კახი კალაძე: რამდენიმე დღეში ვიტყვი, რამდენით დაიწევს ტარიფი
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აქამდე სულ გვპირდებოდა, რომ ტარიფები შემცირდებოდა. გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ რეალურ ციფრს, თუ რამდენით შემცირდება ბუნებრივი აირის ტარიფი, რამდენიმე დღეში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაგვიმხელს.
"ტარიფების შემცირება არშემცირების თემით "ნაციონალური მოძრაობა" მანიპულირებდა. ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირების პროცესში. ფაქტობივად, პროცესი უკვე დასრულებულია, თუმცა ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ელექტროენერგიის ტარიფებს ეხება. უახლოეს მომავალში დავიწყებთ მუშაობას ბუნებრივი აირის და საწვავის ფასის შემცირებაზე", - აცხადებს გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში კახი კალაძე.
კალაძე წინა ხელისუფლების დროს ქვეყანაში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ სემეკი ვითომ დამოუკიდებელი იყო, არადა სინამდვილეში იმ მითითებებს ასრულებდა, რომელსაც ზევიდან მიიღებდა.
"ჩვენ მართლა გვინდა, რომ სემეკი დამოუკიდებელი იყოს", _ აცხადებს კალაძე.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს გაფორმებულ ბევრ ენერგეტიკულ ხელშეკრულებას გრიფი "საიდუმლო" ედო. სწორედ ამით ხსნის საზოგადოებისა და ჟურნალისტების დიდ ინტერესს, რომლებიც დაკავშირებული იყო ტარიფების რეგულირებასთან. მას ასეთი დამოკიდებულება სწორად არ მიაჩნია და თვლის: "პირველი, რაც სამინისტროში მოსვლის დღიდან გავაკეთეთ, არის მეტი გამჭვირვალობა. ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროექტები, რომლებსაც განვახორციელებთ. ენერგეტიკის სამინისტროში არავითარი ტაბუირებული თემა აღარ იქნება".