დავით საყვარელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება
"ნაციონალურ მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდება.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საყვარელიძე დღეს ქუთაისში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა.
დავით საყვარელიძე ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვასთან დაკავშირებულ საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს 12:00 საათზეა დაბარებული. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გუშინ საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, რომ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს "საჯაროდ გაუგზავნონ და პასუხებსაც საჯაროდ გასცემს".
მთავარმა პროკურატურის ინფორმაციით, საყვარელიძე დაკითხვაზე გამოცხადების სანაცვლოდ წინაპირობას აყენებს.
"გამომძიებელი დავით ჩუბინიძე მობილურ ტელეფონზე პარლამენტის წევრ დავით საყვარელიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა მისამართზე მიეტანა უწყება. რაზედაც მიიღო პასუხი, რომ გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გამოძიებამ ჯერ პრემიერ- მინისტრი დაკითხოს და ამის შემდგომ გამოცხადდებოდა საყვარელიძე გამომძიებელთან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიებამ დავით საყვარელიძის გამოძახების შესახებ უწყება პარლამენტის კანცელარიას ჩააბარა.