ლევან ბერძენიშვილი: ჭიდაობის ფედერაცია არ დამისახელებია და რატომ მიიღეს საკუთარ თავზე?
„მე ვთქვი, რომ 26 მაისის და 7 ნოემბერს ხალხის დარბევაში მონაწილეობდნენ ყოფილი სპორტცმენები, არ დამისახელებია, რომ ისინი იყვნენ კონკრეტულად ჭიდაობის ფედერაციიდან. მე არავისთვის მაქვს ბოდიში მოსახდელი. აქეთ უნდა მომიხადონ ბოდიში იმის გამო, რომ 2007 წელს დამარბიეს“.
ამის შესახებ „ივერიონთან“ საუბარში ლევან ბერძენიშვილმა ჭიდაობის ფედერაციის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ქართველი მოჭიდავეები მათი მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესახებ პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ და უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერისგან ლევან ბერძენიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.
ბერძენიშვილის განცხადებით, მას არ დაუკონკრეტებია, რომ დარბევაში მონაწილე სპორტსმენები იყვნენ ჭიდაობის ფედერაციიდან, ეს დღეს, თვითონ გაახმაურეს, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს.
„ქართველს ხალხს ყველამ მოუხადოს ბოდიში, ვინც მაშინ დარბევებში მონაწილეობდა. მე ვთქვი, რომ დარბევაში სპორტსმენები მონაწილეობდნენ და არ დამისახელებია ჭიდაობის ფედერაცია და რატომ მიიღეს საკუთარ თავზე? ყველანაირი მცდელობა, რომ სპორტსმენებმა პოლიტიკოსები ჩაითრიონ, კრახით დასრულდება. სანამ რამეს იტყვიან, ჯერ უნდა დაფიქრდნენ, კარგად გაიხსენონ, რა აქვთ ჩადენილი და ვის გვერდით იდგნენ, ვინ სცხებს ფედერაციას ჩირქს, რომელი სპორტსმენი მონაწილეობდა აქციის დარბევაში“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
პარლამენტარი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი, ვინც იმ პერიოდში მოჭიდავეების ინტერესების დასაცავად გამოვიდა და ამის გამო ხელისუფლების კრიტიკის ობიექტიც გახდა: „გაუგებარია, ჩემს მიმართ ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელთა განცხადებები. ვის უნდა მოვუხადო ბოდიში, გეწაძეს? თუ მის მიმართ ბოდიშია მოსახდელი, პროკურატურამ მოუხადოს. მაშინ ერთადერთი ვიყავი, ვინც მათ უფლებებს იცავდა. ამის გამო წინა ხელისუფლება სულ იმას მეუბნეოდა „ჯღანას“ მეგობარი ხარო და ახლა „ჯღანა“ აქეთ მემართლება? ეს უსამართლობაა!“