შვეიცარიასთან თანამშრომლობა ღრმავდება
დღეს საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ივ როსიე ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძეც ესწრებოდა.
შვეიცარიულ მხარესთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. ასევე ისაუბრეს საქართველოს ახალი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობებზე, ინტეგრაციის კუთხით ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს.
კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაუსვეს ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზანშეწონილობასა და საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის რეგიონთაშორისი კავშირების დამყარების მნიშვნელობას. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველო-რუსეთს შორის მედიატორობის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის.
შვეიცარიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.