ბიძინა ივანიშვილი: სახელმწიფოს სოციალურად დაუცველების დახმარების საშუალება არ აქვს!
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ბინის ქირის გადახდაზე უარს აცხადებენ და მუდმივი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
"ჩვენ რომ დღეს თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, ხვალ აქ თქვენზე 5-ჯერ მეტი ხალხი მოვა იგივე მოთხოვნებით. სახელმწიფოს ამ ეტაპზე მაგდენი შესაძლებლობა არ აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახებთან შეხვედრისას.
სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარი დედაქალაქის მერიამ გახარჯა, რის გამოც ისინი სოციალურად მძიმე პირობებში არიან.
"წინა ხელისუფლების შედეგია ჩვენს ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემა. ძალიან განვიცდი თქვენს მდგომარეობას და გითანაგრძნობთ, მაგრამ თქვენც უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ეხლა მოვედით და ამ პრობლემებს საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, უცებ ვერ მოვაგვარებთ", - განაცხადა ივანიშვილმა და ამასთან სოციალურად დაუცველებს დაჰპირდა: "გაძლევთ პირობას, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება".