ზაურ ნაჭყებია: ხალხმა ერთიანობით საკუთარი ძალა უნდა აჩვენოს!

ზაურ ნაჭყებია: ხალხმა ერთიანობით საკუთარი ძალა უნდა აჩვენოს!

ჩემი მოკრძალებული გზავნილი 30 აპრილის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს

 

ქალბატონებო და ბატონებო,

 

ვინაიდან, აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მომეცემა (სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ წინასწარ განსაზღვრულია გამომსვლელები), მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო 30 აპრილის აქციასთან დაკავშირებით:

 

1. ვადასტურებ, რომ თავიდანვე მხარი დავუჭირე აღნიშნულ ინიციატივას, რადგან მიმაჩნია: 

 

საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა დაანახოს შიდა და გარეშე დესტრუქციულ ძალებს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური“ რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას და შესაბამისად, რუსეთთან ახალ კონფლიქტში ჩართვას. 

 

30 აპრილის აქცია სწორედ ამის დემონსტრირება იქნება.

 

აქედან გამომდინარე, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დგას ამ ინიციატივის მიღმა - მომღერალი გია გაჩეჩილაძე (იგივე „უცნობი“), მსახიობი და ექსპარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი, თუ ორივე ერთად!

 

ჯერჯერობით, ბოლომდე არ გაცხადებულა, კონკრეტულად რა გეგმები აქვთ აქციის ორგანიზატორებს, მაგრამ, თუ კონკრეტული გზავნილები არ იქნება წინა პლანზე წამოწეული აქციის მონაწილეების მხრიდან და ასევე არ გაცხადდება მოთხოვნების აღსრულების გაკონტროლების მექანიზმი, ეს გრანდიოზული აქციაც (დარწმუნებული ვარ, კრიტიკული მასა შეიკრიბება), მხოლოდ „ორთქლის გამოშვების“ ფუნქციას შეასრულებს და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

2. უდავოა, ნებისმიერ აქციას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა (პროგრამა), თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებს.

 

მართალია, დღეს ხელისუფლების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხარდაჭერის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, არ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, როცა მისი საშინაო პოლიტიკა (საგარეო პოლიტიკაზე დღეს პრეტენზია არ უნდა გვქონდეს) ხშირად სახელმწიფოებრივი მიდგომებისგან აშკარად შორსაა (უპირველესად, ანტისახელმწიფოებრივ კანონებს: „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, „კანონი იუვენალური იუსტიციის შესახებ“, „საბავშვო კოდექსი“, სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა უცხოელებზე, შერჩევითი სამართალი) და გარედან თავსმოხვეულ კოჰაბიტაციას ვგულისხმობ, რომელმაც მთელი 10 წლის განმავლობაში აიწონა-დაიწონას ხასიათი შეიძინა. როგორც ბატონი ირაკლი გოგავა ამბობს: ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არ გამოჩენილიყო!

 

თუმცა, ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ - მართალია, „ქართულ ოცნებას“ დღემდე აწყობს, რომ „ნაციონალების“ სახით ბუა ჰყავდეს პოლიტიკურ ოპონენტად, მეტიც, მთავარ ოპოზიციურ ძალად და ამით ევაჭროს ამომრჩეველს: მე თუ არ დამიჭერთ მხარს, „ფაშისტები დაბრუნდებიანო!“. სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ვერაფერი მოიმოქმედა ამ „პოლიტიკური ფლირტისთვის“ წერტილი დაესვა - ჯანსაღმა საზოგადოებამ არაფერი გააკეთა, რომ ორგანიზებული ზეწოლით ზემოთ ხსენებული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი კანონები არ მიეღო საქართველოს პარლამენტს და ამით საკუთარი უსუსურობა დაამტკიცა!

 

ეტიც, დროზე არ დაუსვა წერტილი თითიდან გამოწოვილ სამარცხვინო ლოზუნგს: „ხელისუფლების კრიტიკა „ნაციონალების“ წისქვილზე ასხამს წყალს“. წყალი ყოველთვის საქართველოს წისქვილზე უნდა დავასხათ და ერთობით შევეცადოთ დესტრუქციული ძალების განეიტრალებას!

 

ხალხმა, თავის დროზე, ვერ გააცნობიერა, რა საფრთხეს შეიცავდა ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული „შუა გაკრეფის“ პოლიტიკა. 

 

ხალხმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ორპარტიული იწილო-ბიწილო დროულად დაესრულებინა, თანდათან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ალტერნატივაც შეექმნა და ამით თავად წერტილი დაესვა „ნაციონალების“ უტიფარი პარპაშისთვის!

 

სრულიად ვეთანხმები ბ-ნ ირაკლი გოგავას: საჭიროა „ოცნების“ კრიტიკაც, რომ ხელისუფლება დამღუპველ გზას არ დაადგეს... უნდა ვაიძულოთ იგი მნიშვნელოვან საკითხზე აზრი ხალხს ჰკითხოს!

 

კი, მაგრამ როგორ ვაიძულოთ?!

 

3. როგორც ანგარიშგასაწევი პოლიტოლოგები ამბობენ: დღევანდელ რეალობაში ახალი ორგანიზებული პოლიტიკური ძალის ფორმირება ძნელია (ძირითად მიზეზად ფული სახელდება - ივანიშვილის და „ნაციონალების“ საპირწონე ფულის შოვნა ძნელია არადა, მთავარი რესურსი ხალხის ნება და ძალაა)! 

 

ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ საქართველოში პოლიტიკური რესურსი არ არსებობს ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესაქმნელად - ამას ის ადამიანები ამტკიცებენ, რომლებსაც აწყობთ არსებული პოლიტიკური სტატუს-კვო და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ საქართველოს მომავალზე.

 

კარგით ბატონო, თუ პოლიტიკურ კონფიგურაციას ვერ ვცვლით, როგორ მივდივართ 2024 წლის არჩევნებამდე და დღევანდელი გადასახედიდან, რა შედეგით დასრულდება იგი?! 

 

ერთი რამ ფაქტია: დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, თუ ასე გაგრძელდება, „ქართული ოცნება“ დარჩება რეალური ოპოზიციის გარეშე (ოპოზიცია არა მარტო დესტრუქციულია, ფაქტიურად, გაკოტრებულ-განადგურებულია. ამას ვერც IRI-ის ყალბი კვლევები უშველის), რომელიც ხეირს ნამდვილად არ მოუტანს ქვეყანას - უკონტროლოდ, ოპონირების გარეშე ნებისმიერი ხელისუფლება საშიშია სახელმწიფოსთვის!

 

4. სწორედ 30 აპრილის აქციამ უნდა გადადგას ამ თვალსაზრისით რეალური ნაბიჯი: შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ნიადაგს „საზოგადოებრივი დარბაზის“ შესაქმნელად, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის მაღალკვალიფიციური, თავდადებული (ხაზს ვუსვამ: თავდადებული) ადამიანები. სწორედ ხალხის წიაღიდან გამოსული „საზოგადოებრივი დარბაზი“ უნდა გახდეს ხელისუფლების კონსტრუქციული ოპონენტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით), ხალხის სახელით გვერდით დაუდგება მოქმედ ხელისუფლებას შიდა და გარეშე მტრების მოგერიებაში.

 

 

5. აქციამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში. კერძოდ, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გვიღირს კი დისკრედიტირებულ (კორუფციაში ჩამხრჩვალ) ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანება საკუთარი იდენტობის დაკარგვის ფასად?! მითუმეტეს, ევროკავშირიდან წამოსული „საშინაო დავალებები“ აშკარად ანტიქართულია.

 

6. ქვეყანაში უნდა დასრულდეს შერჩევითი სამართალი. უსამართლობაა კელი დეგნანის პირადი ტუსაღები (5 ივლისის „გმირები“) ციხეში იჯდნენ, ხოლო, 7-9 მარტის ბარბაროსები ქუჩებში არხეინად დადიოდნენ!

 

სახელმწიფომ (მოქმედმა ხელისუფლებამ) ყველაფერი უნდა გააკეთოს დესტრუქციული ძალების ასალაგმავად და „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც გამოუსწორებელი ანტიქართული პოლიტიკური სუბიექტის, პოლიტიკური არენიდან გასაქრობად!

 

7. ხალხმა უნდა მოითხოვოს საქართველოს კონსტიტუციაში რეფერენდუმის მუხლის აღდგენა, რომ სახელმწიფოებრივად სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხები არა უცხო ძალების ზეწოლით, არამედ, ხალხის ნებით წყდებოდეს! სასწრაფოდ უნდა აღდგეს პლებისციტის პრაქტიკაც.

 

ერთი სიტყვით, თუ კონკრეტული მოთხოვნები არ გაჟღერდა, გამოდის, რომ აქცია ტარდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასამყარებლად (ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასახანგრძლივებლად) შედეგი კი ის იქნება, რომ ხალხი მხოლოდ ორთქლს გამოუშვებს, ხოლო, ორგანიზატორები პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ ყველა მისთვის დამახასიათებელი შედეგებით!

 

ჩვენ მოცემულ მომენტში გვერდში ვუდგებით ხელისუფლებას, რომ ხალხის მხარდაჭერით უფრო ადვილად გაუმკლავდეს დესტრუქციული ძალების შემოტევებს, მაგრამ მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც მოვითხოვთ - სხვანაირად საზოგადოებაში ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება!

 

P.S. ქართველ ხალხს რომ ძალა აქვს, ეს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზეც დადასტურდა და ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა, რომ „მან მაქსიმალურად გამოიყენა ხალხი“. ახლაც ხალხის ძალის დემონსტრირების დროა.

 

ზაურ ნაჭყებია,

პუბლიცისტი,

საავტორო გადაცემა „პოლიტიკური თერმომეტრის“

ავტორი და წამყვანი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: