ზაურ ნაჭყებია: სად მარხია „ძაღლის თავი“ და რა შუაშია თამარ ჟვანია?!

ზაურ ნაჭყებია: სად მარხია „ძაღლის თავი“ და რა შუაშია თამარ ჟვანია?!

 

„მე რომ თამარ ჟვანია ვიყო და თან თავმოყვარეობა, ასევე ის პასუხისმგებლობა მქონდეს გაცმობიერებული, რომელსაც ამ ქალბატონს ეს თანამდებობა აკისრებს, ორ ან სამ ნოემბერს, ან ხვალ მაინც ვიტყოდი _ გავდივარ კაბინეტიდან, შეამოწმოს და გადათვალოს ყველაფერი პარიტეტულ საწყისებზე შექმნილმა კომისიამ. თუ გაყალბება ვერ დადასტურდება, უკან დავბრუნდები, თუ არადა, გამიღეთ ციხის კარები“... - წერდა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი, ამჟამად უფლებადამცველი, ელზა ჯმუხაძე.

 

ქ-ნ ელზას, როგორც მეგობარს და წარსულში კოლეგას, პატივს ვცემ, მაგრამ ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება არჩევნების გარშემო აგორებული ხელოვნური აჟიოტაჟის, რომლის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნაა, მხოლოდ თამარ ჟვანიაზე (ცესკოს თავმჯდომარეზე) ჩამოკიდება.

 

არჩევნების ბედს არა თამარ ჟვანია, არამედ, ის მახინჯი საარჩევნო სისტემა წყვეტს, რომელიც შევარდნაძის ზეობის პერიოდში „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ (დღევანდელმა ძირითადმა პროტესტანტებმა) შექმნეს! სწორედ მათ დაამკვიდრეს საარჩევნო პრაქტიკაში ის მანიპულაციები, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება (კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული ცესკო) იყენებს...

 

როგორც წესი, თამარ ჟვანია ბეჭედს ურტყამს საბოლოო შედეგებს, თორემ, „ძაღლის თავი“ საუბნო და საოლქო კომისიებში მარხია, სადაც ოპოზიციასაც (განსაკუთრებით, „ნაცებს“) ჰყავს საკმარისი წარმომადგენლები. თუ ამას მივუმატებთ ასო-ებს (არასამთავრობო ორგანიზაციებს) და სხვა პარტიულ დამკვირვებლებსაც, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა გაყალბების მასშტაბებზე შეიძლება იყოს საუბარი...

 

როცა არჩევნების გაყალბებაზე ვსაუბრობთ, უნდა დადგინდეს გაყალბების მასშტაბები, რაც საუბნო და საოლქო კომისიების ხელახალი გადათვლითაა შესაძლებელი. თუმცა, ე.წ. ოპოზიციას გადათვლა არ აწყობს და პირდაპირ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუციით იმუქრება. ყველაზე სიმპტომატური მაინც ის არის, რომ ხელახალ არჩევნებში რომც დამარცხდნენ, აუცილებლად იტყვიან: არჩევნები კიდევ გააყალბესო!

 

რაც შეეხება არჩევნების შედეგების არაღიარებას და პარლამენტში შესვლა-არშესვლას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ფანდია საპროტესტო მუხტის ასაწევად და პარლამენტის არალეგიტიმურობის სადემოსნტრაციოდ, თორემ, როცა ყველა რესურსს ამოწურავენ, ისე შევლენ, როგორც დაგიბარებიათ!

 

გახურებული პანდემიის პირობებში გამართულმა პერმანენტულმა აქციებმა (რაც რეალურ საშიშროებას ქმნის დაინფიცირებულთა მასშტაბების გასაზრდელად) და „გამიშვი-დამაკავეს“ ლოზუნგით გაჟღენთილმა აგრესიულმა ტონმა, ბევრი რამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა - რაც მთავარია,  არსებითად დაგვანახა ოპოზიციის ნამდვილი სახე.

 

 

1. ოპოზიციური ერთობა (ე.წ. „გაერთიანებული ოპოზიცია“) საკმაოდ მყიფეა და „სულის შებერვაც“ კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ „გამსკდარიყო“ (TV- პირველი, „რეაქცია“. აგრესიული პოლემიკა გიორგი ბარამიძეს, გიგა ბოკერიასა და ალეკო ელისაშვილს შორის).

 

2. რაც არ უნდა იძახონ „მთელი ოპოზიცია ქუჩაშია“, აშკარაა, რომ დომინანტად მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება - სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მუშაობს სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც საზოგადოების გარკვეულ (ზომბირებულ და ფანატიზმით აღტკინებულ) ნაწილში კვლავ ინარჩუნებს „უცვლელი“ პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ნაციონალების“ სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმების 80-90 პროცენტი სააკაშვილის დამსახურებაა! ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველ ამომრჩეველთა ნაწილს არა მარტო პოლიტიკური გემოვნების პრობლემა აქვს, არამედ, ზოგადად, ფსიქიკის პრობლემაც - ისინი თანახმა არიან, თუნდაც რევოლუციურ სცენარზეც, ოღონდ, მიშა დაბრუნდეს ხელისუფლებაში!

 

დიახ, საპროტესტო გამოსვლებში ლოკომოტივის როლს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ (მიშა სააკაშვილი) ასრულებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანარჩენი (ბარიაერგადალახული და ბარიერს გარეთ დარჩენილი) ოპოზიცია ძალიან სუსტია და მას საპროტესტო მუხტის აგორება არ შეუძლია.

 

ცალკე საუბრის თემაა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც აქციებზე „გაერთიანებულ ოპოზიციას“ არ შეუერთდა, მაგრამ პრეტენზიას აცხადებს ხელახალ არჩევნებზე (ობიექტურობისთვის შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმეს დააკლდა ხმები, ალბათ „პატრიოტებს, მაგრამ ვინ დააკლო - „ოცნებამ“ თუ „ნაციონალებმა“, ძნელი გასარკვევია!).

 

3. „ნაციონალებმა და მასთან მიტმასნილმა პოლიტმეძავებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მავნებლები არიან: ოღონდ სკამი და პრივილეგიები შეინარჩუნონ და ქვეყანაში ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა. ამ ეპიდაფეთქების პირობებშიც კი არ ერიდებიან ქუჩის აქციებს, რაც მასობრივი კოვიდინფიცირების რეალური წყარო შეიძლება გახდეს!

 

4. ოპოზიციის მხრიდან ხელახალი არჩევნების მოთხოვნა ბლეფია, რადგან, მათ ძალიან კარგად იციან, რომ უკეთეს შედეგს მაინც ვერ მიიღებენ! თუმცა, ეს კატეგორიულობა სჭირდებათ რევოლუციური სცენარის იმიტირებისთვის, რადგან, ხელახალი არჩევნების შემთხვევაში დიდი ალბათობაა იმისა, რომ იმ ამომრჩეველმაც საბოლოოდ აქციოს ზურგი, ვინც „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულმა რომელიმე მათგანს მისცა ხმა.

 

კოვიდაფეთქების პირობებში ყოველგვარი მოთხოვნების უგულებელყოფით მათ საბოლოოდ დაკარგეს ის ელექტორატიც, რომელიც არჩევნების წინ ჰყავდათ. ბევრი, ათ შორის, „ნაციონალების“ მხარდამჭერებიც დარწმუნდნენ, რომ პოლიტშპანა მზადაა გვამებზე გადაიაროს, ოღონდ, ნებისმიერი გზით მოვიდეს ხელისუფლებაში!

 

თუმცა, ოპოზიციის დაბალი რეიტინგი არ ნიშნავს იმას, რომ ხალხის უმრავლესობას ხელისუფლება მოსწონს, უბრალოდ, უარესს მაინც ცუდს ამჯობინებს!

 

5. ხშირად გვესმის შემდეგი ლოზუნგები: „არჩევნები გაყალბდა“, „მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნები“... დავუშვათ მართლაც გაყალბდა არჩევნები, რომლის ალბათობაც დიდია არსებული საარჩევნო კოდექსის და შესაბამისად, საარჩევნო გარემოს პირობებში, დავუშვათ (მხოლოდ თეორიულად დავუშვათ) გაიმარჯვა დღევანდელმა ოპოზიციამ „ნაციონალების“ თამადობით, რა შეღავათი იქნება ეს საქართველოსთვის?! არჩევნების შემდგომმა აგრესიულმა აქციებმა ხომ დაგვანახა, ვისთან გვაქვს საქმე არსებული პოლიტშპანის სახით, რომელიც საკუთარ თავს ოპოზიციად ასაღებს?

 

რაც შეეხება „სამართლიან არჩევნებს“, ვინ უნდა ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები უსამართლო საარჩევნო გარემოში (ზოგადად, უსამართლო ქვეყანაში) ან თამარ ჟვანიას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა უშველის აგონიაში მყოფ საქართველოს?!

 

სამართლიანი არჩევნები რომ ჩატარდეს, უნდა გვყავდეს უკეთეს მომავალზე ორიენტირებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება (ამომრჩეველი), რომლის კონტურებიც კი არ ჩანს. ამდენად, სამართლიან არჩევნებზე აპელირება, მხოლოდ ილუზიის სფეროს განეკუთვნება.

 

6. ქუჩის (აგრესიული) ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, ხელისუფლება ვალდებულია დანიშნოს ხელახალი (ან ვადამდელი) საპარლამენტო არჩევნები, რომ კრიზისიდან ვიხსნათ ქვეყანა.

 

მთელი უბედურება იმაშია, რომ არც ხელისუფლება უქნია ღმერთს და არც ე.წ. ოპოზიცია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მაინც საზოგადოების უსულგულო (არაკრიტიკული) დამოკიდებულებაა გნებავთ ხელისუფლების, გნებავთ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ.

 

ამ 30 წლის მანძილზე პოლიტიკურ ორბიტაზე ვერ ამოიწვერა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მთლიანად შეცვლიდა არსებულ პოლიტიკურ პარადიგმას. არადა, დღემდე რა ნაგავი ხელისუფლებაც ჰყავდა საქართველოს, იგივე ნაგავი იყო ოპოზიციაც! საზოგადოებას არ უცდია თუ საკუთარი წიაღიდან არ შობდა სახელისუფლები ძალას, ხელისუფლების რეალური ოპონენტი მაინც ყოფილიყო და ეს ნიშა გახრწნილი ოპოზიციისთვის წაერთმია.

 

7. დღევანდელი სავალალო მდგომარეობა გასული საუკუნის 90-იანი წლების გამოძახილია, როცა ქართველმა ერმა მწვანე შუქი აუნთო სამხედრო გადატრიალებას (პუტჩი) და თითქმის 100 პროცენტით არჩეული პრეზიდენტი სამეგრელოს ტყეში ჯერ გახიზნა, მერე კი მოკლა!!!

 

თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, ყველაზე დიდი შეცდომა მაინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლოზუნგის: „შუა უნდა გაიკრიფოს“ უკრიტიკოდ მიღება იყო. სწორედ „შუა გაკრეფის“ პოლიტიკამ შეუწყო ხელი „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დიქტატს ქვეყანაში, რომელიც თუ ხალხმა არ იფხიზლა, ისევ ფაშისტური ძალების ხელისუფლებაში მობრუნებით შეიძლება დასრულდეს!

 

8. ქვეყანა მანამ არ დაწყნარდება, სანამ ქართველ ერში მენტალური რევოლუცია არ მოხდება, სანამ არ დავრწმუნებით, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ჩატარებული არჩევნები, მხოლოდ და მხოლოდ კომფორტზე დახარბებული უმცირესობის ინტერესებზე იყო მორგებული - დანარჩენი საზოგადოებისა და საკუთარი სახელმწიფოს საზიანოდ!

 

სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი და საქართველოს მომავლის ბედი ისევ და ისევ ჩვენს ხელშია, სანამ ერში არ გაჩნდება ახალი პოლიტიკური ერთობის ფორმირების მოთხოვნილება, რომელმაც არსებული ნაგავი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა მოისროლოს!

 

დასკვნა: რაც არ უნდა გაყალბებულიყო, ხელახალი არჩევნები მაინც არ იქნება პანაცეა, რადგან,ის არ შეუწყობს ხელს ხელისუფლებაში ახალი ძალების მოსვლას. პირიქით, უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში და საქართველო შურისმაძიებლებისა და პოლიტმეძავების სათარეშო გახდება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: