სტიქიით დაზარალებული ოჯახები იანვრიდან კომპენსაციას მიიღებენ

სტიქიით დაზარალებული ოჯახები იანვრიდან კომპენსაციას მიიღებენ

კახეთში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციების გაცემა 2013 წლის იანვარში დაიწყება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა.


დღეიდან თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში, ყვარელსა და ლაგოდეხში სოფლის მაცხოვრებლებისგან შემდგარმა კომისიებმა დაიწყეს მუშაობა. კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ სასოფლო-სამეურნეო ზარალს აღწერს.


„პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ სახურავებთან დაკავშირებით და ეს მუშაობა გრძელდება. მეორე ეტაპზე დავიწყეთ სასოფლო სამეურნეო ზარალის დადგენა. ამისათვის თითოეულ სოფელში შეიქმნება მაქსიმალურად წარმომადგენლობითი კომისია, არანაკლებ 7-10 კაცის შემადგენლობით, რომელშიც ჩაერთვებიან რწმუნებული და თვითმმართველობები. თითოეულ ოჯახზე შედგება აქტი, სადაც მოცემული იქნება, რამდენი ჰეტარი იყო დათესილი ან დარგული, რამდენ პროცენტიანი ზარალი იყო და ა.შ. მოსახლეობას ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნაკვეთების დაზიანებით მიღებული ზარალიც აუნაზღაურდება“, - განაცხადა შერგელაშვილმა.


შეგახსენებთ, 19 ივლისს, ქარბორბალას და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200–მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: