ზაურ ნაჭყებია: რატომ არ ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს ქართველ ჭურნალისტებს?!

ზაურ ნაჭყებია: რატომ არ ვულოცავ ქართული ჟურნალისტიკის დღეს ქართველ ჭურნალისტებს?!

არ მიყვარს საერო დღესასწაულები - რაღაც მოგონილი და უღიმღამო მგონია, თუმცა, შედარებით ლმობიერი ვარ პროფესიული დღესასწაულების მიმართ, რომელიც ნებისმიერ ადამიანში პოზიტიურ ასოციაციას და საკუთარი პროფესიისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძებს.

 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ პროფესიას შევალიე და მიმაჩნია, რომ პროფესიული ღირსება არასდროს შემილახავს!

 

მახსენდება შორეული წლები: როგორ მიხაროდა, როგორი გულისფანცქალით ველოდებოდი გაზეთის მორიგი ნომრის გამოსვლას, სადაც ჩემი პუბლიკაცია იბეჭდებოდა... შემდეგ, დროთა განმავლობაში, ცოტა გავთამამდი და თავად გავხდი რამდენიმე კვალიფიციური ჟურნალ-გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. თუ როგორ ვაბამდი თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიას, ჩემმა ერთგულმა მკითხველმა განსაჯოს!

 

გულწრფელად ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცოდი როგორ აკეთებდნენ მედიის წარმომადგენლები ფულს საქართველოში, სული არასდროს წამიწყმედია - დიახ, არასდროს მიფიქრია თეთრი შავად წარმომეჩინა, მავანისთვის შავი პიარი ამეგორებინა და ამაში განსაკუთრებული ჯილდო მიმეღო - ჩემთვის მთავარი ჯილდო ყოველთვის პროფესიული ღირსების შენარჩუნება იყო...

 

არასდროს წავსულვარ პროფესიულ კომპრომისზეც - მდარე და ვიღაცისთვის ანგარიშის გასასწორებელ (აგრესიით გაჟღენთილ) პუბლიკაციებს საკუთარ გამოცემებს არ ვაკარებდი... არც პროფესიონალიზმს ვუჩივი - ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ სუსტი (არაპროფესიული) მედია-გამოცემები მქონია ან მაქვს დღესაც - რასაც ხელს მოვკიდებ, ბოლომდე ვიხარჯები. მერე რაა, თუ ფული ვერ ვიშოვე და „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ გული ვერ მოვიგე?!

 

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა და ვიტყვი პირდაპირ: მეცოდება საკუთარი ქვეყანა ასეთი არაპროფესიონალი, აგრესიული, ორ გროშად სულწაწყმედილი ვაიჟურნალისტების ხელში. თუ ცალკეულ გამონაკლისებს არ მივიღებთ მხედველობაში, საქართველოს პროფესიონალ ჟურნალისტთა კორპუსი  არ ჰყავს - მხედველობაში მაქვს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური მედიაც. ყველა, ვისაც არ ეზარება, დღეს მიკროფონი უჭირავს ხელში და არაპროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ, ღვარძლისა და აგრესიის „ნექტრით“ აპურებს საზოგადოებას!

 

ვიქნები ობიექტური და ვიტყვი: ქართული საზოგადოების სულიერებისგან დაცლაში, ქართული საზოგადოების ერთმანეთზე გადამტერებაში, ქართული საზოგადოების ბოლომდე ზომბირებაში ლომის წილი სწორედ ქართველ ჟურნალისტებს (სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ჭურნალისტებს) მიუძღვით! სწორედ მათ სინდისზეა (თუმცა, სადა აქვთ სინდისი, როცა ასეთ დღეში ამყოფებენ საზოგადოებას) ის გაუსაძლისი ემოციური ფონი, რაც ჩვენს ქვეყანაში სუფევს!

 

რაც შეეხება პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვას, ეს მათთვის ხომ საერთოდ უცხო ხილია!!!

 

ასე და ამგვარად, ქართული ჟურნალისტიკის დღეს მხოლოდ პროფესიონალ და საკუთარ პროფესიაზე ალალად შეყვარებულ ჟურნალისტებს მივულოცავ - არ დაეკარგოთ პროფესიული ღირსების განცდა!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: