ქართულ სოფლის მეურნეობას ჩინური ტექნიკით გააძლიერებენ!
დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, 9 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა საქართველოში 2013 წლის მაისში ჩამოვა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის 2011 წელს გაფორმებული „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ მხარეს ტექნიკით ჩინური კომპანია „Foton Lovol International Heavy Industry LTD“ უზრუნველყოფს.
28 ერთეულ ტექნიკას შორისაა თვლიანი და მხოხავი ექსკავატორები, მხოხავი ბულდოზერები და მტვირთავები. კომპანია „Foton Lovol International Heavy Industry LTD“ უზრუნველყოფს ტექნიკის ტრანსპორტირებასაც. ქართულ მხარეს გადმოეცემა ახალი მანქანა-დანადგარების სათადარიგო ნაწილებიც.
საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მრჩევლის ლიუ ბოს განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საირიგაციო სისტემის სრულყოფაში, რაც საბოლოოდ, ქართველ ფერმერებს დამატებით სარგებელს მოუტანს.
მინისტრის მოადგილემ, დავით შერვაშიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. „გრანტის სახით გადმოცემული ტექნიკა, უკვე გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მისცემს საშუალებას მელიორაციის დეპარტამენტს, განახორციელოს სამინისტროს მიერ დასახული ამოცანები“, - განაცხადა შერვაშიძემ.