იგორ გიორგაძე: პირველი ოქტომბერი იყო არჩევნების გზით რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული სახალხო აჯანყება!

იგორ გიორგაძე: პირველი ოქტომბერი იყო არჩევნების გზით რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული სახალხო აჯანყება!

ვინ არის იგორ გიორგაძე _ ტერაქტის ორგანიზატორი და სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორი, რუსეთის ინტერესების თავგამოდებული დამცველი თუ სპეცსამსახურების გენერალი, რომელიც თითქმის 18 წელია, წითელი ცირკულარით იძებნება, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე დღემდე აღძრული არ არის.


რას ფიქრობს იგი ახალ ხელისუფლებაზე, როდის აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და რატომ არ მოხვდა პოლიტდევნილთა სიაში, ამის თაობაზე "ივერიონს" თავად იგორ გიორგაძე ესაუბრება.


_ ბატონო იგორ, თქვენ შევარდნაძის ხელისუფლების მიერ იძებნებოდით უმძიმესი ბრალდებებით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის არც ბრალი წარუდგენია პროკურატურას და არც თქვენი გამამტყუნებელი სასამართლოს განჩინება არსებობს. შევარდნაძის ხელისუფლება 9 წლის წინ შეიცვალა და ხელისუფლებაში ის ხალხი მოვიდა, რომლებიც შევარდნაძის პოლიტიკურ  მტრებად თვლიდნენ თავს. ამ ხნის მანძილზე გიცდიათ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დამყარება, თუნდაც იმ მიზნით, რომ საქართველოში დაბრუნების შანსი მოგცემოდათ?


_ სააკაშვილის ხელისუფლება შევარდნაძის ხელისუფლების გაგრძელებაა, ოღონდ უფრო უარესი ფორმით. სააკაშვილის ხელისუფლებასთან ჩემი ურთიერთობის "მცდელობა" ის იყო, რაც 2003 წელს ინტერვიუში განვაცხადე: შევარდნაძეზე უარესი, ფაშისტური ხელისუფლება მოდის საქართველოში-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ "ვარდების ხელისუფლების" სამეულს უმშვენიერესი ქალბატონი ამშვენებდა, მე მაინც ერთ-ერთმა პირველმა ვთქვი, რომ საშინელი ხელისუფლება მოდიოდა, რომელიც ქვეყანას და ხალხს ათას უბედურებას დაატეხდა თავს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არ ვცდებოდი. მე ვიყავი იმ პროცესების სათავეებთან, რომელმაც 2004-2006 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი საქართველოში, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი, სწორედ, მე გახლდით!


_ საქართველოს პარლამენტი უკვე განიხილავს პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების კანდიდატთა 200-კაციან სიას. თქვენ აცხადებთ, რომ პოლიტიკური დევნილი ხართ, მაგრამ ამ სიაში არ ჩანხართ. თუ აპირებთ, რომ მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციებს, განიხილოს თქვენი, როგორც პოლიტიკური დევნილის საფუძვლიანობა და შემდეგ, პარლამენტმა მოგანიჭოთ ეს სტატუსი?


_ მე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ეს ორგანიზაციები ბევრად უფრო ავტორიტეტულნი არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რეკომენდაციას იძლევიან კონკრეტულ პირებს მიენიჭოს ეს სტატუსი. უშუალოდ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი არ არის აღძრული, დამნაშავედ არ ვუცნივარ სასამართლოს და, ვფიქრობ, ამის მერე, კითხვა არც უნდა დაისვას _ ვარ თუ არა პოლიტიკური დევნილი.


_ თუმცა თქვენ ოფიციალურად ხართ ძებნილი...


_ კი, უკვე 17 წელია ძებნილი ვარ, მაგრამ რის საფუძველზე, ეს იმათაც არ იციან, ვინც "მეძებს".


_ მაშინ, რატომ არ ჩამოდიხართ საქართველოში?


_ რაკიღა ძებნილი ვარ, საზღვარი რომ გადმოვკვეთო, მაშინვე დამაკავებენ.


_ და თუ დაგაკავეს, რა ბრალს წაგიყენებენ?


_ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამაკავებენ და ბრალსაც ამის საფუძველზე წამიყენებენ, თორემ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო. ხომ გითხარით, ბრალიც არ წაუყენებიათ ჩემთვის-მეთქი. არადა, მთელმა საქართველომ იცის, თითქოს ამ საქმეების გამო ვარ ბრალდებული და "ვიძებნები" კიდეც.


_ 1995 წლის ტერაქტებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მაინც გკითხავთ: თუ არა თქვენ, ვინ მოაწყო ეს ტერაქტი და რა მიზეზით?


_ იმ ტერაქტთან არანაირი შეხება არ მქონია. ივნისში შევარდნაძემ ჯერ მივლინებით გამიშვა თურქეთში, ხოლო მერე შვებულებაში. ტერაქტის დროს თბილისში არც კი ვყოფილვარ. ეს ტერაქტი ცხონებულმა ავთო იოსელიანმა და შოთა კვირაიამ დაგეგმეს და განახორციელეს. მაშინ შევარდნაძეს ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა _ მაქსიმუმ 15%. საპრეზიდენტო არჩევნები კარს იყო მომდგარი და გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამ დროს ჯაბა იოსელიანი თავისი "მხედრიონით" დაპირისპირებული იყო შევარდნაძესთან, რაც კიდევ უფრო ამცირებდა მის შანსებს. მთავრობის სხდომაზე მე პირდაპირ განვუცხადე, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას არ მივიღებდი. შევარდნაძეს რაიმე უნდა გაეკეთებინა, რაიმე ექსტრა-არაორდინალური, რომ საკუთარი რეიტინგი და შანსები გაეზარდა.


_ და მან გადაწყვიტა, რომ ტერაქტი მოეწყო საკუთარი თავისთვის?


_ რასაკვირველია, სწორედ საკუთარ თავს მოუწყო ეს ტერაქტი. პრეზიდენტად დარჩენის ერთადერთი შანსი ეს იყო. შეიძლება ითქვას, სწორად გათვალა. ჭკვიანი კაცია, ამას ვერ წაართმევ. ამ ტერაქტის მერე დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც მოიპოვა და საქართველოშიც მისმა რეიტინგმა საგრძნობლად აიწია.


ეს ტერაქტი დაგეგმილი რომ იყო და მე არაფერ შუაში ვიყავი, ამის დასტურად მხოლოდ ორ ფაქტს შეგახსენებთ. მოგეხსენებათ, ტერაქტი მოხდა "იმელის" შენობის ეზოში და აფეთქდა დანაღმული თეთრი "ნივა". "იმელის" შენობაში იჯდა შევარდნაძეც და მისი დაცვის უფროსი ვახტანგ ქუთათელაძეც. ეს "ნივა", თანაც უნომრო, დადასტურებულია, რომ ტერაქტამდე 3 დღე იდგა "იმელის" ეზოში. როგორ მოხდა, რომ 3 დღის მანძილზე, პრეზიდენტის დაცვის უფროსმა, ვერ შეამჩნია საეჭვო მანქანა იმ ეზოში, სადაც ყოველ დღე თავად აჩერებდა მანქანას? ეს ხომ აბსურდია? ვერც ვახტანგ ქუთათელაძემ, ვერც შევარდნაძის დაცვის წევრებმა ვერ შენიშნეს, რომ უნომრო მანქანა იდგა იქ 3 დღე. ეზო, სადაც ის მანქანა იდგა, ხომ მათი კონტროლის არეალში იყო მოქცეული, რადგან პრეზიდენტი ყოველდღე ამ ეზოდან შეჰყავდათ და გამოჰყავდათ?


ტერაქტამდე ერთი თვით ადრე, ვახტანგ ქუთათელაძეს მივწერე, რომ პრეზიდენტზე ტერაქტი მზადდებოდა და ამის დამამტკიცებელი ინფორმაციაც მივაწოდე. ცხადია, სულ სხვა დაჯგუფება აპირებდა ტერაქტის განხორციელებას _ ის ხალხი, ვინც მეორე ტერაქტი მოაწყო კრწანისში. ახლა გეკითხებით, ვგავარ მე ისეთ ადამიანს, რომელიც პრეზიდენტზე ტერაქტის მოწყობას აპირებს და პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსს ერთი თვით ადრე აფრთხილებს, რომ შესაძლოა, მასზე ტერაქტი განხორციელდეს? მე ძალიან კარგად ვიცნობ უმაღლესი სახელმწიფო პირების დაცვის სპეციფიკას და იმდენს ვერ მივხვდებოდი, რომ ქუთათელაძე შევარდნაძის დაცვას ყველა მიმართულებით გააძლიერებდა? მე რომ ვყოფილიყავი ტერაქტის ორგანიზატორი, ცხადია, ვახტანგ ქუთათელაძეს შესაძლო ტერაქტის შესახებ ინფორმაციას დავუმალავდი.


_ ბატონო იგორ, თუ შევარდნაძემ მოაწყო ტერაქტის ინსცენირება, როგორ მოხდა, რომ იმ ტერაქტს თავად ძლივს გადაურჩა?


_ შოთა კვირაია და ავთო იოსელიანი არ იყვნენ ამ საქმის სპეციალისტები. ყველა საქმეს კვალიფიციური ცოდნა უნდა. მათ არაპროფესიონალებს დაავალეს ტერაქტის ინსცენირება.  მათ მანქანაში ჩადეს რადიომიმღები, რომლიც არ იყო დაცული სხვა არხებისგან. როცა პრეზიდენტი გამოვიდა შენობიდან, იქ მოვიდა რაციებით საგზაო პოლიციის, დაცვის სამსახურის მანქანები და რომელიღაც რაციის სიხშირემ გახსნა ამ რადიომიმღების სიხშირე, ნაღმი დროზე ადრე ამოქმედდა და ამიტომ იყო, თავისსავე დადგმულ ტერაქტს შევარდნაძე ლამის რომ შეეწირა.


ერთი საყურადღებო დეტალიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ჩემს ნათქვამს ამყარებს. შევარდნაძეს ტერაქტი მოუწყვეს, მან კი თავისი დაცვის უფროსი არათუ მოხსნა თანამდებობიდან, პირიქით, დააწინაურა _ უშიშროების მინისტრად დანიშნა. ქუთათელაძეს საყვედური კი არა, გაფრთხილებაც კი არ მიუღია. არადა, ასეთ დროს, არათუ დაცვის უფროსს ხსნიან, მთელ პირად დაცვას უშვებენ და საერთოდ, პრეზიდენტის დაცვის სამსახურში საკადრო წმენდა იწყება. ერთი კაციც კი არ შეუცვლია ქუთათელაძეს ამ ტერაქტის მერე პირადი დაცვიდან.


_ ბატონო იგორ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენ რუსის ჯარს აფხაზეთიდან შემოჰყევით სამეგრელოში, სამტრედიაშიც კი იყავით მშობლიური სახლის მოსანახულებლად. მართალია?


_ მე რომ საქართველოში მოვყოლოდი იმ ჯარს, თბილისში შემოვიდოდი და სააკაშვილის ამბავი დამთავრებული იქნებოდა. რუსულ ტანკზე ამხედრებული იგორ გიორგაძე სააკაშვილის საყვარელი თემა იყო და ამაზე სერიოზულად არ ღირს ლაპარაკი.


_ რას იტყვით 2008 წლის ომის დაწყების მიზეზებზე, რაშია დამნაშავე რუსეთის ხელისუფლება და რაში _ საქართველო?


_ ამ ომის დაწყებაში, თავიდან ბოლომდე, სააკაშვილია დამნაშავე. ეს იცის ევროპამ და ამერიკამ, თან ძალიან კარგად. პუტინმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიცოდით, სააკაშვილი ომისთვის ემზადებოდა და ჩვენც ვემზადებოდითო. მე ვარ მოწმე, რომ რუსეთი ემზადებოდა ომისთვის, მაგრამ ისიც ხომ ყველასთვის ნათელია, რომ სააკაშვილიც ემზადებოდა ომისთვის და პირველმა მან მიიტანა საარტილერიო იერიში ცხინვალზე? სად იყო ჯერ რუსის ჯარი, როცა ქართულმა ჯარმა ცხინვალი ლამის მთლიანად დაიკავა და ჯავა აიღო? ომი რომ სააკაშვილმა დაიწყო, ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში წერია. მთელმა ქართულმა დიასპორამ იცოდა რუსეთში, რომ ომი უნდა დაწყებულიყო. ყველა ქართველმა ჯარისკაცმა იცოდა აგვისტოს დასაწყისში, რომ დღე-დღეზე ომში უნდა წასულიყო.


_ თუ ომი სააკაშვილმა დაიწყო, მას წინასწარ არ ექნებოდა გათვლილი ამ ომის შედეგები? თუ მან ვერ გათვალა,  საქართველოს პარტნიორი, ამერიკის ხელისუფლება, რატომ არ ჩაერია დროულად და არ შეაჩერა?


_ ამერიკის ხელისუფლებამ სააკაშვილი გააფრთხილა _ ნუ დაიწყებ ომს, თორემ ბევრს წააგებო. ამერიკელებს მკაცრად რომ ეთქვათ, ომი არ დაიწყოო, მიხეილ სააკაშვილი გაჩერდებოდა. მალე ისეც გაირკვევა, რატომ არ შეაჩერა ამერიკამ სააკაშვილი. აი, თავად სააკაშვილს კი არ ეგონა, რომ რუსეთის ჯარი იგოეთამდე ჩამოვიდოდა, ესეც და სხვა ბევრიც ვერ გათვალა და ამიტომაც გაება თავის დაგებულ მახეში.


_ რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს? იმის, რომ რუსეთი ომში არ ჩაებმებოდა?


_ კი, ეგონა, რომ როკის გვირაბამდე გავალ, ჩავკეტავ რუსეთთან საზღვარს და რუსეთის ხელისუფლება ვერ გაბედავს ჩემს საქმეში ჩარევასო. ეგონა, რომ ამერიკა და ევროპა პუტინს გააჩერებდნენ. აქაც მოტყუვდა _ პუტინის შეჩერება არც არავის უცდია, ყოველ შემთხვევისთვის, თავი არავის გამოუდია, რომ შეეჩერებინა პუტინი. სააკაშვილის გამო მასთან ურთიერთობა არც ერთმა სახელმწიფომ არ გაიფუჭა, ეს ხომ ფაქტია, არა? სააკაშვილმა ბევრი რამ ვერ გათვალა, უნიჭოა და იმიტომ.


_ თქვენ კარგად იცნობთ რუსეთის პოლიტიკას, იცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსეთს მართავენ. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ქართულ-რუსული ურთიერთობის აღდგენის პროცესის დაწყება და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, რომ ეს პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას?


_ დღეს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დაწყება ნულიდან კი არ უწევს, მინუს 100-დან. ძალიან გაფუჭებულია ამ ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. არ ვიცი, რა უნდა შესთავაზოს საქართველომ რუსეთის ხელისუფლებას, რომ რუსეთმა, თუნდაც, დიალოგი დაიწყოს ქართულ მხარესთან. არადა, ხომ ფაქტია, რომ რუსეთს არაფერში სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობა _ ის ყველანაირად მომგებიან პოზიციაშია. ჩვენ კი, ჰაერივით გვჭირდება ამ ურთიერთობის დარეგულირება. სხვა თუ არაფერი, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან  რუსეთის გარეშე ვერ დავილაპარაკებთ. ალბათ, ცოტა რიტორიკა უნდა შეიცვალოს, ცოტა დროც უნდა გავიდეს... ამ კუთხით რასაც საქართველოს ახალი ხელისუფლება აკეთებს, თანმიმდევრული და სწორია, მაგრამ ერთ და ორ წელიწადში შედეგებს ნუ ველოდებით.  აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გაიზარდა თაობა, რომელსაც საქართველოს გაგონება არ უნდა. როგორ ფიქრობთ, ახალი ხელისუფლება შეძლებს 2-3 წელიწადში ამ ხალხს გააგებინოს, რომ საქართველო მარტო სააკაშვილის ხელისუფლება არ არის?  ან შეძლებს ასე მალე აუხსნას რუსებს, რომ რუსეთის მოძულე რიტორიკა, რითაც სააკაშვილი გამოირჩევა, მთელი ქართველი ერის პოზიცია არ არის? ცხადია, მოკლე ხანში ამას ვერ შეძლებს. ამას წლები სჭირდება. ძალიან რთული იქნება ამ ურთიერთობის დალაგება, ძალიან რთული.


_ დღევანდელ ხელისუფლებასთან თუ გიცდიათ ურთიერთობის გარკვევა, რომ დაბრუნდეთ საქართველოში?


_ უშუალოდ არანაირი კონტაქტი არ მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან. მყავს ადვოკატები და ისინი მიმართავენ საჭირო ინსტანციებს. არა მგონია, სამშობლოში დაბრუნებაში პრობლემები შემექმნას. ნათელია, რომ საქართველოს მტერი არა ვარ და არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ყველაზე მარტივი გადასაწყვეტი არის ჩემი პრობლემა და გეტყვით რატომ: თუ სხვას სჭირდება განაჩენის გადასინჯვა, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ბრალდების უკუგდება და ა.შ. მე ბრალიც კი არ მაქვს წაყენებული და თუ იქნება პოლიტიკური ნება, მაშინ ძალიან მარტივად გადაწყდება ჩემი საკითხი _ პროკურორი მოითხოვს, რომ იგორ გიორგაძე მოიხსნას ძებნიდან და სულ ეს არის, დავბრუნდები საქართველოში.


_ ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს, ამავდროულად, ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას. რამდენად შეთავსებადია ამ ორი მიზნის მიღწევა?


_ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაუცბათევი შემოტრიალება რუსეთისკენ და ამერიკისთვის ზურგის შექცევა არ შეიძლება _ ეს უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე სიკეთეს. გავა დრო და ხალხიც, პოლიტიკოსებიც მიხვდებიან, სად გადის საქართველოს გადარჩენის გზა, სად არის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შანსი. ალბათ, რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს, თუ რომელ გზას ირჩევს ხალხი _ გზას ნატო-სკენ თუ რუსეთთან ნომრალური ურთიერთობებისკენ. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, რა უნდა:_ ნატო-ში შესვლა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე თუ ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანი საქართველო.  მერამდენედ ვიმეორებ, რომ იქ,  სადაც არ არის რუსეთი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძიება ფუჭი საქმეა. ვერც ნატო, ვერც ამერიკა და ვერც ევროკავშირი, ურუსეთოდ ამ საკითხს საჩვენოდ ვერ გადაჭრის. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია.


საქართველოში საზოგადოების ერთ ნაწილში დამკვიდრებულია აზრი, რომ ქვეყანა თუ ეკონომიკურად მოძლიერდა, არიქა, ოსები და აფხაზები გამოქანდებიან ჩვენსკენ და კვლავ საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას მოინდომებენო. ქართულ პოლიტიკურ ელიტაშიც ბევრი ფიქრობს ასე. რეალურად სხვა ვითარებაა. აგერ, ნახეთ, რა ხდება ესპანეთში. "მაძღარი" კატალონია ესპანეთისგან გამოყოფას აპირებს. ამერიკამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა მართლმადიდებელი სერბეთის შუაგულში, ხელოვნურად და სამხედრო ძალის გამოყენებით შეიქმნა მუსულმანური სახელმწიფო _ კოსოვო. ამით წაახალისა სეპარატიზმი და კატალონია ამის საუკეთესო მაგალითია. აფხაზეთი, რას ითხოვდა, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა? იმის ნაცვლად, რომ დაგვესვა მაგიდასთან მათი იმჟამინდელი ლიდერები და მოლაპარაკებები გაგვემართა, ტანკებით შევგრიალდით სოხუმში. შეცდომა შეცდომაზე დავუშვით. აფხაზებს თავს ვერ შევაყვარებთ, მათთვის ვართ აგრესორები. შევარდნაძის დანაშაულებრივი პოლიტიკა სააკაშვილმა გააგრძელა და ჩიხშიც შეიყვანა აფხაზეთის დაბრუნების პერსპექტივა.


_ ედუარდ შევარდნაძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ არაფერი საწინააღმდეგო არა აქვს, თუ საქართველოში დაბრუნდებით. თუ გექნებათ სურვილი შევარდნაძესთან შეხვედრისა და საუბრისა, როცა საქართველოში ჩამოხვალთ?


_ შევარდნაძემ უსამართლოდ მაქცია დევნილად, 17 წლით მომწყვიტა ჩემს ქვეყანას, ნათესავებს, მეგობრებს... მეტი რაღა უნდა დაეშავებინა ჩემთვის? რომ ჩამოვიდე და შევხვდე, რაზე უნდა ველაპარაკო? ან რა უნდა მითხრას თავად? როცა სჭირდება, თავს მოისულელებს, როცა სჭირდება, ძალიან ჭკვიანია _ ეს მისი სტილია, მოხარშულს ვიცნობ. ისე, მე რომც მინდოდეს მისი ნახვა, ვეჭვობ, ძალიან გაეხარდეს ჩემი ხილვა.


_ ბატონო იგორ, დავუშვათ, საქართველოს ხელისუფლებამ დეკლარირებულად და ფაქტობრივად განაცხადა უარი ნატო-ში ინტეგრაციაზე. შეცვლის ეს რაიმეს რუსულ-ქართულ ურთიერთობაში?


_ იმის იმედი ნურავის ექნება, თუ საქართველო ნატო-ზე უარს იტყვის, რუსეთი მეორე დღესვე აფხაზეთს დაგვიბრუნებს.


_ თუ არ დაგვიბრუნებს, ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები მაინც არ გადაიდგმევა?


_ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პროცესი რომ დაიწყება, ეს შემიძლია ვთქვა. ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები ნელ-ნელა აღდგება, თუმცა ეს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს. ხომ ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს მყისიერად  უგანოს ნატო-ს და ამერიკას. 1-2 წელიწადში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.


_ როგორ ფიქრობთ, "ნაციონალური მოძრაობა" მოახერხებს, რომ პოლიტიკური კრიზისი შექმნას ქვეყანაში? მის ლიდერებს საამისო სურვილი აშკარად გააჩნიათ.


_ თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკულად კი ამას ვერ განახორციელებენ.


_ რის საფუძველზე ფიქრობთ ასე?


_ ახალი ხელისუფლების მხარეს სააკაშვილის ბევრი ყოფილი თანაგუნდელია და მათ შესანიშნავად იციან, როგორ აიცილონ მათი ეს ვირეშმაკობები.


_ ახალი ხელისუფლების ორთვიან საქმიანობას როგორ შეაფასებთ?


_ 1 ოქტომბერს მოხდა რევოლუცია, ეს იყო რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება არჩევნების გზით განხორციელებული და არა არჩევნები. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც ამ გზით მოდის ქვეყნის სათავეში, უშვებს შეცდომებს. თუმცა, ძირითადი გეზი სწორად აქვთ აღებული და მას თანმიმდევრულად  მიჰყვებიან.


_ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკაზე რას იტყვით? დღეს უკვე ბევრი აკრიტიკებს მას, რომ კადრები არ უვარგა.


_ სხვა საქართველო არ არის, რომ იქიდან მოიყვანოს ხალხი. უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანოს ქართველები, მათ დიდი დრო დასჭირდებათ, რომ ახალ რეალობას შეეგუონ და სახელმწიფოს კონკრეტული სფეროების მართვის სადავეები ღირსეულად იტვირთონ. საკადრო შეცდომები ექნება, ეს არ არის ტრაგედია, თუმცა ნელ-ნელა ეს პრობლემაც მოიხსნება.


ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: