კახა კუკავა: პრეზიდენტობის კანდიდატი რეალური პოლიტიკოსი უნდა იყოს!
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთწლიან პერიოდს გარდამავალს უწოდებს.
როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადება, ხელისუფლებაში 4 წლით დარჩენასთან დაკავშირებით, გაურკვევლობას ბადებს.
„აღნიშნულ გარდამავალ პერიოდში გაირკვევა, ვინ დარჩება ხელისუფლებაში.
ის, რაც საქართველოში გარდამავალ პერიოდში ხდება არ არის სასიამოვნო, თუმცა, ნორმალურია“, - აცხადებს კახა კუკავა.
კუკავას განცხადებით, სანამ საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან არ გათავისუფლდება, შეფასებებზე რთული იქნება საუბარი.
„ეს პერიოდი საპრეზიდენტო არჩევნების დროს დასრულდება, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი რეალური პოლიტიკოსი იქნება. ზოგადად, გარდამავალი პერიოდი ქვეყნის იმიჯისთვის ნორმალური არაა“, - აღნიშნა კუკავამ.
ამასთან, კუკავას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტიას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, პრეზიდენტობის კანდიდატად თავად ალასანია დაასახელონ, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას კოალიციის მხარდაჭერა.
„შემდეგი პრეზიდენტი საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ გარდამავალი პერიოდი მალე დასრულდეს“, - ამბობს კახა კუკავა.