პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

ამერიკელი ბესი კუპერი, რომელიც პლანეტის ყველაზე მოხუც ქალად ითვლებოდა, 117 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ჯორჯიის შტატის ქალაქ მონროში გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Huffington Post კუპერის ვაჟის, სიდნი კუპერის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.


ვაჟის განცხადებით, ბესი საშობაო ვიდეორგოლებს უყურებდა, მოულოდნელად სუნთქვა გაუძნელდა და შვილს ფანჯრის შეღება სთხოვა, რათა ცოტა ჰაერი შესულიყო, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა.


ბესის ამ კვირაში დაკრძალავენ.

ბესი კუპერი, როგორც პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალი, გინესის რეკორდების წიგნში 2011 წლის იანვარში მოხვდა. მანამდე მასზე ასაკოვნად ბრაზილიელი მარია გომეს ვალენტინი ითვლებოდა, რომელიც კუპერზე 48 დღით უფროსი იყო, თუმცა შარშან ივნისში, მარიას გარდაცვალების შემდეგ, ბესი აღიარებეს მსოფლიოს ყველაზე მოხუც ქალად.

CNN-s ცნობით, ბესი კუპერის გარდაცვალების შემდეგ, დედამიწის ყველაზე ასაკოვანი ქალის ტიტული ამერიკელ იტალიელზე, დინი მანფრედინზე გადავიდა, რომელიც აიოვას შტატში ცხოვრობს და 115 წლისაა. ყველაზე მოხუცი მამაკაცი კი იაპონელი ძიროემონ კიმურია, რომელიც დინიზე ორი კვირით უმცროსია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: