ზაურ ნაჭყებია: მოწამლული „მახვილი“ და აღშფოთებული საზოგადოება!
უკვე ერთი კვირაა, არ ცხრება საზოგადოების ვნებათაღელვა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდში განვითარებულ მოვლენების მიმართ.
მართლმადიდებელი მრევლი, თუ უბრალოდ სეირის მოყვარულნი (ვისაც არ ეზარება), ყველა ბრუნვაში ატრიალებენ მეუფე პეტრეს (ოფიციალურად ის ჯერ კიდევ მეუფეა, რადგან, მხოლოდ ეპარქიის მმართველობიდან გადააყენეს და მღვდელმსახურება შეუჩერეს, ხოლო მღვდელმთავრის სტატუსი არ შეუჩერებიათ) და ლამის მისი „ლინჩის წესით“ გასამართლებას ითხოვენ!
ეკლესიას აქვს თავისი კანონები და აქედან გამომდინარე, მეუფე პეტრეს მიმართ გამოტანილი სასჯელიც სჯულის კანონში უნდა ჩაჯდეს! ჩვენ მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, გამოვხატოთ საკუთარი ემოცია იმ სიბილწის მიმართ, რომელიც მეუფე პეტრეს პირიდან ამოვიდა!!!
ფაქტია, რომ ეს არ იყო მხილება, რომელსაც ეკლესია უშვებს, თუნდაც, უმაღლესი სასულიერო იერარქიის მიმართ, ეს იყო შურისძიება, რომელიც არა მარტო პატრიარქისკენ იყო მიმართული.
სამწუხაროდ, არც მრევლისგან და არც სასულიერო პირებისგან პირადად მე არ მომისმენია და არც წამიკითხავს (თუ ვცდები, უფალმა მომიტევოს!), რომ პატრიარქის წინააღმდეგ სიბილწის ტირაჟირებით ამხედრებული მღვდელმთავარი ვინმეს შეეცოდებინოს! დიახ, შეეცოდებინოს, რადგან, ფაქტია, რომ მეუფე პეტრე მოწამლული „მახვილი“ აღმოჩნდა ეშმაკის ხელში - მისი სული იმდენად დამდაბლდა (დასახიჩრდა), საკუთარი „მამის“ წინააღმდეგ გაილაშქრა.
ვაკონკრეტებ: ეს არის სულიერი შვილის გალაშქრება („აკრძალული მეთოდებით“) სულიერი მამის წინააღმდეგ, რომლის მიღმა არა მარტო პატრიარქის, არამედ, ზოგადად, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა იმალება!
მეუფე პეტრეს აქვს შანსი ღრმა სინანულით გამოისყიდოს დანაშაული (რამეთუ, არ არსებობს ცოდვა, რომლის გამოსყიდვა სინანულით არ შეიძლებოდეს), მაგრამ, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. აქ საუბარია არა იმ პრივილეგიების დაბრუნებაზე, რომლითაც ის დღემდე სარგებლობდა, როგორც მღვდელმთავარი და ერთ-ერთი ეპარქიის მმართველი, არამედ, იმ მომაკვდინებელი ცოდვის გამოსყიდვაზე, რომელშიც მან საკუთარი ნებით (ეშმაკის მეცადინეობით) ჩაიგდო თავი!
ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ეპარქიის ყოფილი მმართველი არა თუ ინანიებს ჩადენილ ცოდვას (ჩვენთვის ნაკლებად არის საინტერესო, რის „დამტკიცებას“ ცდილობდა იგი სინოდის სხდომაზე), არამედ, ეპარქიის ცალკეულ სასულიერო პირებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს! ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.
მეუფეს ვა-ბანკზე წასვლა ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით არ დამთავრდება და ეშმაკი კუდს კიდევ მოიქნევს!
მე მაინც ზემოთ თქმულს ვუბრუნდები: რატომ არ გვეცოდება საკუთარი „მამის“ წინააღმდეგ ამხედრებული „შვილი“, რომელმაც მომაკვდინებელი ცოდვა ჩაიდინა და სული ეშმაკს მიუგდო საჯიჯგნად?!
მესმის გულწრფელი თანაგრძნობა შეურაცხყოფილი პატრიარქის მიმართ, მაგრამ, რატომ არ ვფიქრობთ ძეშეცდომილი მღვდელმთავრის სულის გადარჩენაზეც, რომელიც იგივე პატრიარქმა აიყვანა მღვდელმთავრის ხარისხში და ეპარქიაც ჩააბარა?!
