ზაურ ნაჭყებია: თავხედური „გასროლა“, ანუ ვინ ხარ შენ, ქალბატონო ლალი მოროშკინა?!

ზაურ ნაჭყებია: თავხედური „გასროლა“, ანუ ვინ ხარ შენ, ქალბატონო ლალი მოროშკინა?!

 

„ბრავო, ლალი“ ხმამაღლა წამოვიყვირე, როცა ლალი მოროშკინას ახალი მინი (პოლიტიკური) რომანის „სამი დღე ვაქცინამდე“ კითხვა დავასრულე.

 

მოროშკინას შემოქმედებას მეტ-ნაკლებად ვიცნო. არც მისი გამბედაობა მიკვირს, მაგრამ, რაც ამ მინირომანში წავიკითხე, გაოცებული დავრჩი და დაშოკილიც!

 

გაოცებული იმიტომ, რომ ქ-ნ ლალის მწერლური „სითამამე“ ერთი ერთზე დაემთხვა ჩემს ინტუიციას. რაც შეეხება შოკს, ეს პროფესიონალიზმთან ერთად, გადაჭარბებულმა გამბედაობამ, ანუ ავტორის მხრიდან თავგანწირვის მზაობამ გამოიწვია...

 

ვიტყვი გულწრფელად: ჩემზე რომ იყოს, ლალი მოროშკინას „თავგანწირულის“ გვირგვინს დავადგამდი და მკერდზე „უშიშარი, ვითარცა უხორცო“-ს ორდენს დავაბნევდი!

 

არ ვაჭარბებ: დღეს, როცა ყალბი დემოკრატიის პირობებში, ერთი შეხედვით, ყველაფრის თქმის უფლება გვაქვს, მოროშკინამ თქვა ის, რაც აკრძალულია, კერძოდ: მსოფლიო სრულიად დაუცველია „ძლიერთა არა ქვეყნისათა“ ხუშტურებისგან. ამასთან, გახსნა კვანძი, თუ როგორ შეიძლება ემსხვერპლოს იგივე „ძლიერთა“ სატანურ ამბიციებს სამყაროს მშვიდობიანი მოსახლეობა, თუ ჩვენ რწმენაში არ გავძლიერდებით და მათ ნებას მონურად დავემორჩილებით!

 

საქმე ისაა, რომ ეს არ არის, ლალი მოროშკინას, როგორც ნიჭიერი მწერლის, ფანტაზიის ნაყოფი - ავტორი ფაქტებზე დაყრდნობით, მხატვრულ სტილში გადმოგვცემს იმ მომაკვდინებელი ვირუსის შექმნის ისტორიას, რომელმაც შეაზანზარა თანამედროვე სამყარო.

 

შეიძლება მოიპოვო საკმარისი ინფორმაცია, გაიარო სათანადო კონსულტაციები სპეციალისტებთან, მოახერხო მისი გადამუშავება, მაგრამ, გამბედაობაც (თავგანწირვა) ხომ გინდა, ეს ყველაფერი ხმამაღლა იყვირო?!

 

ქ-ნმა ლალიმ ეს შეძლო!

 

გამბედაობას არც მე ვუჩივი, მაგრამ, წიგნის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა ამეკვიატა: გავრისკავდი მეც იმას, რაც ლალი მოროშკინამ გარისკა?!

 

პასუხი ჯერჯერობით 50X50-ზეა.

 

ავტორმა მორიგ წიგნს პოლიტიკური რომანი დაარქვა, რაც კიდევ ერთხელ მის კრეატულობაზე მეტყველებს. თუ პროფესიონალურად შევაფასებთ, აქ უფრო ბინძური პოლიტიკის შტრიხები იკვეთება, ვიდრე, ჩვეულებრივი რომანისთვის დამახასიათებელი სასიყვარულო სცენები.

 

მე ამ მინირომანის შინაარსის მოყოლას არ შევუდგები. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ავტორმა მიზანმიმართულად „გაისროლა“ და ათიანში მოახვედრა კიდეც! ახლა ჩვენზე, მკითხველებზე და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებზე და მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად ადექვატურად აღვიქვამთ იმ საშიშროებას, რაც უჰანის ლაბორატორიაში შექმნილი ვირუსის პანდემიას შეიძლება მოჰყვეს საქართველოში. ვართ თუ არა მზად აუცილებელი პრევენციისთვის და შეგვიძლია თუ არა ობიექტურად განვასხვავოთ მტერ-მოყვარე ერთმანეთისგან?!

 

ქ-ნ ლალის გადაჭარბებული „თავხედობა“ იმაშია, რომ მან მხატვრული ფორმით (თუმცა, დოკუმენტურად) კიდევ ერთხელ ამხილა ზესახელმწიფოთა ვერაგობა - მათი მზაკვრული მიზანი: ჩამოიშორონ პოლიტიკური მოწინააღმდეგენი და შეათხელონ სამყარო „ზედმეტი“ ადამიანებისგან.

 

რაც არ უნდა მოულოდნელი გვეჩვენოს, ავტორი ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით, წინასაარჩევნო პერიოდში ერთგვარ ქაოსსაც აანონსებს, რაც პანიკაში ჩავარდნილი და ზედმეტი უარყოფითი ემოციებისგან დაუძლურებული საზოგადოების ხარჯზე შეიძლება მოხდეს!

 

ნიშანდობლივია, რომ მწერლის თვალსაწიერში ობიექტურად ამერიკა, ჩინეთი, ირანი, რუსეთ-თურქეთი მოექცა. თუმცა, ყველას თავ-თავიანთი მისია აქვთ!

 

წიგნის კითხვისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი მხოლოდ მორიგი შხამია, რომელსაც დღეს კაცობრიობას „ასმევენ“. ხვალ შეიძლება უარესის მოლოდინშიც ვიყოთ.

 

არ ვიცი, დღეს რამდენად გამართლებულია გამოთქმა: „ყველამ თავის მამიდას მიხედოს“, მაგრამ, მე მაინც ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ - წმინდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოზე!..

 

ზედმეტი პანიკა არათუ ვირუსისგან გვიხსნის, არამედ, უფრო მეტად დაგვაინფიცირებს! აქედან გამომდინარე, ბევრი რამ არის დამოკიდებული ერის ნებაზე - დარჩეს უფლის მცნებების ერთგული და ამით გააორკეცოს წმინდა მარიამ ღვთისმშობლის შემწეობა. ამასთან, ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლების ლავირებაზეც - ყურადღებით მოისმინოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „რეკომენდაციები“ (არადა, დღეს ყველაზე მეტი საშიშროება ამ ორგანიზაციიდან მოდის), მაგრამ, აკეთოს ის, რაც ყველაზე მეტად დაიცავს საკუთარ ქვეყანას კორონა და სხვა მოსალოდნელი ვირუსებისგან.

 

როგორც ეკლესიის მრევლის წევრს, ღრმად მწამს და მჯერა: თუ ბოლომდე უფლის ერთგული დავრჩებით და ქრისტეს სხეულს - ეკლესიას კორონავირუსის შიშით ზურგს არ შევაქცევთ, საქართველოს ვერანაირი „ვირუსი“ ვერ დააჩოქებს!

 

ბოლოს კი ჩემს მოკრძალებულ სტატიას ისე დავასრულებ, როგორც დავიწყე: ბრავო, ქალბატონო ლალი! თქვენ ჩემთვის გამბედაობისა და თავგანწირვის ცოცხალი მაგალითი ხართ!!!

 

P.S. მკითხველთა გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, გაუწყებთ, რომ წიგნი: „სამი დღე ვაქცინამდე“ იყიდება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: