როგორ შედგა პოლიტდევნილთა სია და როგორ მოხვდნენ აქ ФСБ-ს აგენტები?!
პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების სია კიდევ დიდხანს დარჩება საზოგადოებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების განსჯისა თუ კრიტიკული შენიშვნების ობიექტად. გარდა იმისა, რომ ამდენი პოლიტდევნილი ქვეყნის იმიჯზე პოზიტიურად არ აისახება, ის უპირველესად, დასავლეთის თვალში წინა ხელისუფლების დემოკრატიულობას ჩრდილავს და აკნინებს, თან უხერხულობასაც უქმნის, რადგან წლების განმავლობაში მხარს უჭერდა და აღიარებდა იმ ქვეყნის დემოკრატიულობას, რომელსაც ამდენი პოლიტიკური ნიშნით დევნილი ჰყოლია.
თუმცა ეს ობიექტური რეალობაა და მას დასავლეთმაც, ახალმა ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თვალი უნდა გაუსწოროს! მაგრამ ეს რეალობა აქ, შინაც იწვევს გარკვეულ გაუგებრობას და ამასაც თუ ყველა მხარე - საზოგადოება, ოპოზიცია თუ თავად ამ სიის „შემოქმედი“ ახალი ხელისუფლებაც გაუსწორებს თვალს, ცუდი არ იქნება. შეცდომიგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ შეგნებული „შეცდომა“ და მავანის პირად ინტერესებს გადაგებული კანონები რომ იწვევდა ხალხის უკმაყოფილებას, იმიტომაც აღარ არის „ნაციონალური“ მოძრაობა ხელისუფლებაში და მით უმეტეს, ვერ შეეგუება ეს საზოგადოება ახალი ხელისუფლებისგან იმავეს გამეორებას. მოკლედ, დასავლეთის არ ვიცი, მაგრამ წინა ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით მართლაც რომ გამოარჩევდა, არახალია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინას მიერ „გამორჩეული ადამიანები“ სწორად გამოარჩია სახელმწიფო დამნაშავისა და კრიმინალისგან.
ის, ვისაც წინა ხელისუფლებამ სულ მცირე, სახელმწიფო დამნაშავის სტატუსი მიაკერა, ახალმა პარლამენტმა პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად შერაცხა. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სია სინამდვილეში კაკაბაძე-ბესელიას კლიენტებისა და ნაცნობ-მეგობრების გამამართლებელი სიაა, რომელსაც კახი კალაძის და სხვა „მეოცნებე“ მინისტრების ახლობლებიც დაემატაო.
რამდენად რეალურია ეს მოსაზრება? ცხადია, ამას არც ბესელია-კაკაბაძე და არც მინისტრები არ ადასტურებენ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ვიღაცის ნაცნობი, კლიენტი თუ ნათესავია და ეს დანაშაულად და მიკერძოებად არ უნდა აღიქმებოდეს, მით უმეტეს, შერჩევითი სამართლის ცნებასთან არ უნდა გვაახლოვებდეს. სასურველია, ასე იყოს და არა სხვაგვარად, მაგრამ მაინც მინდა, მკითხველის ყურადღება ერთ საგულისხმო დეტალზე შევაჩერო.
პოლიტდევნილთა სიაში მოხვდნენ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ურუზმაგ ქარქუსოვის ძმები - ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები, ხოლო პოლიტპატიმართა სიაშია ზაზა ყეინიშვილი. გარდა იმისა, რომ იანეკ და ჯემალ ქარქუსოვებს, ასევე ზაზა ყეინიშვილს პოლიტდევნილის სტატუსი აერთიანებთ, კიდევ აქვთ საერთო - სამივე პარლამენტის წევრის ნანა ყეინიშვილის ოჯახის წევრია. ზაზა ყეინიშვილი ნანა ყეინიშვილის ძმაა, ხოლო ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები მისი მაზლები არიან.
ზაზა ყეინიშვილი ორწელიწადნახევარია დაპატიმრებულია. ის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრია და სასჯელს იარაღის ტარებისა და ნარკოტიკის შენახვისთვის იხდის. თუმცა ნანა ყეინიშვილის თქმით, მის ძმას პოლიციამ იარაღიც და ნარკოტიკიც ჩაუდო და შეთითხნილი ბრალდებით დააკავა, რათა პატიმობაში მყოფს სიძის - ურუზმაგ ქარქუსოვის ჯაშუშობა ეღიარებინა.