მე გულწრფელად მიყვარს პატრიარქი და მტკივა ის ტკივილიც, რომელიც მას დაუმსახურებლად აღზევებულმა „შვილმა“ მიაყენა, მაგრამ, ასევე გულწრფელად მეცოდება მეუფე პეტრეც - თუ ასე გააგრძელა და ღრმა სინანულში არ ჩავარდა, ჯოჯოხეთის მუგუზალს დაიყრის თავზე! უფრო შორს არ წავალ...
დავუშვათ, მოხდა სასწაული და ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა მოინანია დანაშაული (საშინელი ცოდვა) - სინოდმა და პატრიარქმა რომც აპატიოს, როგორ შეძლებს იგი მღვდელმსახურებას, როგორ მოიხსენიებს წირვა-ლოცვაში საქართველოს ეკლესიის მესაჭეს, რომელსაც ასეთი მკრეხელობა დააბრალა?!
ერთი სიტყვით, მეუფე პეტრე ისეთ ჩიხშია, საიდანაც გამოსვლა გაუჭირდება!
სწორედ ამიტომაც უნდა ვილოცოთ მისი სულის გადასარჩენადაც. სხვანაირად, ეშმაკის ბრჭყალებში მოქცეული მღვდელმთავარი ეკლესიაში განხეთქილების შეტანას კიდევ უფრო შეეცდება!
და კიდევ ერთი: ჩვენ გვაქვს უფლება გამოვხატოთ პროტესტი მეუფე პეტრეს საქციელის მიმართ, მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ წმინდა სინოდის კომპეტენციაში. არც საზოგადოების მხრიდან გადმოღვრილი ღვარძლი და სიძულვილი (სიძულვილი უნდა გვქონდეს ცოდვის და არა ცოდვილის მიმართ!) მიმაჩნია ქრისტიანულ გამოვლინებად.
თუ ერთ ფრაზას გავიხსენებთ სახარებიდან: „პატიოსანი მღვდელნი და ქრისტეს მიერ დიაკონნი“, გამოდის, რომ არაპატიოსანი მღვდლებიც (მღვდელმთავარი მღვდლობის უმაღლესი ხარისხია) არსებობენ და ამას თავად უფალი უშვებს!
P.S. „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“ - ეს სიტყვები კვირის მთავარ გზავნილად იქცა. გუშინ ეს დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ სამების საკათედრო ტაძარშიც გამოხატა მრევლმა და რა თქმა უნდა, კარგია - პატრიარქი უნდა გვიყვარდეს, რადგან, იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად უფალმა დაგვიდგინა. თუმცა, ამ სიტყვების საჯაროდ აფიშირება და ლამის მოდის რანგში აყვანა, უხერხულად მიმაჩნია. ამას გულწრფელად ვამბობ მე, რომელმაც ხუთი წლის წინ გამოვეცი სქელტანიანი ილუსტრირებული წიგნი „ჩემი პატრიარქი“, სადაც მადლიერ მრევლს ჰქონდა საშუალება, გამოეხატა მისადმი დამოკიდებულება. აქვე მახსენდება ამ ორიოდე დღის წინ ერთი სანიმუშო მღვდელმთავრის სიტყვები პატრიარქზე: არ მაინტერესებს, რამდენად სწორია მეუფე პეტრეს ბრალდება, მე ვიცი, რომ საქართველოს ილია მეორის სახით ჰყავს უტკბილესი სულიერი მესაჭე, რომელიც ყოველთვის სიყვარულს ქადაგებს! დასტურ...
P.S.S. სოციალურ ქსელში ღიად საუბრობენ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ცალკეული სასულიერო პირები არასწორად მიიჩნევენ სინოდის გადაწყვეტილებას მამა პეტრეს მიმართ და დაუმორჩილებლობას აცხადებენ, რითაც ეკლესიის გარეთ აყენებენ საკუთარ თავს.
ვინც არ უნდა იყოს, მერყევი და ფეხის ხმას აყოლილი სასულიერო პირებისგან დროულად უნდა გაიწმინდოს ეკლესია, თუ გვინდა იქ წესრიგი დამყარდეს!
თუმცა, ესეც წმინდა სინოდის გადასაწყვეტია.