პურზე ფასები არ უნდა გაიზარდოს!

პურზე ფასები არ უნდა გაიზარდოს!

საქართველოს შეუძლია აწარმოოს

საჭირო ხორბლის 60%.

 

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

 

„ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, 

რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“

ილია ჭავჭავაძე

 

მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა სულ უფრო მეტად ექცევა მსოფლიო საზოგადოებრიობის, ხელისუფლებისა და მედია-საშუალებების ყურადღების ცენტრში. აღნიშნული განპირობებულია როგორც მოსახლეობის ზრდით, ისე სულ უფრო გახშირებული ბუნებრივი კატაკლიზმებით (მიწისძვრები, ვულკანური და მუსონური წვიმები, წყალდიდობები). ამ უკანასკნელმა სერიოზული დაღი დაასვა ხორბლის სტაბილურ მოსავალს, ხოლო კორონავირუსთან დაკავშირებულმა გარემოებებმა კიდევ უფრო გაართულა ზემოხსენებული პრობლემა. 

 

ბოლო ორი წლის მანძილზე, მსოფლიოს ბირჟებზე ხორბლის ფასი მკვეთრად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. ხორბლის ტრადიციულად ექსპორტიორმა ქვეყნებმა დაიწყეს საკუთარი სასურსათო რესურსების გაფრთხილება, მარაგების ზრდა და უარს არც დამატებითი საექსპორტო ბარიერების შემოღებაზე ამბობენ. ამასთან, ბევრმა ქვეყანამ - როგორც ექსპორტიორმა, ისე იმპორტდამოკიდებულმა (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვ.) შემოიღო სუბსიდირების პროგრამები, რამდენიმემ კი სურსათზე დამატებული ღირებულების გადასახადიც კი შეაჩერა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნების მიზნით.

 

საქართველო ცნობილი და გამორჩეულია ხორბლის ენდემური და აბორიგენული ჯიშებით. დიდი რუსი მეცნიერი ნ. ვავილოვი ყოველთვის აღნიშნავდა ქართული ჯიშების უნიკალურობას და მდგრადობას, რომელიც არაერთი საუკუნის მიწათმოქმედების შესანიშნავი მაგალითია. სწორედ ეს ჯიშები დაედო საფუძვლად რუსულ ხორბალს „კავკასკაიას“, რომელიც დღეს შესანიშნავად მრავლდება რუსეთში და ამ ქვეყნის ხორბლის ექსპორტის და მნიშვნელოვანი სავალუტო შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

 

რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით? 

 

ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია. მხოლოდ სასურსათო დანიშნულებით გვჭირდება 750 000 ტონა ხორბალი და ვაწარმოებთ მხოლოდ 120 ათასი ტონას (ძირითადად საფურაჟეს).  შედარებისთვის: ახალ ზელანდიას 5-ჯერ მეტი მოსავალი მოჰყავს 1 ჰექტარზე (დაახლოებით 12,5 ტონა). მინიმალური რენტაბელობის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის სულ ცოტა 3.5 ტონამდე გაზრდა (100-120 ათას ჰექტარზე). უნდა მომზადდეს სათესლე ბაზა და გატარდეს აგროღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას. პირველი რიგის ამოცანად უნდა დავისახოთ ვაწარმოოთ იმ ხორბლის ნახევარი მაინც, რაც გვესაჭიროება. საბაზრო ეკონომიკის პირობებშიც სახელმწიფო მდგრადობისათვის მნიშვნელოვან, სტრატეგიულ დარგებს მუდმივი ყურადღება და არსებითი დახმარება ესაჭიროებათ. პრიორიტეტი უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტები. 

 

საქართველოში მოქმედებს ფქვილის და პურის ტექნიკური რეგლამენტი. სამწუხაროდ, იგი არ სრულდება. მაგალითად, ფქვილის სინესტის მაჩვენებელი, თითქმის ყოველთვის აღემატება სტანდარტს, ხოლო წონა, პირიქით - დაბალია, რაც პურის მრეწველობისთვის არა მარტო დისკრმინაციული, არამედ დამაზიანებელიცაა - 14-15%-ის ზევით ფქვილი შედის რეაქციაში სინესტესთან და პურის მოცულობაზე აისახება.

 

ფქვილისა და პურის ტექნიკური რეგლამენტის დაცვა გამოიწვევს ერთი მხრივ, მაღალი ხარისხის ფქვილისა და პურის წარმოებას, ხოლო, მეორე მხრივ, მათზე ფასების ზრდას.

 

აქართველოში ამა წლის 1 ივლისიდან შეწყდა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა, რამაც გამოიწვია პურზე ფასების ზრდა. პურის საცალო ფასმა 10 თეთრით, ხოლო მთელ რიგ ქსელურ მაღაზიებში - 15-20 თეთრით მოიმატა. სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს არა დაბალხარისხიანი ფქვილისა და პურის წარმოების სუბსიდირება დაბალი ფასების შენარჩუნებისთვის, არამედ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემა, რათა მათ შეძლონ მაღალხარისხიანი პურ-პროდუქტების შეძენა, და ამით საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და შემოსავლების გაზრდა. ამასთან ერთად, თუ სახელმწიფოს მიზანია პურ-პროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნება, მაშინ, ჩვენ შეგვიძლია გავიზიაროთ ეკონომიკურად უფრო ძლიერი ქვეყნების გამოცდილება, პურზე დღგ-ის ტარიფის 7-8%-მდე შემცირების ან განულებისა. 

 

ამით მოწესრიგდება პურის ვაჭრობის საკითხებიც. როგორიცაა გაუგებარი ქეშბექები, რენტაბონუსები, სავაჭრო დათმობები და გაყიდული პურის უკან დაბრუნების სისტემა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა საშუალება განახორციელოს მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი ორ ეტაპიანი (3-5 წლიანი) პროგრამა – „მარცვალი“,(პირველ ეტაპზე 350-360 ათასი ტონა ხორბლის, ხოლო მეორე ეტაპზე – 400-420 ათასი ტონა ხორბლის წარმოება), რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება ელიტური თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.

 

მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება, პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საშუალო, ასევე გრძელ¬ვადიან პერსპექტივაში (ისევე როგორც საკუთარი თესლეულის, ნერგის, ჯიშიანი პირუტყვის აღწარმოება და სხვა). 

 

სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო, როგორიც კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოა, ვალდებულია აწარმოოს ხორბალი მისი მოთხოვნილების 60% ფარგლებში მაინც, დაიცვას პურის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული წვრილი და საშუალო ბიზნესი და მომხმარებლების ინტერესები. ეს ხელეწიფება ქართულ სახელმწიფოს, მის ხელისუფლებას, პირადად თქვენ, ბატონო პრემიერ მინისტრო!

 

პაატა კოღუაშვილი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 

 

მალხაზ დოლიძე,

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავჯდომარე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: