ბიძინა ივანიშვილი ერიკ ბრუნს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველო–ამერიკის შეერთებული შტატების 20 წლიან ურთიერთობას და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს.
საუბარი ასევე შეეხო ქართულ–რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხს.
„თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება,“–აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.