არავინ არ გააფანატოთ! ანუ, როგორ ხრავს ქართულ სხეულს „პირველობის“ მანია?!
არ მეგონა 8 ივლისს, ვინმე პოლიტიკური ქულის ჩასაწერად თუ გამოიყენებდა - ნამდვილად არ მეგონა!
ის, რაც ისედაც ჩანდა მოვლენის ზედაპირზე, მას ფიცი-მტკიცი და „ხბოს აღტაცებით“ გაბრუებული ფანების დასტური რაში სჭირდება - ყველამ იცის, რომ 8 ივლისის აქციის სათავეებთან „ალტ-ინფო“ - კონსერვატიული მოძრაობა იდგა. მადლობა მათ რომ მათი ძალისხმევით და ხალხის მხარდაჭერით ლგბტფესტივალი ჩაიშალა. მადლობა ძალოვან სტრუქტურებსაც, რომლებმაც არ გაამწვავეს სიტუაცია, აბობოქრებულ მასას საშუალება მისცეს გაერღვიათ პოლიციის კორდონი და ფესტივალის ჩატარების ეპიცენტრში შესულიყვნენ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ 8 ივლისს ქართულმა საზოგადოებამ (არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი კაცი მივიდა აქციაზე) გამოცდა ჩააბარა - მტკიცედ გაცხადდა, რომ მართლმადიდებელი საქართველო ლგბტპრაიდს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ დაუშვებს!
მიუხედავად იმისა. რომ დღევანდელი მთავრობა კანონს „ლგბტპროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ გასაგები მიზეზების გამო ვერ მიიღებს, კარგი იქნებოდა აქციის მონაწილენი პარლამენტთან მაინც მისულიყვნენ ზემოთხსენებული კანონის გაუქმების მოთხოვნით, რაც კიდევ უფრო გაამყარებდა ქართველი ერის შეუვალობას სოდომ-გომორის ცოდვისადმი.
ნუ, რაც იყო, იყო...
8 ივლისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა შინაური და გარეული აღშფოთებულ-შეშფოთებულები - ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და ნეგატიურ კონტექსტში გააშიშვლა საკუთარი სახე. თუმცა, ეს არ არის მთავარი - მთავარია, აქცია შედგა და მოსალოდნელი დაპირისპირებაც თავიდან ავიცილეთ!
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ეს იყო გულანთებული ქართველების აქცია ყოველგვარი „შაბაშების“ გარეშე, ანუ, გულწრფელი მადლობა ორგანიზატორებთან ერთად იმ ადამიანებსაც ეკუთვნის, ვინც არ დაიზარა და საკუთარი მხარდაჭერით დაიცვა ქართული იდენტობა.
აქ უნდა დაგვესვა წერტილი, ერთი ფრიად სამწუხარო „მაგრამ“ რომ არა - ახლა იმის მტკიცება დაიწყეს, ვის ეკუთვნის ლგბტ პროპაგანდის წინაარღმდეგ ბრძოლაში ექსკლუზივი და ვინ ვის ეცილება პირველობას?!
დღეს დილით ბექა ვარდოსანიძის სტატუსი წავიკითხე, სადაც თეთრით შავზე წერია, რომ ვატო შაქარაშვილი უნამუსოდ იქცევა, როცა გამარჯვებას თვითონ მიიწერს. არადა, მთავარი მოქმედი გმირი „ალტინფო“ - კონსერვატიული მოძრაობაა, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს!
მე არ ვიცი, ვატო შაქარაშვილის დამსახურება 8 ივლისის აქციაში, მაგრამ, ის კი ნამდვილად ვიცი, „პირველობის“ მანია არ უნდა გვაწუხებდეს და ხალხის ერთსულოვნებით მიღწეული გამარჯვება, პოლიტიკური ქულის დასაწერად არ უნდა გამოვიყენოთ!
დავუშვათ, შაქარაშვილმა გამოგიწვიათ. თქვენ რატომ უნდა აჰყვეთ და რატომ უნდა გვიმტკიცოთ, რომ ამ აქციაში „დამრტყმელი ძალა“ „ალტ-ინფო“ იყო და შაქარაშვილი პირველობას იბრალებს?!
პირიქით რომ ყოფილიყო: ბექა ვარდოსანიძეს (რომელიც, გასაგებია, ვისაც ახმოვანებს) მადლობა მოეხადა ყველასთვის, მათ შორის, შაქარაშვილისთვისაც და ეთქვა - ეს გამარჯვება ყველა მონაწილის დამსახურებააო, ტაშს დავუკრავდი. იმასაც ვირწმუნებდი, რომ საერთო პრობლემის გარშემო გაერთიანება შეგვიძლია: არა პირველობისთვის, ან პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის, არამედ, საქართველოს ინტერესებისთვის ვიბრძვით!
დასკვნა: ნურავის გააფანატებთ!
როცა ალტერნატიულ არჩევანზე იფიქრებთ, კარგად დაუფიქრდით: ვინ რით სუნთქავს და რა მერკანტილური მიზანი ამოძრავებს - საერთო საქმეში ექსკლუზივისთვის ბრძოლა, ანგარებაზე დაფუძნებული „თავდადება“, ქვეყანას ხეირს არ მოუტანს - უკვე ბევრჯერ წავიტეხეთ ფეხი!
P.S. საქართველოს მარტო ლგბტ თემის პრობლემა რომ ჰქონდეს, ამას როგორმე მოვუვლიდით. მიმოვიხედოთ გარშემო რა დილემის წინაშე დგას დღეს ქვეყანა და რა პერსპექტივა გველოდება, თუ აქედანვე არ ავტეხეთ განგაში. ერთ-ერთი უმძიმესი დილემა ციფრულ ვალუტაზე გადასვლაა, რომლის საპილოტე პროგრამა საქართველოში უკვე დაწყებულია.
ეს ისეთი საკითხია, ცალკე არებული რომელიმე პარტიის ძალისხმევას რომ აღემატება.
დაიწყეთ ბატონებო ხალხის მობილიზება და ერთად ვუთხრათ არა ციფრულ ვალუტაზე გადასვლას - ეს გაცილებით მძიმე პრობლემაა ვიდრე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა: ეს ის მომაკვდინებელი ბაცილაა, რომელიც ბოლომდე ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მას რობოტად აქცევს!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი