კახი კალაძის ახირება და საქართველო კატასტროფის მოლოდინში!

კახი კალაძის ახირება და საქართველო კატასტროფის მოლოდინში!

კულუარული ინფორმაციით, ენერგეტიკის ახალი მინისტრი კახი კალაძე არც ერთი დიდი ჰესის მშენებლობის შეჩერებას არ აპირებს. უფრო მეტიც, როგორც სარწმუნო წყარო გვეუბნება, ბოლო დროს კალაძემ შეხვედრები იმ კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა, რომლებიც ამ ჰესების აშენებას აპირებენ. კალაძემ თითოეულს პირობა მისცა, რომ მათ მიერ წამოწყებული ყველა პროექტი გაგრძელდება და მათ საქმიანობას საქართველოში პრობლემა არ შეექმნება. აქ უპირველესად, საუბარია დარიალიჰესის, ჰუდონჰესისა და ნამახვანის კასკადის მშენებლობაზე, რომელთა დაკავშირებითაც გარემოსდამცველებს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. ბუნებრივია, მათი ეს დამოკიდებულება საფუძვლიან მეცნიერულ კვლევას ეფუძნება, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ აღნიშნული ჰესების აშენება გარემოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.


არჩევნებამდე "ქართული ოცნების" უმთავრესი დაპირება სწორედ დიდი ჰესების მშენებლობის შეჩერება იყო. სვანეთსა და რაჭაში ჰუდონჰესის მშენებლობას შიშნარევი მოლოდინი ახლდა, არანაკლები განცდა გაუჩნდა სტეფანწმინდელებსა და საზოგადოდ, ხევის მოსახლეობას, რადგან თერგის "გადახურვა" გარემოსდამცველთა თქმით, რადიკალურად შეცვლიდა როგორც ამ მდინარის ხასიათს, ისე გარემო პირობებსა და კლიმატს, რაც რეგიონს მნიშვნელოვანი კატასტროფების წინაშე დააყენებდა.


არჩევნებამდე "ქართული ოცნება" სწორედ ამ ჰესების მშენებლობას ჩაეჭიდა და ცალსახად, ღიად და გასაგებად უთხრა მოსახლეობას, რომ დიდი ჰესების მშენებლობა, რომელიც ზიანის მომტანი იქნება გარემოსთვის და საზოგადოდ, ქვეყნისთვის, შეჩერდება და მომავალშიც მხოლოდ სკურპულოზული შემოწმება-შესწავლის შემდეგ გადაწყდება მსგავსი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება. ამის მიუხედავადაც კი, "ოცნება" ირწმუნებოდა, რომ დიდი ჰესების მშენებლობის საკითხი მთლიანად იქნებოდა მათი სამომავლო გეგმებიდან მოხსნილი.


რამდენიმე დღის წინ კი, ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყევლაფერი გარემოს არ უნდა აზიანებდესო.


ჯერ ერთი, ნებისმიერი პროექტი მნიშვნელოვანი მაშინ არის, თუ მას ყველა ასპექტით მოაქვს სარგებელი და არა ერთი კონკრეტული კლანისა თუ პირისთვის, მეორეც, კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ამ ქვეყანაში გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა _  სურვილის შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლია ხელისუფლებას მონახოს ორგანიზაცია, რომელიც დაწერს დასკვნას, რომ კონკრეტული პროექტი საფრთხეს არ უქმნის გარემოს. მესამე და მთავარი, ენერგეტიკაში კახი კალაძის ინტერესები მისი მინისტრად დანიშვნისთანავე გახდა ცნობილი. ანუ, მოსაზრება: რა უნდა კალაძეს ენერგეტიკაში, _ მცდარია. როგორც ჩანს, მან მშვენივრად იცის, რა სარგებელი მოაქვს ენერგეტიკას, თუნდაც ქვეყნის ეკოლოგიისა და ადამიანთა ცხოვრების ხარჯზე. როგორც ჩანს, კალაძე ამ მიმართულებით "კარგად მუშაობს" _ ენერგეტიკიდან მისაღები შემოსავლის უდანაკარგოდ მიღებაზე წინამორბედთა მსგავსად, არც თავად აპირებს უარის თქმას. ამდენად, "ოცნების" მიერ ავანსად გაცემული დაპირებები მომავალში შეიძლება ქვეყანას ძვირად დაუჯდეს. უკვე ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების კურსის შეცვლას არც ერთ ასპექტში არ აპირებს, რაც თანდათან ახალი ხელისუფლებისადმი ნიჰილისტურ განწყობას აყალიბებს. ვფიქრობთ, ამ უკანასკნელისთვის, რომელიც ჭეშმარიტი დემოკრატიისა და სამართლიანობის დამკვიდრების ხმამაღალი პრეტენზიით მოვიდა ქვეყნის სათავეში, სულ ერთი არ აღმოჩნდება დანაპირების შესრულება და რაც მთავარია, ამ ქვეყნის ბედი და მომავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს საკუთარ თავზე გამოსცადოს ის მდგომარეობა, რაშიც ზერელე მმართველობის გამო მისი წინამორბედი _ "ნაციონალური" ხელისუფლება აღმოჩნდა. 


პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი "ივერიონთან" საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერი, მათ შორის გოგანტური ჰესების მშენებლობა მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების კვლევის შემდეგ უნდა განხორციელდეს. "უნდა შეფასდეს ყველა რისკი, რაც შეიძლება გარემოს შეექმნას. მომავალი წლიდან ბუნებრივი რესურსების მართვა გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება, ამით კი ქვეყანა დაიბრუნებს მთავარ პრიორიტეტს _ გარემოზე ზრუნვის ვალდებულებას და ის აღარ იქნება ქვეყანაში მეათე ხარისხოვანი. ჩავიხედე ამ საქმეში და კატასტროფული ვითარება დამხვდა. აქ რამდენიმე კორუფციული სქემა მოქმედებდა. ამდენად, არ ვაპირებ, ვინმეს ხელი დავაფარო და რამე დარღვევაზე თვალი დავხუჭო. ყველამ იცოდეს, რომ როცა საქმე გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეხება, მკაცრი და შეუვალი ვიქნები", _ აცხადებს გია ცაგარეიშვილი.


მისივე თქმით, ამ ქვეყანაში პრიორიტეტი გარემოს დაცვა და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა იქნება და შემდეგ ენერგეტიკისა თუ ეკონომიკის განვითარება და ხელშეწყობა. "ეს არ არის ჩემი ახირება, ამას მოითხოვს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება და ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს კოლექტიური პასუხისმგებლობაა და თუ ამ ნორმებს არ დავიცავთ, მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", _ განმარტავს ცაგარეიშვილი.


დეპუტატი არ უარყოფს დიდი ჰესების აშენების შესაძლებლობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გარემოზე ზემოქმედების დასკვნა იქნება უარყოფით, ის ყველაფერს გააკეთებ ამ პროექტების შესაჩერებლად. "არ შეიძლება ერთის ინტერესები დაკმაყოფილდეს მეორეს ხარჯზე, ამიტომ არ დავუშვებ, რომ გარემოს ხარჯზე, თუნდაც ერთი ნათურა აინთოს", - ამბობს ცაგარეიშვილი.


აღსანიშნავია, რომ ასოციაცია "მწვანე ალტერნატივამ" საქართველოს მთავარ პროკურორს "დარიალი-ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლა მოსთხოვა.


"მწვანე ალტერნატივას" მტკიცებით, სახეზეა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევები, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან. კერძოდ, ასოციაციის მტკიცებით, კომპანია "დარიალი ენერჯი" ჰესის მშენებლობას რამდენიმე თვის განმავლობაში ნებართვის გარეშე ახორციელებდა, ხოლო გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებმა არ მიიღეს ზომები ამ კანონდარღვევის აღსაკვეთად.


გარდა ამისა, ასოციაციის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნა და დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა "დარიალი ჰესის" მშენებლობის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა სამშენებლო საქმიანობის წარმართვას ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.


ამასთან, "მწვანე ალტერნატივას" მტკიცებით, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული უკანონობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევით ცვლილება შეიტანა "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში და ჰესის მშენებლობის საბაბით, ყაზბეგის ეროვნული პარკიდან 20 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია ამორიცხა.


ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" საქართველოს მთავარ პროკურორს სთხოვს საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს შესაბამისი თანამდებობის პირების მიერ "დარიალი ჰესის" მშენებლობა/განთავსებასთან დაკავშირებით ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესწავლასა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ამოქმედებას.


საინტერესოა, დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ამ კონკრეტული შემთხვევით და ის დარღვევები, რაზეც "მწვანე ალტერნატივა" საუბრობს თუ დადასტურდა იმ შემთხვევაში, როგორ აპირებს ენერგეტიკის ახალი მინისტრი არათუ გარემოსთან, არამედ კანონონიერებასთან და სამართალთან საკუთარი ინტერესების შეთავსებას? არ გვინდა დავიჯეროთ, რომ წინა ხელისუფლების მაგალითით, ახალი ხელისუფლების პირობებშიც შერჩევითი სამართალი იმუშავებს.


თეა ბარამაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: