ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ნავთობისა და გაზის კორპორაციას დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს. ახალი გენერალური დირექტორი კორპორაციის თანამშრომლებს დღეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ წარუდგინეს.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თვალაბეიშვილი ნავთობისა და გაზის სფეროში გამოცდილი კადრია, იგი მუშაობდა USAID-ის და MCG-ის პროექტების მენეჯერად, ასევე მსოფილიო ბანკის თბილისის ოფისში.
დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელობა მისთვის დიდი პატივია.
"ვიცი, რომ კორპორაციაში არის პროფესიონალთა გუნდი. შევეცდები, კომპანია უფრო წარმატებული გახდეს საპარტნიორო ფონდთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად", - აღნიშნა თვალაბეიშვილმა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით თვალაბეიშვილმა ზურაბ ჯანჯღავა შეცვალა, რომელიც კორპორაციას 2007 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა.