თეა წულუკიანი მელიას შეხვდა
საქართველოში მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში ტომას მელია საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს შეხვდა.
შეხვედრას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქეთრინ ნიუკომბიც ესწრებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება.
წულუკიანის თქმით, მხარეებმა ისაუბრეს პროკურატურაში და სხვა სამართალდამცავ თუ ძალოვან უწყებებში მიმდინარე პროცესებზე, ასევე საქართველოში რელიგიის თავისუფლების თემაზე.
"ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ წარმატებით ვწყვეტთ რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემას და რომ ეს არის აბსოლუტურად ახალი მიდგომა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, ახალი მთავრობის მიზანია, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, დატოვონ გამართული სისტემა, რათა სხვებმა წარმატებით გააგრძელონ მუშაობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტომას მელიას და ქეთრინ ნიუკომბს კომენტარი არ გაუკეთებიათ.