9 აპრილიდან... 9 აპრილამდე!

9 აპრილიდან... 9 აპრილამდე!

30 წელი გავიდა 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილიდან. 30 წელი არც თუ ისე მცირე დროა საქართველოსთვის ამ მეტად ტკივილიანი მოვლენის შესაფასებლად. თუმცა, თუ ბატონ ბიძინა ივანიშვილის სიტყვების პერიფრაზს გავაკეთებ, გამოდის, რომ რაციონალურობამ ემოციაზე დღემდე ვერ გაიმარჯვა!

 

დიახ, 30 წელიც არ გახდა საკმარისი პრაგმატულად (ემოციების გარეშე) შეგვეფასებინა 1989 წლის 9 აპრილი...

 

სიცრუეა, რომ ეს იყო ქართველი ერის გააზრებული ერთობა, რომლის მიზანი არა მარტო დეკლარირებული დამოუკიდებლობისთვის (თავისუფლებისთვის) ბრძოლა, არამედ, დამოუკიდებლობის შენარჩუნებაც იქნებოდა! ამით ეროვნული მოძრაობის ლიდერების დამსახურებას სრულებითაც არ ვაკნინებ, მაგრამ, თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა, ჩვენ ილუზიების ტყვეობიდან ვერასდროს გამოვალთ...

 

პირადად ჩემთვის, კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, რომ 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა სისტემის ნგრევა და ამით ხელ-ფეხი გაეხსნა საბჭოეთში შემავალ რესპუბლიკებს აეხდინათ ოცნება _ გამხდარიყვნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

 

საქმე ისაა, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს საბჭოთა იმპერიას ჭანჭიკები ისედაც ბოლომდე ჰქონდა მოშვებული. გორბაჩოვ-შევარდნაძის „პერესტროიკა“ და დემოკრატობანას თამაში კი სისტემის ნგრევის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებდა. დიახ, სისტემის ნგრევა თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი ტრანსატლანტიკური სივრცის მიერ.

 

აქედან გამომდინარე, 9 აპრილმა მხოლოდ კატალიზატორის როლი შეასრულა და დანარჩენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა იდეოლოგიურად მახინჯი სისტემის ნამდვილი სახე!

 

გულუბრყვილობაა იმის თქმაც, რომ 9 აპრილმა მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს რომ ასე არ არის, კავშირში შემავალი სხვა რესპუბლიკების მაგალითზეც კარგად ჩანს - ისინი ისე გახდნენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები (თუ რამდენიმე რესპუბლიკაში მომხდარ საპროტესტო გამოსვლებს არ ჩავთვლით), თითი თითზე არ დაუკარებიათ!

 

დიდება 9 აპრილს შეწირული უდანაშაულო ადამიანთა სულებს, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათი იქ ყოფნა საქართველოს უკეთესი მერმისის წინაპირობა გახდებოდა. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს იყო შიშველ ემოციაზე დაფუძნებული აღტკინება, რომელსაც, სამწუხაროდ, სასურველი (თანამიმდევრული) გაგრძელება არ მოჰყოლია!

 

 იბადება რამდენიმე კითხვა:

* თუ ეს იყო ქართველთა ჭეშმარიტი ერთობა თავისუფალი, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მაშინ რატომ ვერ გაუძლო დროს და რატომ გადაიზარდა იგი ძმათა შორის დაპირისპირებაში, რომელიც კანონიერად არჩეული პირველი პრეზიდენტის დამხობითა და სამოქალაქო ომის ინსპირირებით დასრულდა?!

 

* რატომ ვერ შეძლო ემოციურ ტალღაზე მოსულმა ეროვნულმა მოძრაობამ ერთობის შენარჩუნება, რომელიც ხელოვნურად თავს დამტყდარ კატაკლიზმებს თავიდან აგვაცილებდა?

 

* იყვნენ თუ არა ეროვნული მოძრაობის ლიდერები მართული გარკვეული გარეშე ძალების მხრიდან, რომლებმაც თავადვე (გარეშე ძალებმა) შეუწყვეს ხელი ამ მოძრაობის გახლეჩას და ქვეყანა დაპირისპირებულ ჯგუფებად აქციეს?!

 

ის, რომ საქართველო, თუნდაც დასაშლელად განწირულ საბჭოთა იმპერიას ვერ გაუმკლავდებოდა, თავიდანვე უნდა სცოდნოდათ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს.

 

ისიც კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ ასეთი ანტირუსული (დამამცირებელი) ლოზუნგებით ძირგამომპალი იმპერიის რისხვას თავიდან ვერ ავიცილებდით და საქართველოს სამაგალითოდ დასჯიდნენ. ასეც მოხდა.

 

ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ეროვნული მოძრაობის ლიდერების არარაციონალური დამოკიდებულება პატრიარქის თხოვნისადმი. არადა, რას ითხოვდა პატრიარქი? იგი გვაფრთხილებდა, რომ განსაცდელი გვიახლოვდებოდა და დაშლილიყვნენ, ან სალოცავად გადასულიყვნენ ქაშუეთის ეზოში. ირაკლი წერეთელმა იმდენად ითავხედა, მიკროფონიც კი წაგლიჯა ერის სულიერ მწყემსმთავარს, თვითონ დაიწყო „მამაო ჩვენოს“ ქადაგება და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო!

 

დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხალხი შეგნებულად მიიტყუეს სასაკლაოზე, რომ ამ უმანკო სისხლით მავანს და მავანს თავისი ბნელი ზრახვები სისრულეში მოეყვანა. საქართველოს მტრებმა მიზანს მიაღწიეს - ქვეყანა კი სამაგალითოდ დასჯილი და დაზარალებული დარჩა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია (ბევრს არ უნდა აღიარება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ), სწორედ 9 აპრილის სისხლიანი დილით დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური კედლის აღმართვა, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით!

 

გასაგებია, რუსეთი თავისი ბუნებით ოკუპანტია, იგი იმპერიული სულისკვეთების ფენომენია, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ისტორიული მეზობელია, რომელსაც ვერ გავექცევით. ყველაზე მთავარი: დრომ დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც კავკასიაში (უპირველესად საქართველოში), მის იმპერიულ სულისკვეთებას შეაჩერებს!!!

 

ჩვენი უბედურება კი იმაშია, რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით ე.წ. ხბოს აღტკინებიდან (ემოცია ბატონობს რაციონალობაზე) და გულუბრყვილოდ გვგონია, რომ ამერიკა და ზოგადად, დასავლეთი არის ის გარანტი, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ რუსეთს თითს მოაკაკვინებს!

 

მე ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ არა 1989 წლის 9 აპრილი, 1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირება არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, იქნებოდა, რადგან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თითქმის ერთ წელიწადში განხორციელდა, საქართველო ისედაც გახდებოდა დე-იურე დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც კავშირში შემავალი სხვა რესპუბლიკები. არა მგონია 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირება ეროვნული ხელისუფლების ყველაზე დიდი გმირობა იყო - პირიქით, ჩვენ მოვლენებს დავასწარით და სამაგალითოდ დავისაჯეთ კიდეც!

 

მეორეც, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ საქართველო დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან დღემდე ჭეშმარიტად თავისუფალი სახელმწიფოა - თუ ადრე საქართველოს რუსის „ნამესტნიკები“ აკონტროლებდნენ და ყველა გადაწყვეტილება მოსკოვთან თანხმდებოდა, დღეს (რაღა დღეს, 2 ათეულ წელზე მეტია) ეს მისია საკუთარ თავზე ამერიკამ აიღო - ძველი „ნამესტნიკის“ როლს ამერიკის საელჩო ასრულებს, ხელისუფლებაც ოკეანს გაღმიდან იმართება - ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება მათთან შეთანხმების გარეშე წარმოუდგენელია.

 

მაშ, რანაირად არის საქართველო დამოუკიდებელი?

 

საქართველო მართლაც დამოუკიდებელი ქვეყანა რომ იყოს, სხვისი კარნახით ასეთ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ კანონებს არ მივიღებდით და დარტყმის ქვეშ არ დავაყენებდით ერის მომავალს!

 

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა რომ იყოს, ხალხი ასეთ გაურკვევლობაში და აპათიაში არ იცხოვრებდა!

 

საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა რომ იყოს, არჩევნებსაც აზრი ექნებოდა და წარამარა არ წამოვიძახებდით: ვისაც ამერიკა მხარს დაუჭერს, ხელისუფლებაში ის იქნებაო. როდის გაგვიკეთებია დამოუკიდებელი არჩევანი?

 

ილიასი არ იყოს, „თუ ჩემი თავი მე თუ არ მეყუდვნის“, ეს რაღა დამოუკიდებლობაა?

 

არ ვყოფილვართ ჩვენ ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი!

 

P.S. კიდევ ერთხელ მოწიწებით ვიყრი მუხლს 9 აპრილს დაღუპული უდანაშაულო ადამიანების ხსოვნის წინაშე. მათი უმანკო სისხლი ჩვენგან ეროვნული სულის გაღვიძებას ითხოვს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართული იდენტობის შენარჩუნებაზე. დროა გამოვიდეთ ილუზიების ტყვეობიდან და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ვისწავლოთ. სხვანაირად რა გამოდის?! თავისუფლება და კარგად ცხოვრება გვინდა, მაგრამ, ხელის და ტვინის განძრევა არ გვინდა. არც ის გვინდა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, რადგან, ამ „ყველაფერში“ საკუთარ უსუსურობას გავაშიშვლებთ.

 

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: