სკოლის პოლიტიზაცია მანდატურის ინსტიტუტით ხორციელდებოდა

სკოლის პოლიტიზაცია მანდატურის ინსტიტუტით ხორციელდებოდა

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, სკოლების შინაგანაწესის კონტროლს მანდატურები ვეღარ მოახდენენ. ასევე, მისი თქმით, შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ.


"საზოგადოების მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკვეთა იყო, რომ სკოლებში მომხდარიყო დეპოლიტაზაცია, რისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახლდათ მანდატურის სამსახური. მანდატურის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მანდატურის ფუნქციას გამოაკლდა სკოლების შინაგანაწესის კონტროლი, ასევე შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ. ეს მუხლი იძლეოდა მანიპულირების საშუალებას და იყო პედაგოგებზე ზემოქმედების ინსტრუმენტი. მანდატურების ფუნქცია ზოგადად არ არის შინაგანაწესის კონტროლი. განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლა და დისციპლინის დაცვა, მანდატურის სამსახური მთლიანად მიმართული იქნება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ. მისივე თქმით, გარკვეული ცვლილებები მზადდება სხვა მიმართულებითაც.


მანდატურის სამსახურის უფროსის,  ლევან აბაშიძის განცხადებით კი, სკოლებში მანდატურები დისციპლინარული დარღვევის ოქმს მასწავლებლებთან დაკავშირებით ვეღარ დაწერენ.


"აქამდე თუ მანდატურები დისციპლინარულ დარღვევის ოქმს ადგენდნენ მასწავლებლებზე, ეს აღარ მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, გაკვეთილი არ ჩატარდა ან მსგავსი რამ მოხდა, ისინი აცნობებენ ამას სკოლის ადმინისტრაციას და შემდეგ უკვე სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს. დისციპლინარული დარღვევის ოქმები მანდატურების მხრიდან მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე დაიწერება", - აღნიშნა ლევან აბაშიძემ.


სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებების მიხედვით, აღმოიფხვრება ერთგვარი ორხელისუფლებიანობა სკოლაში, რადგან მანდატურის სამსახური დაქვემდებარებული იყო მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე. ამდენად, სკოლაში გაურკვეველი იყო ურთიერთდამოკიდებულება მანდატურის სამსახურსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: