საქართველომ და ლიტვამ 2013 წლის სამხედრო თანამშრომლობა დაგეგმეს
დღეს საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის შეხვედრა გაიმართა _ ლიტვის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლევან დოლიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მომავალი წლის თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან დოლიძემ ლიტველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით და საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ლიტველ სამხედროებს 2013 წელს სამთო კურსებში მონაწილეობა შესთავაზა.
„გამოცდილების გაზიარებას თავდაცვის ტრანსფორმირების კუთხით და საერთაშორისო ოპერაციებში ლიტვის მხარის ლოგისტიკურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სამხედრო უწყებისათვის“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.
დღესვე საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2013 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა ზილვინას ტომკუსმა მოაწერს.