„ნიუ ენერჯი“ კოტრდება?!

„ნიუ ენერჯი“ კოტრდება?!

„ნიუ ენერჯი“ გაკოტრების რეჟიმში გადადის. ის სახელმწიფო დაკვეთების  შემსრულებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მილიონობით ლარის დავალიანების ფონზე ათეულობთ ტენდერის გამარჯვებულია. ამ ეტაპზე ყველა პროექტი შეჩერებულია.


„ნიუ ენერჯის“ დამფუძნებელი და მფლობელი ლუხუმ კაპანაძე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის კლასელია.


 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ  რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს ლუხუმ კაპანაძესთან, ყოფილმა პრემიერმა კომენტარი არ გააკეთა. 


ბიზნესმენ სერგო ბერიძის განცხადებით,  მერაბიშვილის ბიზნესინტერესების გამო მან ოთხწელიწადნახევარი ციხეში გაატარა: „ვიყავიმერაბიშვილისა და მისი ბანდის - ლუხუმი კაპანაძის, გელა გიგოლაშვილის, გიორგი გიგოლაშვილის, მამუკა მახარაძის და გულო შავაძის პირადი პატიმარი. ისინი მოკვლით და ტერიტორიის წართმევით მემუქრებოდნენ“, - განაცხადა ბერიძემ.


ყველაზე მსხვილი დაკვეთა „ნიუ ენერჯიმ“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. დევნილთა სახლების მშენებლობას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.  სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მხოლოდ ამ პროექტში კომპანიამ 7 მილიონ ლარზე მეტი მოგება ნახა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ანგარიში გამოაქვეყნა,სადაც აღნიშნულია, რომ 135 მილიონი ლარიდან 95 მილიონი „ნიუ ენერჯიმ“ მიიღო. სხვა კომპანიებს ერთი სახლის აშენებაში 26 000 ლარი, „ნიუ ენერჯის“ კი ყველაზე მეტი  28 200 ლარი გადაერიცხათ.


„ნიუ ენერჯის“ თემით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრიც დაინტერესდა. დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიას ვალდებულებები კერძო კომპანიების გარდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშეც დაუგროვდა. მილიონობით დოლარით სამშენებლო კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროც აზარალა.


„ნიუ ენერჯში“ კომენტარს არ აკეთებენ. დაცვის თანამშრომლების განცხადებით, მუშაობა დროებით  შეჩერებულია, ხელმძღვანელი პირები კი ადგილზე არ იმყოფებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: