დავით გულუა: აფხაზური მხრიდან შერიგების მზაობა არსებობს!

დავით გულუა: აფხაზური მხრიდან შერიგების მზაობა არსებობს!

14 დეკემბერს ჭადრაკის სასახლეში ვეტერანთა სხვადასხვა ორგანიზაციის გაერთიანებას ეყრება საფუძველი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო for.ge-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გია ბერძენაძემ განაცხადა. 


მისი თქმით,  ვეტერანთა გაერთიანება  ვეტერანთა უფლებების და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. „ჩვენ გვინდა შევიდეთ პირდაპირ დიალოგში აფხაზებთან და ოსებთან, რისი გამოცდილებაც ჩვენს გაერთიანებაში მყოფ ადამიანებს ნამდვილად გააჩნიათ“, - განაცხადა გია ბერძენაძემ.


„ივერიონის“ მიერ დასმულ კითხვაზე, რამ განაპირობა ვეტერანთა გაერთიანების ჩამოყალიბება, გენერალმა დავით გულუამ უპასუხა: „გაერთიანების სურვილი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ჩვენი გაერთიანების შექმნას ხელს უშლიდა როგორც სააკაშვილის, ასევე მისივე წინამორბედის ხელისუფლება“.


დავით გულუას თქმით, დიალოგის წარმოება აფხაზურ და რუსულ მხარესთან შესაძლებელია, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, სახალხო დიპლომატიის წარმოების მზაობა წინა ხელისუფლებას არ ჰქონია.


„ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ახალ ხელისუფლებაზე, რადგან ვიცით პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. ჩვენი გაერთიანება შედგება სხვადასხვა დროს დაპირისპირებული მხარეებისგან, რაც იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შერიგება, როცა ამის კეთილი ნება იქნება! ეს სტიმულს მისცემს აფხაზური და ოსური მხარეების შემორიგებას. მით უმეტეს, მაშინ, როცა აფხაზური მხრიდან ამის მზაობა 1994 წლიდან არსებობს“, - განაცხადა დავით გულუამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: