რამაზ საყვარელიძე: NDI-ის კვლევის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს.
როგორც მან „ივერიონს“ განუცხადა, აღნიშნულ ნაწილში რეალური შედეგებია წარმოდგენილი, რადგან კამათს ძირითადად, კვლევის პოლიტიკური ნაწილი იწვევს ხოლმე.
„აღნიშნული ჯგუფის წინა კვლევის შედეგები არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს თემატიკა დაახლოებით ასეა დალაგებული ყოველთვის. კერძოდ, უმუშევრობაა წინა ადგილზე და ა.შ. რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაც, დაახლოებით, 80%-ში იწვევს ხოლმე უკმაყოფილებას“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობით უკმაყოფილოა, რაც კვლევის შედეგებშიც აისახება.
„უმუშევრობა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს, რაც არაერთხელ დამტკიცდა და დღესაც არ კარგავს აქტუალობას“,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
NDI-ს მიერ ნოემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები სახელწოდებით "საზოგადოების განწყობა საქართველოში" პრეზენტაცია დღეს გამართა.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული რესპოდენტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის პირველ ადგილზე 56%-ით სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზე 35%-ით ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, შემდეგ ადგილებს კი, 29%-ით ტერიტორიული მთლიანობა, 28%-ით სიღარიბე, ხოლო 26%-ით პენსიები.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გამოკითხულთა 79%-ს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა არ მოსწონს, ხოლო 51%-მა არ იცის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი.