შენ წერე, მე - შევაფასებ! ანუ, მხილება, მხოლოდ მხილება
გუშინ, სოციალურ ქსელში სტატუსი დავდე, სადაც გარკვევით ვწერდი: იმის გათვალისწინებით, რა მარაზმიც ხდება დღეს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში, საჭიროა შეიქმნას „ქართველ მკითხველთა დაცვის ლიგა“ (სახელი პირობითია).
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სპონტანურ ინიციატივას ბევრი გამოეხმაურა და აღტაცებული შეძეხილებით გამამხნევეს, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავად მონაწილეობენ თანამედროვე ქართული ლიტერატურის „დაბინძურებაში“.
ეს ისე, სხვათაშორის...
* * *
სტატუსის სათაურის პირველ ნაწილს - „შენ წერე, მე - შევაფასებ!“ - დავუბრუნდები: სიტყვა „მე“-ში მხოლოდ საკუთარ თავს არ ვგულისხმობ - იგულისხმებიან ისინი (უპირველესად, პროფესიონალები), ვინც ჩემსავით განიცდის თანამედროვე ქართულ მწერლობაში შექმნილ სავალალო მდგომარეობას და მზადყოფნას გამოხატავენ თეთრს თეთრი დაარქვან, ხოლო, შავს - შავი!
მადლობა ღმერთს, მიუხედავად ყველაფრისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებისა, დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც, გარდა პროფესიონალიზმისა, ჰყოფნით გამბედაობაც. არადა, ეს უკანასკნელი დღითიდღე გადის „მოდიდან“ და უმრავლესობა პირში წყლის ჩაგუბების პოლიტიკას ირჩევს - აქაოდა, ვიღაცა არ გავანაწყენო, ან უტიფართა ბულინგის მსხვერპლი არ გავხდეო!
თუ ობიექტურად შევაფასებთ თანამედროვე მწერლობაში გაბატონებულ პრაქტიკას, მიზეზები კომლექსურია, მათ შორის, უმთავრესი ლიტერატურული კრიტიკის ფაქტობრივად არარსებობაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, პილატესავით ხელები დავიბანოთ და ეს მარაზმი თვითდინებაზე მივუშვათ!
დღეს, როცა სახელმწიფო ფაქტობრივად გაქცეულია ნებისმიერი სფეროდან და პასუხისმგებლობას არ იღებს ტრადიციული დარგების შენარჩუნება-განვითარებაზე, პასუხისმგებლობა საზოგადოებამ უნდა იტვირთოს.
დღეს, როცა საჯარო სივრცეში უნიჭო, უსულო „შედევრების“ ტირაჟირების შემაკავებელი ბერკეტები არ არსებობს, ერთადერთი იარაღი ობიექტურად შეფასება და მხილებაა, რომელსაც ცოდნასთან ერთად, გამბედაობაც სჭირდება!
ცნობილ პუბლიცისტს, იოსებ (სოსო) ჭუმბურიძეს სიტყვა „მხილება“ არ მოსწონს, თუმცა, არც ლიტერატურული კრიტიკის აუცილებლობას გამორიცხავს და მაგალითად ცნობილ კრიტიკოსს, აწგანსვენებულ თამაზ წივწივაძეს (აცხონოს უფალმა!) ასახელებს.
სოციალურ ქსელში ვუპასუხე და აქაც გავიმეორებ: თამაზ წივწივაძე, უდაოდ ნიჭიერი კალმოსანი იყო, მაგრამ როგორც პროფესიონალ კრიტიკოსს, მას სიცოცხლეშივე არ ვაღიარებდი ერთი კონკრეტული მიზეზის გამო: როცა, ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებას იხილავდა, აქცენტი არა ავტორის შემოქმედების ობიექტურად შეფასებაზე, არამედ პიროვნებაზე ჰქონდა გადატანილი და თავისი წერის მანერით (ბილწი ლექსიკით) სულიერად ანადგურებდა კიდეც, რაც დაუშვებლად მიმაჩნია.
დიახ, თუ პროფესიულ კრიტიკაზეა საუბარი, პიროვნებას არ უნდა შეეხო! ამის მაგალითად, თუნდაც, ხუტა ბერულავასთან მისი პოლემიკის დასახელებაც კმარა!
დიახ, მხილება ავტორის, ან რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების საფუძვლიან (ობიექტურ) შეფასებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა ადამიანის პიროვნულ შეურაცხყოფას, მის სულიერად განადგურებას!
ამდენად, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს, არ მოგვწონს, დღეს ქართული ლიტერატურის „ბაცილებისგან“ განკურნების ერთადერთი იარაღი - მხილებაა! სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს „ქართველ მკითხველთა დაცვის ლიგა“ (კიდევ ვიმეორებ: სახელწოდება პირობითია!).
რატომ ვიშვერთ ხელს გამომცემლობებისკენ?
ახალგაზრდა პოეტი, მირანდა ერისთავი საკუთარ კომენტარში წელს: „უნდა არსებობდნენ გამომცემლობები, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ და თავისი ხარჯებით დაბეჭდავენ ღირებულ ლიტერატურას და არა გაპიარებულ ავტორებს“. სხვათაშორის, მსგავსი მოთხოვნა სხვებისგანაც მომისმენია, რაც არასწორია და აი რატომ:
ჯერ ერთი, არ შეიძლება ქართული მწერლობა (ლიტერატურის მომავალი) ბაზარს მიანდო, მითუმეტეს მაშინ, როცა ჭეშმარიტი შემფასებელი (კრიტიკოსი, მკითხველი) ძალიან შეცოტავდა, ხვალ კი შეიძლება სანთლით საძებნი გაგვიხდეს!
ხოლო, რაც შეეხება გამომცემლობებზე ამ მძიმე ტვირთის აკიდებას, არასწორია - ისინი ამ მისიას ვერ იტვირთავენ რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველი, საკუთარი ხარჯებით ვერ დაბეჭდავენ ავტორთა წიგნებს, რადგან, დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, წიგნები მაღაზიებში ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება. გამომცემლობებს არც საკუთარი გავრცელების სამსახურები აქვთ, რომ ტირაჟის გაყიდვებიდან ამოიღონ დანახარჯები და მოგებაც მიიღონ!
მეორე, წიგნის ლიტერატურული ღირებულება რომ შეაფასონ, ამისთვის სათანადო სპეციალისტები უნდა დაიქირავონ, რაც დღეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ამდენად, გამომცემლობები აუტკივარ თავს არ აიტკიებენ, მითუმეტეს, ამის გაკეთებას მას სახელმწიფო არ ავალდებულებს!
ასე რომ, თუ გვინდა ელემენტარულად შევცვალოთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არსებული მარაზმი და ქართველი მკითხველი დავიცვათ უსულო, უგემოვნო მაკულატურისგან, ისევ და ისევ მხილების (ობიექტურად შეფასების) გზას უნდა დავადგეთ!
ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ, სიამოვნებით მოგისმენთ...
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი