მოსახლეობის ძარცვის ახალი ტექნოლოგიები და მათზე წაყრუებით გალაღებული თაღლითების თარეში

მოსახლეობის ძარცვის ახალი ტექნოლოგიები და მათზე წაყრუებით გალაღებული თაღლითების თარეში

 

ტექნიკისა და ტექნოლოგიების ევოლუცია ფანტასტიკის ზღვარს გასცდა - წარმოუდგენლად მარტივი გახდა უკიდეგანო სამყაროს ყველა წერტილთან კომუნიკაცია, სისტემების დისტანციური მართვა, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელებაც, რამაც ცხოვრება გაახალისა. მაგრამ სარგებლის გარდა, მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანებს თავსატეხიც უხვად გაუჩინა. სიკეთესთან ერთად, ადვილი გახდა საზოგადოებრივ, სამსახურეობრივ, პირადულ ურთიერთობებში აბეზარი ჩარევა; გამარტივდა ადამიანების გონებაზე ტოტალური შეტევა და ტვინების გამორეცხვა. დღეს თაღლითობა, ძარცვა, გაყალბება, ცდუნება და დანაშაულის კვალის წაშლაც ძალზედ ადვილია. სამწუხაროდ, ადამიანების მასობრივი განათლება ბევრად ჩამორჩა ტექნიკისა და ტექნოლოგიების ევოლუციას. მით უფრო, ეს სჭირს სუსტი ეკონომიკის ქვეყანას, მოსახლეობის მძიმე სოციალური სიდუხჭირისა და მათი საკუთრებითი უფლებების დაუცველობის პირობებში. საითაც არ უნდა გაიხედო, საცდუნებელი სათაგური, შეთავაზება თუ ხელწასავლები ყველგან ბევრია. როცა გშია, გწყურია, გცივა, გაწვიმს, გათოვს, გტკივა და სხვა საშველს ვერ გრძნობ, ცდუნებას, შეცდომის დაშვებას, რისკზე წასვლას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. 

 

არც მანამდე იყო ამ პლანეტის რიგითი მაცხოვრებელი უკეთ დაცული, თუმცა უგუნურთა მიერ უკრაინაში ომის  აალების შემდეგ, უფრო გაუარესდა მათი ყოფა. უაზრო სანქციები, მათი ადრესატების ნაცვლად, ყველა ქვეყნის მოსახლეს მძიმედ დააწვა - გაძვირდა ენერგომატარებლები, სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო პროდუქცია. მათი სიცოცხლის გარანტიებიც, ფაქტობრივად, განულდა. მდიდრებს და ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს ახალი „სასუსნავი“ გაუჩნდათ. მათ ომის შეწყვეტა არც აწყობთ და სისხლისღვრის ახალ სასაკლაოებს აჩენენ. 

 

უკრაინიდან, რუსეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან აბარგებული დევნილები სხვა ქვეყნებს შეეხიზნა და ისეთ სარჩო-საბადებელს ეძებენ, რომელსაც დიდი ინვესტიცია არ სჭირდება. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს სავსებით გასაგებია. მაგრამ აქ განსაკუთრებულობა ისაა, რომ ისინი სხვისი „გულუბრყვილობის“ ხარჯზეც იოლად იმკვიდრებენ თავს ახალ საცხოვრისში. ხიზანთა „ინტელექტუალურმა“ ნაწილმა საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც შექმნეს სამეწარმეო სუბიექტები და მათ ბაზაზე ჩამოაყალიბეს „ქოლცენტრები“, საფინანსო ბირჟა/პირამიდები, საკონსულტაციო ბიუროები, მედიკამენტების შემოტანის და ვაჭრობის დისტანციური თაღლითური სქემები. მათ შორის, მხოლოდ „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ატყდა „გაწევ-გამოწევა“ - თურმე დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფები ევროპელ პენსიონერებს სთავაზობდნენ მცირედი ინვესტიციებითაც დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას და მოტყუებული „ინვესტორები“, საფონდო თუ სანედლეულო ბირჟებზე, რამდენიმე ვითომდა წარმატებული ოპერაციის შემდეგ, რჩებოდნენ შავი დღისთვის გადანახული სახსრების გარეშე, ახლობლების თუ ბანკების ვალებით დახუნძულნი. დანაშაულებრივი ჯგუფის კვალმა ევროპიდან საქართველოშიც შემოარწია და ევროპელი კოლეგების მეცადინეობის შედეგად, რამდენიმე პირი დააკავეს კიდეც. საჩვენებელი ტელესიუჟეტები თითქმის ყველა არხზე გავრცელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა პოლიტიკური „ძიგ-ძიგი“ მოაწყვეს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებები განეხორციელებინათ, პოზიცია და ოპოზიცია ურთიერთბრალდებებში გადაეშვა და იქ ჩარჩა. მერე ამ სექტორში დაპირისპირება თითქოს მინელდა, თუმცა მალე თაღლითურმა სქემებმა საქართველოში ახალი მიმართულებები აითვისეს. მომრავლდნენ კომპანიები, რომლებიც ასაკოვან მომხმარებელს პროსტატის, დიაბეტის, ფსორიაზის, სმენის აღდგენის თუ სხვა დაავადებების ისეთ „უებარ“ უნიკალურ მედიკამენტებს სთავაზობენ, რომელთა შემოტანაზე ვითომ ლიცენზიის გაცემა ხელოვნურად ფერხდება და მათი მეშვეობით, ამ მედიკამენტების ადგილზე მიწოდებას „წარმოუდგენლად დაბალ ფასში“ ისინი უპრობლემოდ მოახერხებენ. საზოგადოებრივ ქსელსა და სხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ რეკლამებში, ფაქტობრივად, ერთი ხელწერა და ხრიკებია ჩართული - მოგონილი გვარ-სახელებითა და შთამბეჭდავი რეგალიებით, დარგის „ცნობილი“ სპეციალისტები აღწერენ გავრცელებული დაავადებების ვერაგობას, დაინტერესებულ პირს არწმუნებენ შეთავაზებული პრეპარატების უნიკალურ შესაძლებლობებში, რომ მათი მიღებისთანავე ჩივილები და ავადმყოფობა დაუყოვნებლივ ქრება. მოჰყავთ, ასევე გამოგონილი გვარ-სახელებითა და ფოტოებით, „მადლიერი“ პაციენტების აღფრთოვანების გამომხატველი ფრაზები. საინტერესო ის არის, რომ დამოწმებულ ავტორიტეტულ სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის, შესაძლოა, შენი გვარ-სახელი ან ფოტოც აღმოჩნდეს. ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული სცენარი გათამაშდეს, თუმცა შინაარსი მაინც ერთია. საბოლოოდ, დაიმედებული მომხმარებელი თუ პოტენციური პაციენტი გებულობს, რომ სრული და გარანტირებული მკურნალობისთვის საჭიროა ერთი ან ორთვიანი კურსი, სულ - ხუთი (პირობითად) ყუთი (შეფუთვა, ფლაკონი), რომ ის მოხვდა აქციაში და ერთ ყუთს (შეფუთვა, ფლაკონს) ჩუქნიან. სინამდვილეში, ასეთი პრეპარატი წამლების ჩამონათვალში არც იძებნება; არანაირი შედეგი ამ პრეპარატისგან არ არის - არც მოგკლავს და არც გიშველის; მომხმარებელი რჩება მოტყუებული ცალკე თანხის ფუჭად გადახდის და ცალკე უშედეგო მკურნალობის გამო.

 

ვინ არის აქ დამნაშავე? ვის ეხება ეს უწყებრივად? ვინ უნდა აღკვეთოს ასეთი დაუსჯელი უმსგავსობა? - ამ მსჯელობაში არ შევალ, აზრი არ აქვს, იმდენ გადამისამართებას შემოგთავაზებენ.

 

არც იმაზე ვდაობ, ცნობილი კრიმინალის ნათქვამის არ იყოს, „ყველა ადამიანი თვითონ იკლავს თავსო“ და როცა იცი, რომ ასეთი თაღლითები არსებობენ, არ უნდა დაუშვა შეცდომა, არ უნდა იყიდო მისგან „საეჭვო“ წამალი და მორჩა - პრობლემა არ არსებობს. მაგრამ საკითხის ასეთი წარმოდგენა მიამიტობაა!

 

სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი ადამიანია და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლება ყველა სფეროში წესრიგს უნდა უზრუნველყოფდეს! 

 

მარტო ეს არ არის ჩვენი უბედურება, - უფრო სასტიკი თაღლითური კომპანიებიც მომრავლდნენ საქართველოში. ისინი მიზნით და საქმიანობის ფორმით არაფრით განსხვავდებიან „ქოლ-ცენტრებისგან“. მსხვერპლის მიზიდვის, დაყოლიების და გადაგდების ხრიკები თითქმის ერთია - გულმოდგინედ, დაუნდობლად ასუფთავებენ მოქალაქეების ჯიბეებს და გამკითხავიც არავინაა. დაუსჯელობის გარდა (რაც მათთვის ყველაზე ხელსაყრელია), ამ კომპანიების მომრავლებას ხელს უწყობს საქართველოში შესაბამისი რეგულაციების არარსებობა; მართვის სიმარტივე; უძრავი ქონებისა და მუშახელის სიიაფე; სავალუტო კურსთა სხვაობა; მიამიტობა; სოციალური ფონი და სხვა მრავალი. 

 

ყველაზე დამაბნეველი და ხელშემწყობი მასშტაბური თაღლითობის განხორციელებაში ისაა, რამ ამ „კამპანიაში“ ჩართვის მოწოდებები ხდება ქვეყნის პირველ და გავლენიან პირთა სახელით. სარეკლამო რგოლებში ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი არწმუნებენ მოსახლეობას, რომ ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე, ჩაერთონ „სოკარის“, „ლუკოილის“ თუ სხვა კომპანიების პროგრამებში და გარანტირებულად მიიღოn დამატებითი სოლიდური შემოსავლები.

 

ვინც სოციალური ქსელის მომხმარებელია, მან ისედაც იცის (ასეთი რეკლამების ცვენაა), მათვის კი, ვისაც გადაჭარბებულად ან უსაფუძვლოდ მოეჩვენება ვითარების ასეთი აღწერა,  სანიმუშოდ, შემოგთავაზებთ ერთ-ერთი ასეთი მიმართვის ტექსტს:

 

„კომპანია SOKAR-მა საქართველოს მაცხოვრებლებისთვის საინვესტიციო პროგრამის დაწყება გამოაცხადა. ახლა ყველას შეუძლია შეუერთდეს ნავთობისა და გაზის გაყიდვას და მიიღოს დივიდენდები თითოეული ტრანზაქციისგან! ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის ამ ვიდეოს ქვემოთ მოცემულ ბმულზე, ან აქ https://plannerevent.click/?facebook_pixel_id=363167949700706&sub_id_2=gescr7g1c13getxt

დატოვეთ მოთხოვნა და მიჰყევით მენეჯერის შემდგომ მითითებებს!

ასევე, მოამზადეთ მინიმალური ინვესტიცია დასაწყებად! აქტივების ნაწილის ხალხისთვის მიყიდვის გადაწყვეტილება გამოიწვევს ჩვენი ერის კეთილდღეობის ზრდას! არ გამოტოვოთ თქვენი შანსი! დააწკაპუნეთ მეტი დეტალებისთვის და დაიწყეთ ფულის გამომუშავება!  https://plannerevent.click/…“

 

ამ მოწოდებებს ახლავს წამძღვარება - Verity Vivian, დაფინანსებული, სახელმწიფო გარანტია და მრავალთაგან ასეთი ინფორმაციული სურათები:

 

  

 

 

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხდება ლეგალურად, სახელმწიფო და ხელმძღვანელი  პირები ჩართულნი არიან ამ „კეთილშობილურ“ საქმეში. მათი გონივრული და საკუთარ ხალხზე მზრუნველი მოქმედებებით მოსახლეობას გარანტირებული შემოსავლები გაუჩნდა. მოუმზადებელი და მიამიტი მხარდამჭერები ენდობა „ავტორიტეტებს“ და თვალდახუჭულები ყოფენ თავს სიცრუის, თაღლითობის ყულფში.

 

დეტალებისგან რომ არ გადაიტვირთოს მკითხველი, საკმარისია ითქვას: რატომღაც  ეს სარეკლამო სურათები, ძირითადად, რუსულ ენაზეა, დაინტერესებული პირების კონტაქტი კომპანიის წარმომადგენელთან უპირატესად რუსულ ენაზე ხორციელდება. ჩვეულებრივ, „მეოცნებე“ მსხვერპლი, თავს რომ წარმოიდგენს განცხრომაში, ფარეხში მანქანას დაიყენებს, შეიმოსება, განცხრომის კუნძულებზე მოინდომებს დასვენებას, დახარბდება ამ ყველაფერს და გაივლის რეგისტრაციას მითითებულ ბმულზე, დაჰყვება „დამრიგებლის“ რჩევას და გახსნის სავალუტო ანგარიშს. ამ ანგარიშზე განათავსებს სიმწრით ნაგროვებ ან „რამდენიმე დღით“ ნასესხებ რაღაც თანხას, AniDek-ის მეშვეობით შემოუშვებს თავის კომპიუტერში ნდობამოპოვებულ „მეგზურს“. გზადაგზა ხალისით მოუყვება მას ბიოგრაფიულ დეტალებს, გადმოულაგებს საბანკო ბარათებს. ანგარიშზე თანხის განთავსების შემდეგ, https://cfd.cryptoalgoritm.global/-ზე მას ჩაურთავენ  იმიტირებულ და მართულ პანელს, სადაც თვალს მიადევნებს საფონდო ან სანედლეული ბირჟებზე მის მიერ „ინვესტირებული“ თანხის მუშაობას და საშუალება ექნება სავაჭრო ოპერაციების „წარმატებით“ დასრულების შედეგები „მიითვალოს“ მის სავაჭრო ანგარიშზე. ყოველ „ანკესზე წამოგებულ“ კლიენტს უხსნიან, რომ მათი ინტერესი ამ საქმეში მოგებული თანხის მხოლოდ 10%-ია, რომელიც სავაჭრო ოპერაციების პროცესში იხსნება. სავაჭრო ანგარიშზე დაგროვილი თანხა კლიენტს შეუძლია ნებისმიერ დროს დაიბრუნოს და გამოიყენოს. ასეთი პირობებით აღფრთოვანებულ, უკვე გათამამებულსა და მაღლა ღრუბლებში მოფარფატე პირს, თანდათან გააზრდევინებენ შენატანს. ყველა შემთხვევაში, დამატებითი შენატანები ხორციელდება ლარებში ცენტრის თანამშრომლის პირადი ანგარიშის მეშვეობით. ესეც „იღბლიანი ბიზნესმენის სასიკეთოდ“ ხდება, რომ ზედმეტად არ გადაიხადოს კონვერტაციის თანხა.  თაღლითური ცენტრის სახეები კარგად ფლობენ დარწმუნების ხელოვნებას, ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარებს. გამოცდილების, ცოდნის თუ ალღოს მიუხედავად, ანგარიშზე დაგროვილი სოლიდური თანხითა და მოგების ზრდის პერსპექტივით, უგონოდ აბრუებენ წარმატების მომლოდინე „ბაიყუშებს“. მერე დააშვებინებენ უნებლიე შეცდომას, რომელსაც შეუძლია „შეიწიროს“ მთელი მობილიზებული და ვითომ მოგებული რესურსი. უკვე ჩიხში მოქცეულსა და დასაღუპად განწირულს, კატასტროფული მდგომარეობის გამოსასწორებლად კვლავ შეაგულიანებენ გაზარდოს შენატანი. დაარწმუნებენ, რომ ეს სულ რამდენიმე საათის განმავლობაშია საჭირო, სრულ თანხას მალე დაიბრუნებს ბარათზე და ვალებს უპრობლემოდ გაისტუმრებს. ანგარიშზე თანხის დაბრუნების დროს კი, მოულოდნელად შეიქმნება გაუთვალისწინებელი შეფერხება, ვითომდა, მომსახურე ბანკი ბლოკავს ტრანზაქციას და გაუგებრობის ასარიდებლად, საჭირო გახდება სადაზღვევო გადახდის განხორციელება. ამ თანხის სრულად დაბრუნებასაც დაპირდებიან ეშაფოტზე ყულფანასკვნილ მსხვერპლს. ზოგს არ აქვს ეს „მარჟის გასაზრდელი“ და „სადაზღვევო გადასახდელის“ თანხა, ამიტომაც სესხულობს, ყიდის აქტივებს, ეძებს ხსნას და ითხოვს შველას. 

 

აღწერილ თანმიმდევრობაში, შესაძლოა, გაჩნდეს ოდნავ განსხვავებული ახალი „აფიორები“. მაგრამ საბოლოოდ, ყველა ხვდება, რომ მახეში არიან გაბმული და თუ მოთმინება არ ეყოთ, აქ სრულდება მათი „ახალი ბიზნესი“ და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. დამჯერებს და მომთმენებს კი ახალი თავგადასავლები ელოდებათ წინ. 

 

ასეთია ამ მონუსხული, წერას აყოლილი მსხვერპლების უიღბლო ამჩატების ფინიში...   

 

ნუ გეგონებათ, რომ აქ სრულდება ამ სვე-ბედ გამწარებულთა ოდისეა. 

 

იგივე სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდნენ ახალი ტიპის იურიდიული კომპანიები საფონდო ბირჟა/პირამიდების მსხვერპლთა და თაღლითური სქემებში მონაწილეობით დაზარალებულთა დასახმარებლად. ასეთი კომპანიების ადგილსამყოფელი პოლონეთშია, ბელგიაშია, მეზობელ ქვეყნებშია. ისინი არწმუნებენ თავიანთ კლიენტებს, რომ რამდენიმე დღეში დაუბრუნებენ დაკარგულ თანხას. მხოლოდ ამის შემდეგ აიღებენ საკომისიოს დაბრუნებული თანხის 7-10 % ოდენობით. მანამდე კი მათ უნდა მიაწოდონ ყველა დოკუმენტი, რაც თაღლითებისა  და შესრულებული ტრანდაქციების იდენტიფიცირებაში დაეხმარება, მათ შორის, მოითხოვენ საბანკო ანგარიშების ამონაწერებს, საბანკო ბარათების ნომრებს, კოდებს და პაროლებს, ყველა ბიოგრაფიულ თუ პირად ინფორმაციას. მერე გაირკვევა, რომ რამდენიმე დღეში კი არა, შესაძლოა, საქმის შესწავლას რამდენიმე კვირა და თვეებიც კი დასჭირდეს...

 

ჩვეულებრივ, ასეთი კომპანიები და თაღლითები ყალბი სახელებით და მისამართებით მოქმედებენ. მათთან ხელშეკრულების გაფორმება ან პირადი კონტაქტი არ ხდება. უცნობია მათი ადგილსამყოფელი. ხშირად იცვლიან ნომრებს, ლოკაციებს და ა.შ. მათი აღმოჩენა ძალზე ძნელია.

 

ვინ მოთვლის, რამდენია მათი მსხვერპლი, რამდენი პირის ანგარიშებია ტოტალური დაკვირვების ქვეშ, რამდენია მოტყუებული, რამდენი იწყევლის თავბედს, რამდენი რწმენადაკარგული და იმედგაცრუებული სამტროდ განუდგება თავიანთ „ავტორიტეტებს“ - ქვეყნის ხელისუფალთ და საჭემპყრობელებს.

 

ამ სარეკლამო რგოლებს ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს. უფრო მეტი მოქმედი თაღლითური სქემის მსხვერპლია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა ან კალაძემ არაფერი იცოდეს. მაგრამ მათ არანაირი საპირისპირო განცხადებაც კი არ გაუკეთებიათ. არ გამიჯნულან ამ დამანგრეველი და მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგ მიმართული თაღლითობაში მონაწილეობისგან. მით უფრო, არანაირი პრევენციული ღონისძიებები არ დაუსახავთ და განუხორციელებიათ. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამით  ხომ მათი ავტორიტეტი ილახება.

 

მოსახლეობის ძარცვის ღია მოქმედებებზე საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ წაყრუების გამო, თაღლითები თავისუფლად თარეშობენ. სამწუხაროდ, ამ უბედურებაზე დუმს საზოგადოება, არ მოქმედებს პროკურატურაც.

 

სხვა ნეგატიურ მოლოდინთან ერთად, მაქვს განცდა, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ ცდას, რომელსაც მასობრივი სავალალო შედეგები ახლავს. 

 

ასეთ საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, ღიად მოვუწოდებ ხელისუფლებას გააქტიურებისკენ, მით უფრო, დაუყოვნებლივ საჭიროა საზოგადოების, ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კოორდინირებული აქტიური მოქმედებების განხორციელება. 

 

მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, გამოფხიზლდეს, კიდევ უფრო ღრმად არ შეტოპოს და ხმა ამოიღოს თაღლითების წინააღმდეგ. 

 

იური პაპასქუა,

ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსუ პროფესორი

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: