოჩნდა, საკმაოდ ამბიციური განაცხადიც გააკეთა - მე მოვალ ხელისუფლებაში უმრავლესობით, ადრე მიღებულ კანონებს, რომელიც დღემდე უცხო ძალებისა და მათი პირწავარდნილი ლაქიების ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე საზოგადოების, გავაუქმებ, ან შესაბამისობაში მოვიყვან, მერე, ახალ კანონებსაც გამოვაცხობ და ქვეყანაში სამართალს დავამყარებო!
საკუთარ პოლიტიკურ პარტიას სახელიც შესაფერისი შეურჩია: „კანონი და სამართალი“!
არ გეგონოთ, რამეს ვაბრალებდე - თაკო ჩარკვიანმა ჯერ კიდევ დამფუძნებელ ყრილობამდე განაცხადა, რომ უმრავლესობით აპირებს მოსვლას ხელისუფლებაში. რომც არ ეთქვა, ისედაც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან უმცირესობაში ყოფნით სასურველ საკანონმდებლო სივრცეს ვერ შექმნის და ვერც შეპირებულ სამართალს დაამყარებს...
ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ, „ქართული ოცნების“ ყალბი პათოსისა არ იყოს, რომელიც მარადიულ ოცნებად დარჩა, პოლიტიკოსობაზე მეოცნებე პუბლიცისტი რომ გეტყვის: კანონიერების დარაჯი ვიქნები და ამ უსამართლო სამყაროში სამართალს დავამყარებო, მინიმუმ უნდა გაგეცინოს, მაქსიმუმ უნდა დაფიქრდე, რასთან გვაქვს საქმე!
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ანდაზისა არ იყოს, ძალიან მეცოდება თაკო ჩარკვიანისნაირი პოლიტიკოსების ხელში საქართველო.
ჯერ ერთი, დედამიწაზე ალბათ არ არსებულა ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც კანონს საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად მოარგებდა და სამართალს აზეიმებდა ქვეყანაში...
არ ვიცი, ქალბატონი თაკო რა ისეთი „თიმსალმაკოა“, ჯადოსნური კვერთხი მოიქნიოს და შეუძლებელი შეძლოს?!
ე.წ. დამფუძნებული ყრილობის პერიპეტიებს და ყალბი „გუნდისგან“ მჩქეფარე ასევე ყალბ ემოციებს რომ ვადევნებდი თვალყურს, შთაბეჭდილება შემექმნა: დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ოცდაათწლიანი არსებობის მანძილზე ქართველებმა ვერც პოლიტიკის ანა-ბანა ვისწავლეთ, რომ ქართული პილიტიკოსები გამოგვეძერწა და ვერც ჩვენ ჩამოვყალიბდით, როგორც საზოგადოება, რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობების წინაშე.
არა, რა, თაკო ჩარკვიანის და მისი „ძლევამოსილი“ გუნდის იმედი ნუ გექნებათ - ახალი ვეძებოთ, ოღონდ, ძალიან ნუ დავაგვიანებთ!