თუ გავითვალისწინებთ წინა ხელისუფლების მართლმსაჯულებისა და ზოგადად, სამართლაინობისადმი დამოკიდებულებას, ზაზა ყეინიშვილის პოლიტპატიმრად აღიარება შეიძლება სულაც არ იყოს უმრავლესობის დეპუტატის ოჯახისწევრობით განპირობებული და ამაზე ალბათ, არც არავინ კამათობს. თუმცა სხვა საკითხია ქარქუსოვების საქმე. მართალია, ნანა ყეინიშვილი საკუთარი მაზლების საქმეს წინა ხელისუფლების „დანაშაულად“ განმარტავს, მაგრამ ერთია სიტყვა და მეორე საქმე და ფაქტი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მეტ-ნაკლებად ახსოვს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო მალევე დატოვეს იანეკ და ჯემალ ქარქუსოვებმა. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ეს ძმები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის წევრები იყვნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შექმნა 2005 წლის ზაფხულიდან დაიწყო, ქართულმა სპეცსამსახურებმა ჯერ ოსი სეპარატისტების ყოფილი პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი სანაკოევი გადმოიბირეს, შემდეგ კი ცხინვალის ციხიდან, სეპარატისტების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ ქარქუსოვისა და მისი ძმის იანეკის გაქცევა უზრუნველყვეს.
2006 წლის ნოემბერში, სამხეთ ოსეთის ალტერნატიულმა მთავრობამ ყოფილი ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა, არჩევნები ჩაატარა. არჩევნების შედეგად, დიმიტრი სანაკოევი ალტერნატიული მთავრობის პირდაპირი გზით, არჩეულ მეთაურად გამოცხადდა. პროქართულმა, დროებითმა ადმინისტრაციამ ცხინვალიდან ორ კილომეტრში, სოფელ ქურთაში დაიდო ბინა. 2007 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნა და იქ დროებითი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება სანაკოევის მთავრობას დააკისრა. თუმცა თბილისის გეგმებს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიამ და ოკუპაციამ მოუღო ბოლო.
აგვისტოს ომის შემდეგ, პირველები რუსეთში ურუზმაგ ქარქუსოვის ძმები - ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები გაიქცნენ. ჯემალ ქარქუსოვი დროებითი ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იანიკ ქარქუსოვი ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი. მოსკოვში გაიქცა ადმინისტრაციის ერთ-ერთი ფინანსური დონორიც - ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, ხოლო ადმინისტრაციის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი კანადაში გაფრინდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ქარქუსოვები რუსეთში საქართველოს მამხილებელი საბუთებით ჩავიდნენ. მათ ФСБ-სთან ითანამშრომლეს და საქართველოს ხელისუფლება ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. დიმიტრი სანაკოევის მსგავსად „აღიარეს“, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ. ამასთან, მათ „გასცეს“ საქართველოს ხელისუფლება და თქვეს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, ამერიკული პროექტი იყო და ა.შ.
ასეა თუ ისე, ქარქუსოვები საკუთარი ნებით წავიდნენ ქვეყნიდან და სწორედ იმ ქვეყანაში გაიქცნენ, რომელთანაც საქართველოს სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა. სად იკვეთება მათი პოლიტდევნილობა?!
საინტერესოა, სად იკვეთება აქ ან პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და იძულება, თუ თავადვე აღიარეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდნენ? და თუ მაინც ასე იყო და საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცოდა, მაშინ იგივე სტატუსი უნდა მიეღო, სულ მცირე, მაია ჩიგოევა-ცაბოშვილსაც, აღარაფერს ვამბობ გოჩა ძასოხოვზე, რომელიც რამდენადაც ცნობილია, სწორედ წინა ხელისუფლებამ აიძულა დაეტოვებინა საქართველო და მის მიმართ ბევრი უსამართლობაც ჩაიდინა - ბიზნესის დათმობისა თუ ქვეყნიდან იძულებით წასვლის თავლსაზრისით. სწორედ ეს შეუსაბამობა ბადებს ეჭვებს და კითხვებს, რომ პოლიტდევნილთა სია მართლაც მავანის კერძო ინტერესებით შედგა და დამტკიცდა. თუმცა ერთიც არის, პოლიტდევნილთა სიაში ყოფნა სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არავის ათავისუფლებს და ვნახოთ, ამ სტატუსის მქონეთაგან, რამდენს ეყოფა გამბედაობა და დაბრუნდება საქართველოში.
„ივერიონი“ შეეცადა დეპუტატ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებას და ამ საკითხზე მისი განმარტებისა თუ კომენტარის მოსმენას, მაგრამ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
თეა ბარამაშვილი