ნუ მოკლავთ დედას, ნუ მოკლავთ მამას, რევოლუცია თუ მოგთხოვთ ამას!
ბოლშევიკური ლოზუნგი: „მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას!“ სამწუხაროდ, დღესაც ძალაშია, უფრო სწორად, გამოიღვიძა (თუ გამოაღვიძეს) დღევანდელი ახალგაზრდების ნაწილში და თუ ჯერჯერობით ფიზიკურ სიკვდილზე არ მიდიან (ღმერთმა დაგვიფაროს!), იდეოლოგიური წინაპირობები აშკარად სახეზეა.
მიზანმიმართული, აგრესიული პროპაგანდით, ახალგაზრდებს ჩააგონეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მათ ევროპულ მომავალს ართმევს და თუ ახლა არ მოიშორეს, ჩელიაბინსკში ან ირკუტსში გაიღვიძებენ. ამისთვის კი ყველა ხერხი უნდა გამოიყენონ - თუნდაც მსხვერპლშეწირვაც გახდეს საჭირო!
* * *
ლიბერალური ფაშიზმის მთავარი მიზანი არა მარტო ლიბერალურ-იდეოლოგიური (ფაშისტური) ფასეულობების თავს მოხვევა, არამედ ქრისტიანული დოგმების სრული განადგურებაა. ულტრალიბერალური გაგებით, თავისუფლება ყველაფრის უფლებას ნიშნავს და დაცლილია ყოველგვარი ზნეობრივი ნორმებისგან. სამწუხაროდ, ლიბერალური ფაშიზმის „ბაცილებმა“ საქართველოშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი და თავისი მიზანმიმართული პროპაგანდით, დღითიდღე ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი (განსაკუთრებით ახალგაზრდები) ჩაითრიოს! ნიშანდობლივია ისიც, რომ სწორედ ასეთი პროპაგანდის წყალობით, ისინი (ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგები) ახერხებენ იდეოლოგიურ ნიადაგზე ოჯახის წევრებიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირონ ერთმანეთს!
* * *
რამდენიმე დღის წინ, ჩემმა ძალიან ახლო ნათესავმა, სტატუსზე, სადაც TV პირველის ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ მხეცურ დამოკიდებულებას ვაფასებდი (მაშინ დავწერე და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო, გასაგებია, ვისგანაც!), ირონიული კომენტარი გააკეთა, შემდეგ კი, პირადად ეცადა იმის მტკიცებას, რომ მე არა მაქვს უფლება რუსთაველზე მოპროტესტო მასას სექტანტები ვუწოდო (საუბარია ჩემს სტატია-სტატუსზე: „სექტა მაინც სექტაა“). ბუნებით მიმტევებელი ვარ და ცხადია, განსხვავებული პოზიციის გამო (მითუმეტეს, თუ მას გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მართალია და იქ უნდა იდგეს), ადამიანს, მითუმეტეს, სისხლით ნათესავს, ვერ შევიძულებ. მთელი უბედურება იმაშია: რაც არ უნდა არგუმენტები მოუყვანო, მაინც ვერ დააჯერებ, რომ ისინი ცრუ პროპაგანდის მძევლები არიან და ქვეყნისთვის ძალიან სარისკო ავანტიურაში არიან ჩათრეულნი! მათ გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ ევროპულ მომავალს ართმევენ და ამას ახალგაზრდობა არ შეეგუება! ის, რომ აქციები მშვიდობიან ხასიათს გადასცდა, არც ამის გაგონება უნდათ - რაც არ უნდა დაუჯდეთ, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენონ, „მოღალატე“ ხელისუფლება საჩქაროდ უნდა გადააგდონ!
ჩემს კითხვაზე: დავუშვათ, გადაატრიალეს „მოღალატე“ ხელისუფლება, ან თავად ხელისუფლებამ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და წავიდა, ვინ უნდა აიღოს სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელში - გვარამიამ, ჭიჭე ვაშაძემ, გირჩმა, ხოშტარიამ, ხაზარაძემ თუ ყველამ ერთად?!
პასუხი ასეთია: აქციაზე ძალიან გულმხურვალე და ნიჭიერი ახალგაზრდები დგანან და ისინი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში!
მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ აქციაზე მართლაც დგანან გულმხურვალე და ნიჭიერი ახალგაზრდებიც, რომლებსაც ასევე გულმხურვალედ სწამთ, რომ ხელისუფლება ბოლოდროინდელი ინიციატივებით „ღალატის“ გზას დაადგა და ქვეყანას რუსეთის ხახაში მიაქანებს, მაგრამ, როცა გაცნობიერებული არ გაქვს, რომ „საზარბაზნე ხორცად“ გიყენებენ და ხელისუფლების გადატრიალების შემთხვევაში, მართვის სადავეებთან არავინ მიგასუნინებს, ჩვეულებრივად მოტყუებული და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ავანტიურაში ხარ ჩათრეული...
მეორეც, დავუშვათ, განზე გასწიეს კრიმინალი პოლიტიკოსები (რაც არარეალურია), რამდენად შეძლებენ „განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდები“ სახელმწიფოს მართვას?! სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მართვას ხომ ცოდნასთან ერთადვსათანადო გამოცდილებაც სჭირდება, რომელიც ახალგაზრდებს არ გააჩნიათ?!
აქვე მახსენდება შევარდნაძისდროინდელი საქართველო: ერთი პერსპექტიული ახალგაზრდა, შევარდნაძემ მაღალ თანამდებობაზე დანიშნა ისე, რომ გარკვეული საფეხურები არ გაუვლია. ასაკმა და გამოუცდილებამ თავისი ქნა და ის „პერსპექტიული ახალგაზრდა“ ისე მალე (არც თუ კარგი რეპუტაციით) წავიდა თანამდებობიდან, შემდეგ საჯარო სამსახურს არც გაკარებია. ასე რომ, მარტო „გულანთებულობა“ და ნიჭი არ არის საკმარისი - ასაკს,ცოდნას და გამოცდილებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა, მითუმეტეს, საქმე სახელმწიფოს მართვას ეხება!
* * *
რაც შეეხება რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც თავისი ფორმით, საშიში ხასიათი მიიღო (განსაკუთრებით წინა დღეებში), სულაც არ იძლევა დამშიდების უფლებას - თუ თავიდან საპროტესტო აქციების აგორების მიზეზი ხელახალი არჩევნების ჩატარება იყო, 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ, პროტესტმა უფრო მწვავე ხასიათი შეიძინა და ხელისუფლების გადატრიალების გაცხადებულ სურვილში გადაიზარდა (თავიდანვეც იგივე მიზანი ჰქონდა).
მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას ითვალისწინებდა პრემიერის ზემოთ ხსენებული განცხადება, ან რას ნიშნავს 2028 წლამდე ტაიმ-აუტის აღება ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებაში (არადა, ხმამაღლა გაცხადდა ისიც, რომ დღესვე მზად არიან მოაწერონ ხელი მოლაპარაკების გახსნას).
არც იმის პროგნოზირებაა ძნელი, თუ რატომ სურს კოლექტიურ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და რა მოჰყვება სახელმწიფო გადატრიალებას. სამწუხაროდ, ურაპატრიოტებისთვის უკრაინის მაგალითიც არაფერს ნიშნავს - არც იმას აცნობიერებენ, სამოქალაქო დაპირისპირების შემთხვევაში, რა პოზიციას დაიჭერს რუსეთი და რამდენად შეუქმნის ეს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
* * *
ცალკე საუბრის თემაა სალომე ზურაბიშვილის მოღალატეობრივი ნაბიჯების კასკადი, რომელიც, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, მოვიგერიეთ, თუმცა, ორიოდე პარასკევი კიდევ დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ მძიმე დღეები გველოდება... არ არის გამორიცხული იმუნიტეტ (სტატუს) დაკარგული პრეზიდენტი რეზიდენციიდან ძალად გამოსაყვანი გაგვიხდეს, რასაც მოსალოდნელია გარკვეული გართულებებიც მოჰყვეს. ექსცესების გარეშე არც საპრეზიდენტო არჩევნები და პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაივლის, მაგრამ „გამოსაშვები სისხლი“ დროულად უნდა გამოვუშვათ!
* * *
ბოლოს კი ისევ ჯენზი თაობას მინდა მივმართო: ძალიან საშიშია ბოლშევიკური ლოზუნგის „მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას!“ გაცოცხლება. თქვენ, ჯერჯერობით, არც სახელმწიფოს პატრონობისთვის ხართ მზად, მითუმეტეს, იქ არავინ მიგიშვებთ - დღევანდელი კრიმინალური ოპოზიცია გაფაციცებით ელოდება როდის ჩაიგდებს ხელში სადავეებს, რომ უფსკრულისკენ წაიყვანოს ქვეყანა!
ნუ იქნებით ამ ავანტიურის პასიური თუ აქტიური მონაწილე!!!
P.S. ლიბერალურმა ფაშიზმმა მკაცრად რომ გაიდგა ფეხი საქართველოში, ეს წუხანდელმა რიტუალმაც დაადასტურა, როცა კუბოზე მაცხოვარი გამოსახეს და დაწვეს. ამაზე მეტი მკრეხელობა რა გინდათ? ამის შემდეგ არ უნდა მივხვდეთ, რას ემსახურება ეს საპროტესტო აქციები?
ან არა მარტო ჯენზი თაობის, არამედ, სკოლის მოსწავლეების იძულებით მიყვანა აქციაზე რას ემსახურება?!
დავფიქრდეთ, ვიდრე გვიან არ არის!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი