ზაურ ნაჭყებია: რატომ დაიხია უკან ივანიშვილმა და რამდენად სწორად იქცევა გახარია?!
გუშინ გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან შეხვედრამ დამარწმუნა:
1. საგანგებოდ შერჩეული ტელეჟურნალისტების უმრავლესობა (ეს არ ეხება ბონდო მძინარაშვილს, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა კონსტრუქციულობით და კითხვების სწორად დასმის კულტურით) მინისტრისგან არა ობიექტური ინფორმაციის მიღებითა და არსებით ნიუანსებში გარკვევით იყვნენ დაინტერესებული, არამედ, თავიანთი უტიფრობითა და არაჟურნალისტური ჟესტებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი საქართველოს შიდა და გარე მტრების დავალებას ასრულებენ, ოღონდ, უნიჭოდ!
კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ისიც, რომ არაფერი ვთქვათ ტელეჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე (კითხვების დასმის და სწორად გააზრების კულტურაც არ გააჩნიათ), ისინი თავიანთი აგრესიულობით და უკანასკნელ ნიშნულამდე დასული ისტერიით ხელს უწყობენ მასების გეგმაზომიერად ზომბირებას!!!
2. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გახარიასგან უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთებას ელოდებოდა, „ჯალათად“ მონათლულმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი დინჯი, გაწონასწორებული პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მართვა და მოზომილი მესიჯების გაკეთება.
გახარიას პასუხებმა აშკარად წარმოაჩინა, რომ იგი შეზღუდულია 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ობიექტურად (ბოლომდე) შეფასებაში და სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება, თუმცა, არა ივანიშვილის ახირებების გამო.
წარმოაჩინა ისიც, რომ აქციას, რომლის მიზანი ქვეყნის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეყვანა იყო (ხელისუფლების ძალადობით დამხობის მცდელობით), „ნაციონალებთან“ ერთად მხარს უჭერდა „ქართული ოცნების“ გარკვეული ფრთაც - მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შტურმი წარმატებით ვერ განხორციელდა, გარკვეულმა გარე და შიდა მტრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს - დღევანდელმა ხელისუფლებამ უდანაშაულო მომიტინგეთა სისხლიანი დამრბევის, ხოლო, გახარიამ, „ჯალათი მინისტრის“ იარლიყი მიიწება!
გახარიას განცხადებამ: „მე მხოლოდ გამოძიების დამთავრების შემდეგ გადავდგები“, პირადად ჩემს თვალში კიდევ უფრო აამაღლა მისადმი, როგორც პრინციპული და დასაყრდენი პოლიტიკოსისადმი სიმპათია - რაც არ უნდა მოინდომოს, მას დღეს მეტის გაკეთება არ შეუძლია (კიდევ ვიმეორებ, არა ივანიშვილის ახირების გამო)!
აშკარად წარმოჩინდა ისიც, რომ მძიმე ზეწოლა მოხდა საქართველოს ფორმალურ მმართველზე - ბიძინა ივანიშვილზეც, რასაც მოწმობს სასამართლოს მხრიდან ნიკა მელიას წინასწარ პატიმრობაში აყვანაზე უარის თქმა (რასაც პროკურატურა ითხოვდა) და გახარიას არმისვლა პარლამენტში.
არ ვიცი, რამდენად შეძლებს საქართველოს პროკურატურა გახარიას უწყების დახმარებით 20-21 ივნისის აქციის ბოლომდე (სამართლიანად) გამოძიებას (რაც ნათელს მოჰფენს ნაცი ზონდერების მხრიდან უფლებამოსილების გამიზნულად გადამეტებას და „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მაღალჩინოსნის აშკარა კვალს გახარიას „გაფუჭებაში“) და ობიექტურობის დადგენას, მაგრამ, ერთი რამ ნათელია - გარეშე ძალები „ნაციონალებს“ ამბრაზურასავით კიდევ ერთხელ გადაეფარნენ და აიძულეს ივანიშვილი უკან დაეხია!!!
რაც არ უნდა ვიძახოთ: „ახია მათზე“ (იგულისხმება, ქართული ოცნება“), ერთი რამ ცხადია: „ნაცებისა“ და „ქოცების“ ამ ბინძურ თამაშში ყველაზე მეტად ზარალდება ქვეყანა...
უდავოა ისიც, რომ თუ საზოგადოების წიაღიდან ახალი მუხტი არ წამოვიდა (ვინც დღეს რუსთაველზე დგას, მათ ასეთ ძალად, სამწუხაროდ, ვერ მივიჩნევ), არა მარტო „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ, ქვეყნის საერთოდ ფეხზე წამოდგომის შიშიც უნდა გვქონდეს!
P.S. ეს ჩემი პირადი აზრია, შეგიძლიათ მეკამათოთ.