მესის რეკორდს საფრთხე ემუქრება
ზამბიის ფეხბურთის ფედერაცია კალენდარულ წელიწადში გატანილი გოლების რაოდენობით ლიონელ მესის მსოფლიო რეკორდს არ აღიარებს. ფეხბურთის ადგილობრივი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ რეკორდი ზამბიელ ფორვარდ გოდფრი ჩიტალუს ეკუთვნის, რომელმაც, მათივე თქმით, 1972 წელს 107 გოლის გატანა შეძლო.
“ჩვენ შევქმენით სპეციალური კომისია იმისთვის, რომ მონაცემთა არქივი გადამოწმდეს. შედეგებს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასა და ფიფას წარვუდგენთ. გვინდა დავამტკიცოთ, რომ რეკორდი არ ეკუთვნის არც გერდ მიულერს და არც ლეო მესის”, – განაცხადა ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა მაიკლ მვაპემ.
ცნობისთვის, ჩიტალუმ 1968 წელს 81 გოლი გაიტანა, ოთხი წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა. ის ხუთჯერ გახდა ზამბიის საუკეთესო ფეხბურთელი, კარიერა კი 1982 წელს დაასრულა. ჩიტალუ 45 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.